ახალი ამბები

„ვითმენთ, მაგრამ უტვინოები არ ვართ“ – კათოლიკე მღვდელი ქუთაისში ეზოს ლენტებით შემოღობვას ეხმაურება

8 ოქტომბერი, 2022 • 2385
„ვითმენთ, მაგრამ უტვინოები არ ვართ“ – კათოლიკე მღვდელი ქუთაისში ეზოს ლენტებით შემოღობვას ეხმაურება

დასავლეთ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ვიკარიუსი და ქუთაისის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი, გაბრიელე ბრაგანტინი ეხმაურება ყოფილი კათოლიკური ტაძრის ეზოს ლენტებით შემოღობვას, რათა იქ კათოლიკეებს რელიგიური რიტუალი არ აღესრულებინათ, და აცხადებს:

„მართლმადიდებლების მხრიდან ასეთი დამოკიდებულბა მხოლოდ საქართველოში ხდება… უცნაურია, რომ როდესაც მართლმადიდებელი ქართველები იტალიაში არიან, იქ კათოლიკურ ეკლესიაში შედიან. მათ კათოლიკე ეკლესია აძლევს ტაძრებს, სადაც შეუძლიათ აღავლინონ თავიანთი ლოცვა. იტალიაში კათოლიკური ეკლესია ბედნიერია, რომ შეუძლია მათი დახმარება. მაშინ, ჩვენ უნდა დავწეროთ ჩვენი ეპისკოპოსიების მიმართ: ნუ შეუშვებთ, რადგან ჩვენ [კათოლიკეების] მათთვის არავინ ვართ, ეშმაკები და ერეტიკოსები ვართო?“

გაბრიელე ბრაგანტინთან ინტერვიუს ავრცელებს მედიაპორტალი Catholic.ge, რომელიც საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედია საშუალებაა.

„ვითმენთ, მაგრამ უტვინოები არ ვართ“, – განაცხადა ასევე მან.

ბრაგანტინის თქმითვე, როდესაც მიტროპოლიტ იოანესგან წინასწარ უარი მიიღო ტაძარში შესვლაზე, მისგან მუქარა მიიღო: „მითხრა, თუ მშვიდობა გინდათ, მოიქეცით ისე, როგორც აქამდე იქცეოდითო. ვფიქრობ, რომ ეს იყო მუქარის შემცველი ფრაზა, მაგრამ ურთიერთგაგებისთვის, მე დავეთანხმე მის პასუხს და ვუთხარი – კარგი“.


ბრაგანტინი უყვება ნეტგაზეთს, ლენტის გარდა ადგილზე დახვდათ ავტომანქანებით ჩაკეტილი ტერიტორია, ასევე იქ იყვნენ სასულიერო პირები და ახალგაზრდა კაცებიც, რომლებიც, მისი ვარაუდით, ეკლესიასთან ლოცვისთვის არ შეკრებილან.

ბრაგანტინი ამბობს, რომ ასეთი დახვედრა მათთვის შეურაცხმყოფელია, რადგან წინასწარ ესაუბრა მიტროპოლიტ იოანეს, რომელმაც ტაძარში შეშვებასთან დაკავშირებით თხოვნაზე უარი უთხრა, რაზეც ბრაგანტინი დათანხმდა.

„რა საჭირო იყო ასეთი დემონსტრაცია, მანქანები და ლენტები, როცა ჩვენი მხრიდან იყო მიცემული სიტყვა, რომ იქ არ შევიდოდით“, – გვითხრა მან.

გირჩევთ ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი