ახალი ამბები

ვინ არის მოსამართლე, რომელიც მელიას აღკვეთის ღონისძიებას განიხილავს

17 თებერვალი, 2021 • 2734
ვინ არის მოსამართლე, რომელიც მელიას აღკვეთის ღონისძიებას განიხილავს

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.
საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება, გარდა გამონაკლისი წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული სისტემით, შემთხვევითი განაწილების პრინციპით ხდება.

ჩახნაშვილის გვარი ფიგურირებს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში. 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირს, მათ შორის, მაკო გომურს მან დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. მოქალაქეების დაზარალებულად ცნობას სასამართლოში საია ითხოვდა, რომელიც ამბობს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 16 პირი დაზარალებულად არ ცნო – საია

“თბილისის საქალაქო სასამართლომ მაშინ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის, მაია გომურის და სხვათა საჩივარი დაზარალებულად ცნობის თაობაზე, რადგან “დაზარალებულად ცნობისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სს საქმეში კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. ასევე, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს, ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი”.

ნინო ჩახნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ 2019 წლის ივლისიდან დაინიშნა, სადაც თელავის რაიონული სასამართლოდან გადმოიყვანეს და მას დაეწერა განსახილველად ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მაშინ ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ ჩახნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში კონკურსის გარეშე გადმოიყვანა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 2019 წლის 31 დეკემბერს ძალაში დატოვა აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა ნიკა რურუას მიმართ.

მან ასევე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს.

ნიკა მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მოსამართლის მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.

“მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გამოირჩევა 20 ივნისის საქმეებზე ხელისუფლების გასახარი გადაწყვეტილებების მიღებით. მან დააპატიმრა ბეჟან ლორთქიფანიძე, მორის მაჩალიკაშვილი და არაერთი სხვა “გავრილოვის” ღამის პატიმრები. დღევანდელი გადაწყვეტილებაც თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დაკვეთის შესაბამისი იქნება. რა დავალებასაც მიიღებს “ოცნების” ხელისუფლებისგან მურუსიძის კლანი, იმ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს ჩახნაშვილი”, – განუცხადა ბასილაიამ “ფორმულას”.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე — აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სავარაუდოდ, პირველად გამოყენებული პრაქტიკები მელიას საქმეში

მასალების გადაბეჭდვის წესი