ახალი ამბები

“უკანონო თვალთვალი”: უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სუსის ყოფილი თანამშრომლის მონაყოლზე

22 მარტი, 2021 •
“უკანონო თვალთვალი”: უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სუსის ყოფილი თანამშრომლის მონაყოლზე

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუ, რომელიც აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით. სამართალდამცავი უწყებები არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა გამოძიება მის მონაყოლზე.

“მთავარი არხის” ცნობით, ეს ინტერვიუ ივანე/ვანო გულაშვილთან ჯერ კიდევ იმ დროს ჩაწერეს, როდესაც ეს უკანასკნელი დაკავებული არ იყო. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ინტერვიუს შემდეგ ის მალვე დააკავეს. “მთავარი არხის” ცნობით, გულაშვილი მათთვის  მამხილებელი ჩანაწერების გადაცემასაც აპირებდა, თუმცა, გარკვეული პირობებით. ტელეკომპანიის ცნობით, გულაშვილს სუს-ის ეშინოდა და ამის გამო ფრთხილობდა. “მთავარი არხის” თანახმად, ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 24 ნოემბერს, თუმცა ეს უკანასკნელი ამ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა. გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ამ ინტერვიუს გასაჯაროების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტვ პირველზე გავიდა სიუჟეტი სუსიდან ფარული ჩანაწერების გაჟონვის შესახებ, რა დროსაც ივანე გულაშვილის სახელიც ახსენეს.

ინტერვიუში, რომელიც 21 მარტს გაავრცელა “მთავარმა არხმა”, ივანე გულაშვილი ამბობს, რომ შსს-შია დასაქმებული, თუმცა ზუსტად არ იცის, რა პოზიციაზეა. გულაშვილის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტადაა გაფორმებული, თუმცა სინმადვილეში სხვა რამ ევალება, ის ეხმარება მე-7 განყოიფლებას, რომელიც ფარულ ჩანაწერებზე მუშაობს.

გულაშვილი 2019 წლის 24 ნოემბერს ამბობს, რომ დავალებებს მხოლოდ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძისგან იღებს, მანამდე მისი უფროსი ნიკოლოზ შარაძე იყო და მხოლოდ მისგან იღებდა დირექტივებს. შარაძე ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსია.

გულაშვილი ამბობს, რომ თავის დროზე  შარაძის დავალებით ე.წ. ატმეჩკებით სახლის კარების გაღების ტექნიკა ისწავლა და ამ გზით შედიოდა ფარული მოსასმენი აპარატურის დასამონტაჟებლად სხვადასხვა შენობაში.

“ბევრი ჩანაწერები მაქვს, რომლის გამოც შეიძლება მომკლან”, — აცხადებს ინტერვიუში გულაშვილი.

რაც შეეხება მის მოტივაციას, თუ რატომ გადაწყვიტა ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, დასძენს: “აღარ მინდა ასე ცხოვრება”.

ის ამბობს, რომ 2014 წელს თვალთვალისთვის საჭირო აპარატურა დაამონტაჟა დიღომში მდებარე ბინაში, სადაც თაროებზე განთავსებული ანა დოლიძის ფოტოები იცნო. ინტერვიუში აღწერს ბინას, რომელშიც დოლიძის სურათები ნახა. მთავარ არხთან საუბარში ანა დოლიძემ დაადასტურა, რომ ბინის აღწერილობა ემთხვევა დიღომში მდებარე მის სახლს.

ანა დოლიძის თქმით, ერთხელ მიიღო შეტყობინება, რომ თითქოს ჩაწერილია რაღაც კონფერენციაში, სადაც კორუფციულ გარიგებებზეა საუბარი. დოლიძის თქმით, მას ღიად აღარ დამუქრებიან შანტაჟით. იგი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, მისი შანტაჟი მაშინ ეცადათ, როდესაც პარტიას დააფუძნებდა და რეიტინგს აკრეფდა.

გარდა ამისა გულაშვილი ამბობს, რომ თავის დროზე კომპიუტერული ვირუსი შეიყვანა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ შეიხის, ვაგიფ ასკეროვის ლეპტოპში, რათა მისი პირადი ცხოვრების თვალთვალი ყოფილიყო შესაძლებელი. აკპეროვმა 2016 წელს განაცხადა, რომ 2013 წელს “მოდულის” შენობაში დაიბარეს და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პირდი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრნენ.

გულაშვილი ასევე აცხადებს, რომ მონაწილეობა მიიღო გიორგი რურუას კუთვნილ ავტომობილზე ფარულად გადაადგილების აღმნუსხველი მოწყობილოს დამონტაჟებაში.

გულაშვილის თქმით, ამ ყველაფერს აკეთებდა ხელმძრვანელების დავალებით.

ასევე, ინტერვიუში საუბრობს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე და დასძენს, რომ საბანაძის დავალებით დააზიანა აქციის ლიდერების მონიტორი, საიდანაც ოპოზიციონერები მოსახლეობას მიმართავდნენ, ამასთან, სხვა ოპერმუშაკებთან ერთად წაშალა პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ პარლამენტში იმ დროს მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ, რომლებსაც არ სურდათ სამომავლოდ კადრებში გამოჩენა.

მთავარი არხის ცნობით, გულაშვილი ამ ინტერვიუს ჩაწერიდან მალევე დააკავეს სახელმწიფო საიდუმლოს გაცემის ბრალდებით.

გულაშვილის შესახებ საუბარია ტვ პირველის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც სუს-იდან ფარული ჩანაწერების გაჟონვას ეხება. სიუჟეტში ნათქვამია, რომ მისი დაკავების საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. გულაშვილში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა შემდეგ საპროცესო გარიგება გაუფორმეს და 2-წლიანი რეალური პატიმრობა შეუფარდეს პირობით მსჯავრთან ერთად.

გულაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, თუმცა ოჯახი ფიქრობს, რომ ის მოკლეს. ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ციხეში მყოფი გულაშვილი და შეხვედრა სთხოვა. ციხეში ვიზიტისას კი მოუყვა, რომ ბაჩალიაშვილი სუს-თან თანამშრომლობდა და დავალებებს მეხსიერების ბარათებით გადასცემდნენ. მოგვიანებით რამიშვილის ეს ინფორმაცია გულაშვილის ადვოკატმა უარყო. მიხეილ რამიშვილის თქმით კი, გულაშვილმა უთხრა, რომ ის ელოდებოდა, პროკურატურა გაუფორმებდა თუ არა საპროცესო შეთანხმებას და სთხოვა, მისი მონაყოლი ჯერ არ გაესაჯაროებინა. ბაჩალიაშვილის ადვოკატის თქმით,  გულაშვილის ნათქვამი მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ამ უკანასკნელს პირველი ინსტანციის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საპროცესო შეთანხმება კი გულაშვილთან მოგვიანებით გაფორმდა.

გულაშვილის ადვოკატი დავით ხარატი ადასტურებს, რომ ივანე გულაშვილი სუს-ში მუშაობდა. ადვოკატის ცნობით, საქმე, რომლისთვისაც გულაშვილის სასჯელს იხდის, არ უკავშირდება “მთავარი არხის” ეთერში გასულ ინტერვიუს და სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

“ჩემთვისაც უცხო იყო, გუშინ რაც მოვისმინე, გაკვირვებული ვარ. წესით და რიგით, უნდა მოეყოლა ჩემთვისაც [რაზეც ინტერვიუში საუბრობს], თუმცა არაფერი უთქვამს. სულ სხვა რამე დააშავა და სულ სხვა რამის გამო არის ციხეში. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს და ვერ გეტყვით, რას ეხება, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გუშინ რაც გაჟღერდა, არანაირად არ ეხება. გუშინ ითქვა, რომ 24 ნოემბერს მისცა ინტერვიუ და რაზეც დააკავეს, 24 ნოემბრის შემდგომ პერიოდში ჩადენილი ქმედებაა”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” დავით ხარატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “მთავარი არხის” ეთერში გასულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას. სამართალდამცველ უწყებებში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და არ პასუხობენ კითხვას, დაიწყო თუ არა გამოძიება გულაშვილის მონაყოლთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი