ახალი ამბები

ნამახვანი ჰესის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის – მიტროპოლიტი იოანე

23 ნოემბერი, 2020 • 1905
ნამახვანი ჰესის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის – მიტროპოლიტი იოანე

“ნამახვანი ჰესის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის”, – ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის (გელათის) ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე რიონის ხეიბაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის საკითხს. ამის შესახებ მიტროპოლიტმა დღეს, 23 ნოემბერს განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული პროექტი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში დამტკიცდა და მოსახლეობას პროტესტი სწორედ მაშინ უნდა გამოეთქვა და არა ახლა:

“მე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც წინა ხელისუფლების დროს ეს მიწა გაიყიდა და ეს პროექტი დამტკიცდა, მაშინ უნდა მიეღოთ ზომები, მაგრამ მაშინ ციხეში აღმოჩნდებოდნენ ეს ბიჭები, დღეს რომ დადიან თავისუფლად”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

თუმცა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა, ინვესტორის შერჩევის მიზნით, ფონდმა 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 16 იანვარს კი ფონდმა გამარჯვებულ კომპანიად “CLEAN ENERGY GROUP GEORGIA” LLC (გადარქმეული სახელი: შპს „ენკა რინიუებლზ“) გამოაცხადა. ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და “ენკა რინიუებლზს” შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა.

“აქტივების მიწოდების შემდეგ, GEDF თავის შვილობილ კომპანია სს “ნამახვანთან” ერთად ვალდებულია დაეხმაროს ინვესტორს განახლებული მშენებლობის ნებართვის მიღებაში. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის ღირებულების ჩარიცხვა ხდება ინვესტორის მიერ განახლებული მშენებლობის ნებართვის მიღების შემდგომ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლა და განახლებული მშენებლობის ნებართვის მიღება დაგეგმილია 2020 წლის განმავლობაში”, – წერია ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ ნამახვანი ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


ნამახვანი ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს უკვე 29-ე დღეა, რაც მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვს გაშლილი.

მდინარე რიონის ხეობის ერთ-ერთი მცხოვრების და ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის ვარლამ გოლეთიანი თქმით, 25 ოქტომბერს კარვები ისეთ ადგილას გაშალეს, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს, სხვა ტერიტორიიდან იქ გადაინაცვლეს, სადაც უშუალოდ სამუშაოები გრძელდებოდა. კარვების დადგმამდე კი, 29 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გამართეს და მშენებლობის ადგილას ჯვარიც აღმართეს. კონკრეტულ ტერიტორიამდე ჯვრის ატანის პროცესში მათ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციამ, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობამ ჯვრის აღმართვა მაინც მოახერხა. აღნიშნული ტერიტორიიდან კომპანია “ენკა რინიუებლზმა” ტექნიკა მეორე დღეს, 30 ოქტომბერს გაიყვანა.

მოსახლეობამ და აქტივისტებმა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია 14 ნოემბერსაც გამართეს და ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. როგორც გოლეთიანმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, აქციის მონაწილეები ერთმანეთზე ჯაჭვით იყვნენ დაკავშირებული, რა დროსაც პოლიცია მათ “მიაწვა” და ხალხი წაიქცა.

“შეგვდგნენ პოლიციელები ზემოდან. მათ შორის წიხლებიც ურტყეს ვიღაცებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოლეთიანმა. მისი თქმით, 200- კაციანი აქციის დაშლაში დაახლოებით 100 პოლიციელი მონაწილეობდა.

ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სოფელ ჟონეთში 22 ნოემბერსაც გაიმართა.

ამასთან, 19 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული წუხილი გადაჭარბებულია, რადგან “პროექტი ძალიან კარგად არის გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით და სახელმწიფო “ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.

 

საქართველოში დაგეგმილი ჰესების რუკა

მასალების გადაბეჭდვის წესი