“ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი საფრთხეშია”, – განაცხადა ევროპარლამენტარების ჯგუფმა პირველ აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ. კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში მედიაციის ორი წარუმატებელი რაუნდის შემდეგ დაბრუნდა, საქართველოში კი გრძელდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი და ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავებით გამწვავებული პოლიტიკური კრიზისი. თბილისსა და ბრიუსელში ჯერ არ იციან, გაგრძელდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით.
“ახირების განხილვაზე დროს აღარ დავკარგავთ”
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში მეორე ვიზიტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციისთვის კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. მედიატორის მიერ წარმოდგენილ ხუთპუნქტიან დოკუმენტს მოლაპარაკებებში მონაწილე არცერთმა მხარემ არ მოაწერა ხელი.
საქართველოდან გამგზავრებამდე მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ საქართველოში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მოხსენებას წარუდგენდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და სწორედ იგი გადაწყვეტდა, თუ როდის და რა იქნება შემდეგ ნაბიჯები. ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი მის მიერ ინიცირებული დიალოგის წარუმატებლობას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი პირველ აპრილს, ევროკავშირის პოზიციის გახმიანებამდე, მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს მასშტაბური პროექტების წარმოდგენას სოფლის მეურნეობის, ინფრასრუქტურისა და ეკონომიკის მიმართულებით და “არ ექნება დასაკარგი დრო უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად”.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ მმართველი გუნდი თანახმაა, ოპოზიციასთან საუბარი ნებისმიერ რეჟიმში განაახლოს, თუ ეს უკანასკნელი “თანახმა იქნება ევროპელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ პირობებზე”.
“სხვა შემთხვევაში, ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა დაგროვილი და არა მათ მიერ მოგონილი კრიზისი”, — თქვა მდინარაძემ.
რას ელის ოპოზიცია?
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი, რომელიც კრისტიან დანიელსონთან შეხვედრებში მონაწილეობდა, ფიქრობს, რომ ევროკავშირი ახლა “პაუზას აიღებს”, ოპოზიცია კი, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციებზე, მეორე მხრივ კი, დასავლელ პარტნიორებთან იმუშავებს, რათა ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდეს.
“უკანასკნელ შეხვედრაზე მედიატორის მონაწილეობით,“ქართულმა ოცნებამ” ნათელი გახადა, რომ მათ არ სურდათ არანაირი შეთანხმების მიღწევა და, შესაბამისად, არ მიკვირს პრემიერ-მინისტრის განცხადება. მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის, ღარიბაშვილი და ხელისუფლება აკეთებენ საპირისპიროს, — რაც აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, ზრდის პოლარიზაციას და პირდაპირ ასრულებს იმ პოლიტიკას, რაც სურს, რომ გაატაროს რუსეთმა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები აქედან დასკვნას გააკეთებენ და ვნახოთ… თუ გაიზრდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, მათ მოუწევთ პოზიციების გადახედვა, შესაბამისად, განიხილავენ მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენი მხრიდან არასდროს არ გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სამადაშვილმა.
მისი აზრით, ევროკავშირი მის შიგნით განიხილავს ვითარებას, შეათანხმებს საკითხებს და შემდეგ გადაწყვეტს, ღირს თუ არა მოლაპარაკებების გაგრძელება.
“მე ვფიქრობ, აშშ-დანაც და ევროპიდანაც გაიზრდება ზეწოლა ხელისუფლებაზე. რაც შეეხება ოპოზიციას, ვაპირებთ, რომ უახლოეს მომავალში გავაძლიეროთ მუშაობა, მათ შორის ამ მიმართულებით, რომ გავზარდოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირებეებისგან და ასევე, მობილიზაცია გავუკეთოთ საზოგადოებრივ აზრს”, – ამბობს სამადაშვილი.
რას აპირებს ევროკავშირი?
“ევროკავშირს არსად ეჩქარება”, — ამბობს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლვების ცენტრის დირექტორი.
“არაერთი წლობით გადაუწყვეტელი კონფლიქტი და უამრავი კრიზისული საკითხია, რომელშიც ევროკავშირი მონაწილეობს. საქართველო ერთ-ერთი ასეთი საკითხია. რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის მნიშვნელვანი იქნებოდა საქართველოში კრიზისის დროულად მოგვარება, მაგრამ მას აქვს რესურსი, დაიცადოს, შეხედოს, რა გამოვა”, – ამბობს გოგოლაშვილი.
ის ფიქრობს, რომ თუ სწრაფი პროგრესი არ მიიღწევა, ევროკავშირი მაინც შეეცდება, გააგრძელოს მედიაცია, თუმცა თვლის, რომ ბრიუსელმა სტრატეგია უნდა შეცვალოს.
“ჩემი აზრით, ევროკავშირის მხარემ დაუშვა ტაქტიკური შეცდომა მოლაპარაკებებში. არ შეიძლება შეიმუშაო რაღაც დოკუმენტი, დადო მაგიდაზე და თქვა, რომ მოაწერეთ ხელი. წინაწარ უნდა იყოს ნიადაგი მოსინჯული და საკითები გავლილი. როგორც ჩანს, ეს არ მოხდა და შეთანხმებისთვის ორივე მხარე მოუმზადებელი აღმოჩნდა. ევროკავშირმა ეს მიდგომა უნდა შეცვალოს. არცერთი პრინციპული საკითხი, რომელსაც ორივე მხარე აყენებს, არ შეიძლება ამოღებული იქნას შეთანხმების ტექსტიდან. კომპრომისების ძიებას სწორედ იქ უნდა ეცადონ, სადაც ყველაზე რთულია. ყველაზე სენსიტიური საკითხების უბრალოდ ამოღება კონტრპროდუქტიული გამოდგა. ეს პოზიცია ევროკავშირს, წესით, უნდა სცოდნოდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გოგოლაშვილმა.
ორ ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე, რომელშიც ვადამელი არჩევნები და პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლება იგულისხმება, გოგოლაშვილის აზრით, შეიძლება შედგეს შეთანხმება ორივე მხარის კომპრომისის ხარჯზე. გოგოლაშვილის აზრით, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა, ერთი მხრივ, ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის წინაშეა, მეორე მხრივ კი, რეგიონში რუსეთის როლი სულ უფრო იზრდება ყარაბაღის ომის შედეგად და რუსეთ-თურქეთის დაახლოების ხარჯზე, ევროინტეგრაციის პროცესში უკუსვლა საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელია.
“წარმოიდგინეთ, 2-ჯერ ჩამოვიდა ევროკავშირის წარმომადგენელი და მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ამ ვითარებაში კონსენსუსი ჩვენს ევროპულ პერპექტივას ძალიან დიდ იმპულსს შემატებდა, მაგრამ როცა ამდენი ძალისხმევა იხარჯება და მაინც ერთ ადგილზე ვართ გაყინული, ეს მხოლოდ გვაკლებს ქულებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. 2024 წელს რომ ვაპირებთ განაცხადის შეტანას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორ გვინდა მივიღოთ პოზიტიური პასუხი და ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭონ? პირველი, რაც ამოტივტივდება, იქნება ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ვერანაირად ვერ მოგვარდა, ე.ი. დემოკრატიის დონე დაბალი, პოლარიზაცია მაღალი, მიუღებელია, სარისკო იქნება მათთვის ასეთი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება”, – ამბობს გოგოლაშვილი.
“ქართული ოცნების” მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ 2024 წელს ევროკავშირს ოფიციალური განაცხადით მიმართავს გაწევრიანების შესახებ. ევროკავშირმა უნდა გადაწეყვიტოს, მიანიჭებს თუ არა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიელსონის მუშაობას, აღნიშნეს, რომ მედიატორის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის შინაარსი სწორ მიმართულებას იძლევა საქართველოსთვის: “ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან დანაწილებას პარლამენტში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის გადაწყვეტის გზას”.
საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარების განცხადება მიუთითებს, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა და განგრძობითი კრიზისი რისკის ქვეშ აყენებს საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს. დეპუტატებმა ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში დაადანაშაულეს როგორც “ქართული ოცნება”, ისე ოპოზიციური პარტიები, თუმცა თქვეს, რომ “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას”.
დეპუტატები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირთან საქმის ძველებურად გაგრძელებას არ უნდა ელოდონ და ქვეყანას დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერებითაც დაემუქრნენ. მათი განცხადების თანახმად, “ევროპარლამენტი გამოვა მოწოდებით, დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“.
რა არის EU-ს მაკროფინანსური დახმარება?
მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის გაფართოების კანდიდატ და სამეზობლო ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიან ჩართულობას წარმოადგენს და კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობების შესრულების გათვალისწინებით. ქვეყნების მიერ მაკროფინანსური დახმარების მიღება, ასევე, დამოკიდებულია იმ პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.
2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო.
მაკროფინანსურ დახმარებასთნ ერთად, ევროკავშირი სამეზობლო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მხარს უჭერს რამდენიმე სხვა ინსტრუმენტის საშუალებით, მათ შორისაა ჰუმანიტარული დახმარება, ბიუჯეტის მხარდაჭერა, თემატური პროგრამები და ტექნიკური დახმარება, შერეული ინსტრუმენტები და კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ინვესტიციების მხარდამჭერი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის გარანტიები.
ევროპარლამენტარებისა და აშშ-ის მეტი ჩართულობის პერსპექტივა
ევროპარლამენტარები, კრისტიან დანიელსონის მედიაციის გარდა, მხარს უჭერენ ევროპარლამენტთან „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნის იდეას. ამ ინიციატივას მოიცავდა დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული წინადადებებიც. ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგის ინსტრუმენტია. ამ ფორმატის გააქტიურება ნიშნავს ევროპელი კანონმდებლობის მეტ ჩართულობას საქართველოს კრიზისის მედიაციაში.
პარალელურად საუბრობენ შეერთებული შტატების მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე კრიზისის მოგვარებაში. ამ დრომდე აშშ მოლაპარაკებებში ჩართული იყო მხოლოდ ელჩ კელი დეგნანის დონეზე.
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, რომელიც 2014 წლიდან აღარ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და ჯეიკ სულივანის (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლი) უფრო მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ერთობლივ სტატიაში წერენ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირისეული მცდელობა აშშ-მა უნდა გააძლიეროს და საამისოდ ერთ-ერთ გზად ასახელებენ „სანქციების დაწესებაზე მინიშნებას“.
ამასთან, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების წინაპირობების დაწესებაზე საუბარი განახლდა ვაშინგტონში.
სენატორმა ჯიმ რიშმა ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში მოსმენისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, უნდა განიხილოს თუ არა აშშ-მა გარკვეული წინაპირობების დაწესება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის.
“საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება [დახმარების პირობების დაწესება], მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს”, – განაცხადა რიშმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ჩავარდნის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს.
“მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ-ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
“აშშ იმდენად იყო დისტანცირებული პრეზიდნეტ ტრამპის დროს, რომ ახლა გარკვეული დრო სჭირდება ევროპაში დასაბრუნებლად. ბლინკენს პირველი ვიზიტი ჰქონდა ევროპაში და ცდილობს, ევროპელ და ნატოში პარტნიორებთან აღადგინოს ურთიერთობები. მე მგონია, რომ გარკვეული დრო დასჭირდება, ჩვენამდე მოვიდეს. ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია ევროკაშირის მედიაცია, — აშშ-ს უფრო მასშტაბური ხასიათის ამოცანები აქვს, ვიდრე პატარა საქართველოში ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში უფრო აქტიურად ჩაერიოს შეერთებული შტატებიც”, – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.
საქართველოს საკითხზე მორიგი მსჯელობა ევროკავშირში, სავარაუდოდ, 19 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე გაიმართება.