ახალი ამბები

ნამახვან ჰესის შესახებ წუხილი გადაჭარბებულია – თურნავა

19 ნოემბერი, 2020 • 1433
ნამახვან ჰესის შესახებ წუხილი გადაჭარბებულია – თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული წუხილი გადაჭარბებულია. ამის შესახებ თურნავამ დღეს, 19 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“პროექტი ძალიან კარგად არის გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვთ. ნებართვა გაცემულია და ის ფაქტი, რომ ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ, ხელისუფლება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ვეკიდებით მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.

ამიტომ, ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული დასაბუთების საფუძველზე და ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვეწევით. აქედან გამომდინარე, რაიმე წუხილი ამასთან დაკავშირებით ნამდვილად გადაჭარბებულია”, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, ინვესტორი “ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან”, ამის მაგალითად კი თურნავამ მიწების შეთანხმებული გამოსყიდვა, მოსახლეობისთვის კომპენსაციების გადაცემა და კომპანიის მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელება დაასახელა.

ასევე, თურნავას თქმით, ნამახვანი ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის დასაქმებული. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტი “პიკზე” დაასაქმებს საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს, უპირველესად კი დასაქმდება ადგილობრივი მოსახლოება.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის და აქტივისტების პროტესტს ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, თურნავამ განაცხადა, რომ “ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი” და მსგავსი “ექსცესები თან ახლავს მსხვილ პროექტებს”.

“როდესაც დიდი პროექტი ხორციელდება, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს გარემოზე, საკმაოდ რთული ინჟინერია გააჩნია და სამშენებლო დიზაინი, არის ხოლმე კითხვები, არის ხოლმე გარკვეული პროტესტის გამოხატულება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით, ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება იმიტომ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით”, – განმარტა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებას ტრაფარეტულს და ცალმხრივს უწოდებს მდინარე რიონის ხეობის ერთ-ერთი მცხოვრები და ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი. მისი თქმით, არასწორია სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადებები იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აქტიურად აპროტესტებს ჰესის მშენელობას და მათთან პირადი საუბრების გარეშე ხელისუფლება მხარს უჭერს მხოლოდ კომპანიას.

“როდესაც არის ამ ტიპის პროექტზე საუბარი, რომელიც პრაქტიკულად ეხება ამდენ მოსახლეს და მოსახლეობას ამაზე განსხვავებული აზრი აქვს, ხელისუფლება მხარეს არ უნდა წარმოადგენდეს. თუ მართლა რაღაცის გაკეთება და სიკეთის მოტანა უნდათ ქვეყნისთვის, სხვაგვარად უნდა იყვნენ ჩართული ამ საკითხში. სამი წელიწადია [ხელისფულება] იძახის, რომ კარგია ეს პროექტი, საჭიროა და იმის იქით არ ინტერესდებიან არაფრით, რეალურად რა ხდება, რა წინაპირობები იყო, რატომ ამბობდა ეს ხალხი უარს ამ ჰესზე. შეუძლია [თურნავას] სადღაც ბრიფინგზე რაც უნდა, ის ილაპარაკოს და ლაპარაკობს.

ისე გამოჰყავთ, თითქოს ჩვენ გამიჯნულები ვართ, ვინც წინააღმდეგობას ვუწევთ პროექტს და გავა ცოტა ხანი და განიმუხტება ესეც და თითქოს ამას არაუშავს. კითხვებზე პასუხებს არ სცემს და ტრაფარეტული ფრაზებით შემოიფარგლება. თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ რატომ არ აგრძელებს კომპანია მუშაობას, რატომ ვერ გვაჩვენებენ იმ საბუთებს, რასაც ვითხოვთ?”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოლეთიანმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხირდან პროექტის დაწყების დღიდან მოსახლეობასთან საუბარი არ ყოფილა და თურნავას განცხადება მედიაციასთან დაკავშირებით რეალური არ არის.

“26-ე დღეა აქ ვარ [ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს მშენებლობის ადგილას კარვები აქვს გაშლილი], რა მედიაციაზეა საუბარი, არავინ გამოსულა ჩვენთან სალაპარაკოდ. გასაპროტესტებლად გამოვედით, გზა გადავკეტეთ და ისიც დაგვარბია პოლიციამ. ეს იყო მათი მედიაცია. გადაგვიგრიხეს ხელები ძალისმიერი მეთოდებით. რეალურად პროტესტის აზრი კი არ აინტერესებს [თურნავას], რეალურად ჩვენ რას ვამბობთ, უყურებს ისე, რომ “არის რაღაც პროტესტი, რაღაც შეკრება. ეს ხალხი წელავს დროს და მერე ჩვეულებრივად დაიშლებიან”, ამ რანგში გვხედავს”, – განმარტა გოლეთიანმა.

მისი განცხადენით, ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, მათ შორის, ამინდების გაუარესების მიუხედავად, ისინი კვლავ გეგმავენ კონკრეტულ ადგილებში კარვებით დარჩენას და სხვადასხვა დროს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვას.

რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, გოლეთიანის თქმით, თურნავამ, სავარაუდოდ, “ენკა რინიუებლზის” მიერ პროექტის დასაწყის ეტაპზე ადგილობრივი სოფლების სკოლებში სხვადასხვა პროდუქტისა და წიგნების დარიგება იგულისხმა, თუმცა გოლეთიანი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობა იყო.


ნამახვანი ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს უკვე 26-ე დღეა, რაც მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვს გაშლილი. გოლეთიანის თქმით, 25 ოქტომბერს კარვები ისეთ ადგილას გაშალეს, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს, სხვა ტერიტორიიდან იქ გადაინაცვლეს, სადაც უშუალოდ სამუშაოები გრძელდებოდა. კარვების დადგმამდე კი, 29 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გამართეს და მშენებლობის ადგილას ჯვარიც აღმართეს. კონკრეტულ ტერიტორიამდე ჯვრის ატანის პროცესში მათ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციამ, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობამ ჯვრის აღმართვა მაინც მოახერხა. აღნიშნული ტერიტორიიდან კომპანია “ენკა რინიუებლზმა” ტექნიკა მეორე დღეს, 30 ოქტომბერს გაიყვანა.

მოსახლეობამ და აქტივისტებმა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია 14 ნოემბერსაც გამართეს და ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. როგორც გოლეთიანმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, აქციის მონაწილეები ერთმანეთზე ჯაჭვით იყვნენ დაკავშირებული, რა დროსაც პოლიცია მათ “მიაწვა” და ხალხი წაიქცა.

“შეგვდგნენ პოლიციელები ზემოდან. მათ შორის წიხლებიც ურტყეს ვიღაცებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოლეთიანმა. მისი თქმით, 200- კაციანი აქციის დაშლაში დაახლოებით 100 პოლიციელი მონაწილეობდა.

საქართველოში დაგეგმილი ჰესების რუკა

მასალების გადაბეჭდვის წესი