აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ჩავარდნის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის.
“ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას”, — ამბობს კენტი.
მისი თქმით, საქართველოსთვის სასწორზე დევს იმ მომავლის გაგრძელება, რომლის შესახებაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ.
“რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინსვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს სჭირდება ძირეული საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმები. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის”, — ამბობს ის.
შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ ქევყანაში დემოკრატიის ხარისხი არ გაიზარდა იმ ფონზე, როცა პოლიტიკური დაპირისპირება უკვე თვეებია გრძელდება, ჯორჯ კენტმა თქვა:
“პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რაც მოსმენაზე სენატორ რიშს ვუთხარი. მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ-ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების- რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, ისინი მოლაპარაკების დასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს”, — აცხადებს ჯორჯ კენტი.