საზოგადოება

ქუთაისში კათოლიკე მომლოცველები ყოფილ კათოლიკურ ტაძარში არ დაუშვეს, ტერიტორიას ლენტი შემოარტყეს

6 ოქტომბერი, 2022 • 1768
ქუთაისში კათოლიკე მომლოცველები ყოფილ კათოლიკურ ტაძარში არ დაუშვეს, ტერიტორიას ლენტი შემოარტყეს

ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს რელიგიური რიტუალის შესრულებისას ყოფილ კათოლიკურ, ამჟამად კი მართლმადიდებლური ტაძრის ეზოში შესვლის ნებართვა არ მისცეს, ეკლესიის ეზო კი ლენტებით შემოღობეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა

სამშაბათს, 4 ოქტომბერს, ვატიკანის ელჩის ხელმძღვანელობით, ქუთაისში გაიმართა ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების მიმლოცველობის რიტუალი. მსვლელობის ფარგლებში კათოლიკე მომლოცველები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მართლმადიდებლურ ტაძართანაც მივიდნენ, რომელიც წარსულში კათოლიკური ეკლესია იყო, თუმცა ტერიტორია ლენტით შემოსაზღვრული დახვდათ.

როგორც ქუთაისში კათოლიკე ეკლესიის წინამძღვარი, გაბრიელ ბრაგანტინი უყვება ნეტგაზეთს, ლენტის გარდა ადგილზე დახვდათ ავტომანქანებით ჩაკეტილი ტერიტორია, ასევე იქ იყვნენ სასულიერო პირები და ახალგაზრდა კაცებიც, რომლებიც, მისი ვარაუდით, ეკლესიასთან ლოცვისთვის არ შეკრებილან.

ბრაგანტინი ამბობს, რომ ასეთი დახვედრა მათთვის შეურაცხმყოფელია, რადგან წინასწარ ესაუბრა მიტროპოლიტ იოანეს, რომელმაც ტაძარში შეშვებასთან დაკავშირებით თხოვნაზე უარი უთხრა, რაზეც ბრაგანტინი დათანხმდა.

“რა საჭირო იყო ასეთი დემონსტრაცია, მანქანები და ლენტები, როცა ჩვენი მხრიდან იყო მიცემული სიტყვა, რომ იქ არ შევიდოდით”, – ამბობს ბრაგანტინი.

გაბრიელ ბრაგანტინი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ქუთაისში მსვლელობის რიტუალის ფარგლებში წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ კათოლიკეებისთვის მნიშვნელოვან ხუთ ადგილზე შეჩერება, მათ შორის იყო აღნიშნული ეკლესიაც, თუმცა მიტროპოლიტისგან უარის მიღების შემდეგ გადაწყდა, რომ ტაძრის ტერიტორიაზე შესვლის გარეშე ჩაივლიდნენ იმ ქუჩაზე, სადაც ეს ეკლესია მდებარეობდა. მისი თქმით, ეკლესიასთან მცირე ხნით გაჩერება და ლოცვის გაგრძელება გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც შენიშნეს იქ არსებული ვითარება:

“ჩვენ გეგმაში გვქონდა იმ გზაზე გავლა, რადგან ეს იყო ჩვენი მიმლოცველობის მარშრუტი, მაგრამ ტაძრის ეზოში შესვლას არ ვაპირებდით. მარშრუტში პირველ შეჩერებად განსაზღვრული გვქონდა ფალიაშვილის მუზეუმი, რომელიც ძალიან ახლოს არის ეკლესიასთან. მსვლელობისას [ელჩმა] დაინახა მანქანები და ლენტები და გვითხრა, გაჩერდითო. ჩვენ გავჩერდით 5 წუთი, ვილოცეთ და შემდეგ შევედით ფალიაშვილის მუზეუმის ეზოში”, – განმარტა ბრაგანტინიმ.

მისი თქმით, კათოლიკეები აღნიშნულ ტაძარში წელიწადში ორჯერ, მცირე ხნით სალოცავად ეპისკოპოსის ნებართვით შედიან ხოლმე.

თუმცა ამჯერად პორტუგალიიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოტანილი ქანდაკებით ეკლესიის ეზოში შესვლაზე კათოლიკე მრევლს უარი განუცხადეს. კათოლიკე სასულიერო პირის თქმით, მიტროპოლიტმა იოანემ ამის მიზეზად ეკლესიის სახურავიდან ქვების ცვენა დაუსახელა და თქვა, რომ იქ შესვლა საშიში იქნებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, 4 ოქტომბრის საღამოს იქ მაინც იყვნენ შეკრებილი მღვდლები, ამასთან, ბრაგანტინის მტკიცებით, ლენტი არ დახვედრიათ არც მსვლელობის წინა და არც მომდევნო დღეს.

“თუ სახურავიდან ქვები ცვიოდა, წინა დღეს [ლენტი] არ იყო, არც მეორე დღეს და ასევე [იმ დღეს] თავად მღვდლები და ახალგაზრდებიც იქ იყვნენ, სადაც საშიშროება იყო. ასევე, 18 საათის შემდეგ ეკლესიის ეზოში, როგორც წესი, არავინ არის ხოლმე და რატომ იყვნენ სასულიერო პირები და ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენ მიმართ კარგ ქცევას არ აჩვენებდნენ… ხმაურობდნენ, საუბრობდნენ თითქოს ძველბიჭურად. ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით, მაგრამ იქიდან ჩანდა, რომ პატივისცემა არ ჰქონდათ ჩვენ მიმართ.

რა საჭირო იყო ის მანქანები და ლენტები. როცა მეორე დღეს იქ არ იყო ასეთი რაღაცები. თუ საშიშროება იყო საღამოს, რა შეიცვალა ერთი ღამის განმავლობაში და რატომ იყვნენ მღვდლები, როცა იმ დროს არასდროს არიან იქ. ეს საეჭვო მომენტია.

ყველამ, ვინც ესწრებოდა [მსვლელობას], ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მათ შორის მეც, რადგან მე ჩემი სიტყვა მივეცი [მიტროპოლიტ იოანეს] , რომ არ შევიდოდით [ეკლესიის ეზოში]”, – ამბობს ბრაგანტინი.

ნეტგაზეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიტროპოლიტ იოანესაც დაუკავშირდა. სასულიერო პირის თქმით, შეთანხმება მართლაც ჰქონდათ მას და გაბრიელ ბრაგანტინის, რომ მომლოცველები ეკლესიის ეზოში არ შევიდოდნენ.

მისი განცხადებით, მათ არ აქვთ ეკლესიური კავშირი, ამიტომ “იქ კათოლიკური რიტუალები არ შესრულდება”.

“თუ ჩვენ არ გვაქვს სარწმუნოებრივი ურთიერთობა, რატომ უნდა შემოვიდეს?”, – უთხრა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა.

რაც შეეხება ტერიტორიის ლენტით შემოსაზღვრას, მიტროპოლიტის თქმით, ბრაგანტინის აუხსნა, რომ ხედავდა საფრთხეს, ვინმე დაუკითხავად არ შესულიყო ტაძრის ტერიტორიაზე და “რაიმე ექსცესი” არ მომხდარიყო:

“არის ხოლმე ვიღაცების პირადი ინიციატივა. ჩვენ შევთანხმდით ამაზე [რომ არ შევიდოდნენ ეკლესიის ტერიტორიაზე], მაგრამ არ გამოვრიცხავთ ვიღაცის მხრიდან ექსცესებს. არაფერს ვაბრალებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევა, რომ შენობის გარემონტებასთან დაკავშირებით ფასადზე სარეველა ამოვიდა და ქუჩის მეორე მხრიდან ამოგვივარდა ვიღაც, გვაგინა და გვლანძღა, რატომ ჭრითო…

მე ვუთხარი ბრაგანტინის, რომ რადგან ასეთი მომხდარა უკვე [თანაც რამდენიმე დღით ადრე მოხდა ეს], სჯობს თავი ავარიდოთ და რადგან შევთანხმდით, რომ აქ არ შემოვლენ, ეს [ლენტი] შეურაცხმყოფელი არ უნდა ყოფილიყო. და რატომ არის შეურაცხმყოფელი, ვერ ვხვდები”, – განმარტავს მართლმადიდებელი სასულიერო პირი.

მან ნეტგაზეთთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ტაძარი მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაა და მათი უფლებაა, “იქ მანქანას დააყენებს, ღობეს გააკეთებს თუ ჭიშკარს”.

მისი თქმით, შეთანხმების საფუძველზე მომლოცველებს ეკლესიის “გვერდზე უნდა ჩაევლოთ და ჩაიარეს”. მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ მსგავსი შეთანხმება არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ სხვა ქალაქებშიც იყო.

“მათ აქვთ თავისი ტაძარი და აქვთ თავისუფალი სივრცე, სადაც მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით შეუძლიათ გაიარონ. და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი დაცული იყო [მიტროპოლიტის თქმით, მომლოცველებს პოლიციის ესკორტი დაჰყვებოდა] და რატომ მიიღეს ეს შეურაცხყოფად, რომ იქ ლენტი იყო გაბმული… ლენტი იყო, საგინებელი სიტყვები ხომ არა?!”, – გვითხრა მიტროპოლიტმა.

გარეკანის ფოტო: FB/Catholic.ge


TDI-ის პუბლიკაციის თანახმად [“რესტიტუციის პოლიტიკა საქართველოში”], აღნიშნული ეკლესია მეფე სოლომონ მეორის მიერ კათოლიკე მისიონერებისთვის საჩუქრად გადაცემულ მიწაზე, 1862 წელს აშენდა. 1939 წელს დაიხურა, 1989 წიდან კი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.

2001 წელს ლათინ კათოლიკეთა გაერთიანებამ ეკლესიასთან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი