უკრაინის პრემიერ მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში თავდასხმა მოხდა დედაქალაქის სამივე თბოელექტროცენტრზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე განაცხადა კიევში მდებარე მე-4 და მე-5 თბოელექტროცენტრებზე (ТЭЦ-4 და ТЭЦ-5) და კიევის ოლქის მე-6 თბოელექტროცენტრზე (ТЭЦ-6) დარტყმების შესახებ.

გარდა ამისა, კიევის პროკურატურის ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.

ღამით განხორციელებულ თავდასხმებზე განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმაც. მისი ცნობით, კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვში ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსებმა 39 ბალისტიკური რაკეტა, 120-ზე მეტი თავდასხმის დრონი და კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

ზელენსკის განცხადებით, ელექტროენერგიის გარეშე მინიმუმ 600 000 ადამიანი დარჩა, ზიანი მიადგა ენერგოსისტემის 26 ობიექტსა და ნავთობისა და გაზის სექტორის ოთხ ობიექტს.

„მიზანმიმართული რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმა კონკრეტულად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ – სწორედ იმ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვრცელდება“, – დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარტყმა სრულიად განზრახი და თავისი მასშტაბით დემონსტრაციულ ხასიათს ატარებდა- „რუსეთს აქამდე არასდროს გამოუვლენია ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა შეერთებული შტატების მიმართ“.

„ჩვენ ვთხოვთ ამერიკას და მსოფლიოში ყველას, ვინც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, რომ უპასუხონ – და უპასუხონ მკაცრად“, – დაწერა ზელენსკიმ.

მან აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ასევე სთხოვა, დააწესოს მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტს, რომელიც არეგულირებს ასეთ ზომებს.

ზელენსკი ასევე ითხოვს Patriot-ის სარაკეტო გამანადგურებლების დამატებით პაკეტებს უკრაინისთვის.