ახალი ამბები

„ჯაჭვით და ბოქლომებით ვიყავით გადაბმულები და წავიქეცით“ – პოლიციამ წყალტუბოში აქცია დაშალა

14 ნოემბერი, 2020 • 2936
„ჯაჭვით და ბოქლომებით ვიყავით გადაბმულები და წავიქეცით“ – პოლიციამ წყალტუბოში აქცია დაშალა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში დღეს გამართული საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა. აქციის მონაწილეებს ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათი ჰქონდათ გადაკეტილი. რიონის ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ისმის ხმა – ქალს რატომ არტყამ, თუმცა კადრებში არ ჩანს ფიზიკური დაპირისპირება.

14 ნოემბერი მათი მშვიდობიანი პროტესტის 21-ე დღე იყო. მოსახლეობა ითხოვს „ენკა  რინიუებლზმა“, რომელიც ნამახვანი ჰესს აშენებს, ხეობა დატოვოს და ჰესის მშენებლობაზე უარი თქვას. ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტის ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია.

„დღეს შუადღეს გზა გადავკეტეთ აქციის მონაწილეებმა. ჯაჭვი გავაკეთეთ და ისე ვიდექით. პოლიცია მოგვაწვა და ჩვენ რადგან ერთმანეთზე ვიყავით გადაბმული ჯაჭვებით, ყველა წავიქეცით და შეგვდგნენ პოლიციელები ზემოდან. მათ შორის წიხლებიც ურტყეს ვიღაცეებს. სხვანაირად ვერ დაშალეს ეს ხალხი, რადგან გადაბმულები ვიყავით და ძალით ათრიეს. აქციის დაშლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსუბუქი დაზიანებები მივიღეთ,“ – უყვება „ნეტგაზეთს“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

ვარლამ გოლეთიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 200-კაციანი აქციის დაშლაში დაახლოებით 100 პოლიციელი მონაწილეობდა.

„ჯაჭვზე ჰქონდათ ხელები  მიბოქლომებული აქციის მონაწილეებს. პოლიცია რომ მოგვაწვა, ლამის ხელები წაგლიჯეს. პატარა ბავშვებიც იყვნენ, არც ისინი დაინდეს. დაგვამადლეს, რომ აქამდე არავინ დაუჭერიათ,“ – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე მაკა სულაძე.

საპროტესტო აქცია სოფელ  ჟონეთში ამ დრომდე გრძელდება. საავტომობილო გზასა და აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი დგას, რომელიც გზაზე მიმავალ ავტომობილებს ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი