ახალი ამბები

პროკურატურა მზადაა, მელიას პატიმრობის ნაცვლად, კვლავ გირაო მოითხოვოს

25 თებერვალი, 2021 • 1421
პროკურატურა მზადაა, მელიას პატიმრობის ნაცვლად, კვლავ გირაო მოითხოვოს

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი და გარკვეული პირობით პროკურატურა მზადაა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართოს შუამგდომლობით პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

“მიუხედავად სასამართლოს მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს ნიკანორ მელიასთვის გირაოს უზრუნველყოფის განსაზღვრული ვადის გასვლისა, ბრალდების მხარის ამოცანას წარმოადგენდა ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა — ის, რაც ნებისმიერი ბრალდებულის კანონისმიერი ვალდებულებაა. დამატებითი ვადის დაწესებით დაცვის მხარეს შეეთავაზა, რომ მიუხედავად ვადის გასვლისა, თუ მოხდებოდა გირაოს თანხის უზრუნველყოფა, ეს ქმედება ჩაითვლებოდა გირაოს პირობის შესრულებად და არ წარმოიქმნებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული  საფუძველი. ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.”, — განაცხადა გულუაშვილმა.

მან ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა.


20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები: აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი აქვს.

მელია გირაოს პარალელურად დაწესებულ სხვა დამატებითი შეზღუდვებს მანამდეც არღვევდა, თუმცა პროკურატურა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით სასამართლოში მის მიერ სამაჯურის მოხსნის მერე შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას 50 დღე განესაზღვრა დამატებითი გირაოს გადახდის ვადად, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დაეყენებინა.

მიმდინარე წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა  და “ნაციონალური მოძრობის” ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.

 

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი