ახალი ამბებისამართალი

მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 17 საათიდან შეიცვალა – კობახიძე

12 მარტი, 2021 •
მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 17 საათიდან შეიცვალა – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გიორგი გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 17 საათიდან შეიცვალა. ამის შესახებ კობახიძემ “ღამის კურიერში” ისაუბრა. მისი თქმით, მანამდე ექსპრემიერს ზუსტად ისეთივე პოზიცია ჰქონდა, როგორიც გუნდის სხვა წევრებს.

17 თებერვლის 17 საათი

“17 თებერვლის 17 საათმდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური, რაც გუნდის სხვა წევრებს ჰქონდათ, თუმცა, სამწუხაროდ, 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა”, – თქვა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ ახსოვს ასე მკაფიოდ 17 საათი, კობახიძე პასუხობს;

“ეს ზუსტად გვახსოვს იმიტომ, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როცა ეს კომუნიკაცია შედგა. მანამდე ყველა ერთ აზრზე იყო. [გახარიას მხრიდან] დაფიქსირდა პოზიცია თავდაპირველად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოპერაცია უნდა გადადებულიყო და შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე, რაც ჩვენთვის გაუგებარი იყო. არგუმენტი ჩვენთვის მყარი არ იყო, არგუმენტი იყო, რომ თითქოს 2 დღის შემდეგ ადამიანების კონცენტრაცია უფრო ნაკლები იქნებოდა, ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. 2 დღეში ადამიანების კონცენტრაცია პირიქით, გაიზარდა [ენმ-ის ოფისში], რამაც შედარებით გაართულა ოპერაციის ჩატარება”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ზუსტად იცოდნენ, მელიას დაკავების ოპერაცია განსაკაუთრებული გართულების გარეშე დასრულდებოდა.

რა ხდებოდა 17 თებერვლის 17 საათზე

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში  საათების განმავლობაში გრძელდებოდა ნიკა მელიას საქმის პროცესი, რომელსაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი უძღვებოდა. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტაცია და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მან ეს გააკეთა 22 საათის შემდეგ [გადაწყვეტილება დაახლოებით 22:20 საათზე გამოცხადდა], შესაბამისად, გარუკვეველია, რაზე დაყრდნობით მსჯელობდნენ “ქართული ოცნების’ ლიდერები მელიას დაკავების ოპერაციაზე თუ მის გადადებაზე, რის შესახებაც კობახიძე საუბრობს.

17 თებერვალს, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოცხადებული არ ჰქონდა, ჟურნალისტებმა ენმ-ის ოფისის სიახლოვეს, პოლიციის ერთ-ერთ ბაზაზე საპოლიციო რაზმების მობილიზაცია შენიშნეს, რის საფუძველზეც მელიას დაცვის მხარემ განაცხადა, რომ  მელიას პროცესი სასამართლოში მხოლოდ ფორმალობა იყო და მოსამართლეს დაგეგმილი ჰქონდა უკვე დაწერილი გადაწყვეტილების გამოცხადება. მათ ნინო ჩახნაშვილის საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თავის მხრივ შსს – მ განაცხადა, რომ მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იყო გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღე მოძრაობენ და იმ დროს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.

ირაკლი კობახიძეს დღეს ღამის კურიერში ჰკითხეს, ვის შორის იმართებოდა დისკუსია, სადაც მაშინდელმა პრემიერმა თავისი პოზიცია დააფიქსირა მელიას საპოლიციო ღონისძიებაზე. მისი თქმით, დისკუსია ძირითადად  “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრებს შორის მიმდინარეობდა.

კობახიძის თქმით, გიორგი გახარიასთან კომუნიკაცია პირადად მასაც ჰქონდა 18 თებერვლის დილას, სანამ ეს უკანასკნელი გადადგომის შესახებ განაცხადებდა.

“მე და გახარიას გვქონდა საუბარი მეგობრული ტონით. მას კვლავ იგივე პოზიცია ჰქონდა. მე გავუზიარე არგუმენტები’, – ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ მათი საუბრიდან 10 წუთის შემდეგ გახარიამ ბრიფინგი გამართა და გადადგომის შესახებ განაცხადა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ გახარიას გადადგომის შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო, თუმცა მინიშნებები მანამდეც დააფიქსირა.

კობახიძის თქმით, გადადგომის შემდეგ მას გიორგი გახარიასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია. მისივე ინფორმაციით, ექსპრემიერთან აღარ უსაბრიათ პარტიის პოლიტსაბჭოს სხვა წევრებსაც. კობახიძის განმარტებით, გახარია “ქართული ოცნების” გუნდის წევრი აღარ არის.

კობახიძის თქმით, “გარკვეული ეჭვები შეიძლება გვქონდეს”, თუ რატომ მიიღო გახარიამ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამაზე საუბარს ახლა მოერიდება. მისი თქმით, გახარია თავისი პოზიციის გასამყარებლად არგუმენტაციას არ ეყრდნობოდა.

როგორც ცნობილია, მელიას დაკავების ფაქტი არაერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ გააკრიტიკა. კობახიძის თქმით, ეს რეაქცია, რომელიც “დისკომფორტზე მეტი იყო”, მოსალოდნელიც იყო, რადგან ობიექტურად, გარედან რაღაცები სხვანაირად ჩანს, თუმცა, მისი თქმით, სასწორის მეორე მხარეს იდგა სახელმწიფოებრიობა და კანონის უზენაესობა.

საბოლოო ჯამში, ნიკა მელია 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დააკავეს. პოლიციამ გამთენიისას მიიტანა შტურმი ენმ-ის ოფისზე, სადაც მელიასთან ერთად იმყოფებოდნენ  ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები. სწორედ ენმ-ის ოფისში ათევდა ღამეს ნიკა მელია სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მის დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომაც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის დაეკისრა.

სასამართლო პროცესის მეორე დღეს, 18 თებერვალს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.

ამავე თემაზე გირჩევთ

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი