საქართველოს პროკურატურის ცნობით, 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა — გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, — წერია პროკურატურის განცხადებაში.
ცოტნე მირცხულავა იყო პირველი, რომელმაც ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალური ქსელით ჯერ კიდევ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა. სტუდენტი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი წერდა, რომ პროკურატურა მისთვის ბრალის წაყენებას აპირებდა.
„ის ამბავი ხომ გახსოვთ, ნიკა მელიას რომ თავს დაესხნენ სამტრედიაში? ჰოდა, სწორედ იმ ამბავზე ხვალ პროკურატურა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალს წამიყენებს.
პირდაპირ ეთერში, კამერების წინ მოხდა ყველაფერი. 2 წელია ამ საქმეზე არავინ დაუსჯიათ და ახლა თურმე პროკურატურამ ბრალი მე უნდა წარმიდგინოს.
სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. მთავარია, ბოლომდე მივიდეთ და გავიმარჯვოთ. ამ ამბავსაც აუცილებლად ტკბილად გავიხსენებთ“, — წერდა მირცხულავა.
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება რომ განახლდა, ცნობილი 4 აგვისტოს გახდა. ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ დაახლოებით 2 კვირით ადრე ნიკა მელიაც გამოიკითხეს ისე, რომ ადვოკატებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, სამტრედიაში ნიკა მელია კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა. რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი ნიკა მელიასთან მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა.
