ახალი ამბები

2012 წლამდე ხალხი ნატრობდა, ციხეში არ მოხვედრილიყო, დღეს მელია ციხიდან არ გამოდის – ოხანაშვილი

13 აპრილი, 2021 •
2012 წლამდე ხალხი ნატრობდა, ციხეში არ მოხვედრილიყო,  დღეს მელია ციხიდან არ გამოდის – ოხანაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ციხეში. მისი თქმით, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მელიას გათავისუფლება მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს.

“2012 წლამდე ხალხი ნატრობდა, რომ ციხეში არ მოხვედრილიყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი მოწინავე ნიკა მელია დღეს არ გამოდის ციხიდან. ეს განსაჯოს საზოგადოებამ”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში კი შეკრებილი არიან ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მელიას მხარდამჭერები.

სასამართლომ 17 აპრილამდე უნდა იმსჯელოს მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ აღკვეთის გადასინჯვაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი