ახალი ამბები

პროტესტი ჟონეთში: ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით [ფოტო]

22 ნოემბერი, 2020 • 2923
პროტესტი ჟონეთში: ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით [ფოტო]

დღეს, 22 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფლებს, ჟონეთსა და ტვიშს შორის, მდინარე რიონზე იგეგმება. ნამახვანი ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და დინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს.

ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობას შეუერთდნენ ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


ნამახვანი ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს უკვე 28-ე დღეა, რაც მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვს გაშლილი. გოლეთიანის თქმით, 25 ოქტომბერს კარვები ისეთ ადგილას გაშალეს, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს, სხვა ტერიტორიიდან იქ გადაინაცვლეს, სადაც უშუალოდ სამუშაოები გრძელდებოდა. კარვების დადგმამდე კი, 29 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გამართეს და მშენებლობის ადგილას ჯვარიც აღმართეს. კონკრეტულ ტერიტორიამდე ჯვრის ატანის პროცესში მათ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციამ, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობამ ჯვრის აღმართვა მაინც მოახერხა. აღნიშნული ტერიტორიიდან კომპანია “ენკა რინიუებლზმა” ტექნიკა მეორე დღეს, 30 ოქტომბერს გაიყვანა.

მოსახლეობამ და აქტივისტებმა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია 14 ნოემბერსაც გამართეს და ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. როგორც გოლეთიანმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, აქციის მონაწილეები ერთმანეთზე ჯაჭვით იყვნენ დაკავშირებული, რა დროსაც პოლიცია მათ “მიაწვა” და ხალხი წაიქცა.

“შეგვდგნენ პოლიციელები ზემოდან. მათ შორის წიხლებიც ურტყეს ვიღაცებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოლეთიანმა. მისი თქმით, 200- კაციანი აქციის დაშლაში დაახლოებით 100 პოლიციელი მონაწილეობდა.

ამასთან, 19 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული წუხილი გადაჭარბებულია, რადგან “პროექტი ძალიან კარგად არის გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით და სახელმწიფო “ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი