ახალი ამბები

EESC საქართველოს მოუწოდებს, არ მიიღოს დისკრიმინაციული კანონი

24 აპრილი, 2024 • 705
EESC საქართველოს მოუწოდებს, არ მიიღოს დისკრიმინაციული კანონი

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტი ოლივერ რიოპკე და EESC-ის საგარეო ურთიერთობების განყოფილების პრეზიდენტი დიმიტრი დიმიტრიადისი განცხადებას ავრცელებენ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით.

კომიტეტის ხელმძღვანელი პირები შეშფოთებული არიან „ამ დისკრიმინაციული ინიციატივით, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის დამსაქმებელთა ასოციაციების, პროფკავშირებისა და მედიის მიმართ“.

„კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშკარა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მომავალ კვირაში დამტკიცების შემთხვევაში, შემოთავაზებულმა კანონპროექტმა შეიძლება შეაფერხოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, მოახდინოს მათი სტიგმატიზაცია და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება“, — ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უპასუხოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და მომავალ კვირას არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციაში.

EESC არის საკონსულტაციო ორგანო 329 წევრით, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის ეკონომიკური და სოციალური ინტერესების ჯგუფებს. კომიტეტის წევრებს წარადგენენ ეროვნული მთავრობები და ინიშნებიან ევროკავშირის საბჭოს მიერ 5-წლიანი უფლებამოსილების განახლებადი ვადით.

მიმდინარე წლის 15 თებერვალს ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა (EESC) ოფიციალურად დაიწყო ახალი ინიციატივა, რომლის მიზანიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საკუთარ საქმიანობაში ჩართვაა.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა სამოქალაქო საზოგადოების 131 ექსპერტი, რომლებიც „გაფართოების კანდიდატი წევრები“ (ECMs) გახდნენ. შედეგად, EESC იქცა ევროკავშირის პირველ ინსტიტუტად, რომელმაც თავისი კარი კანდიდატ ქვეყნებს გაუღო. უშუალოდ საქართველოდან ინიციატივაში ჩაერთო 15 ექსპერტი. შერჩეული წევრების სრული სიის ხილვა ამ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.

ECM საპილოტე პროექტია, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს (დამსაქმებლებს, პროფკავშირელებს და სხვებს) საშუალებას აძლევს, ჩაერთონ EESC-ის საკონსულტაციო საქმიანობაში. ამგვარად, ისინი მონაწილეობას მიიღებენ EESC-ის შერჩეული მოსაზრებების მომზადების პროცესში და რელევანტურ სასწავლო ჯგუფებში, სექციურ შეხვედრებსა თუ EESC-ის პლენარულ სესიებში. ამასთან, ცალკეული მოსაზრების მომზადების პროცესში თითოეული კანდიდატი ქვეყნიდან მთლიანობაში სამი „გაფართოების კანდიდატი წევრი“ ჩაერთვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი