ახალი ამბებისაზოგადოება

რამდენად რეალისტურია ამერიკელი სამხედროების განთავსება საქართველოში

23 ნოემბერი, 2020 • 3711
რამდენად რეალისტურია ამერიკელი სამხედროების განთავსება საქართველოში

ამერიკის შეერთებულ შტატებს საზღვარგარეთ 70-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე აქვს სამხედრო ბაზები.

სხვადასხვა ქვეყანაში ბაზებს განსხვავებული დატვირთვა და ისტორია აქვს: მაგალითად, ავღანეთში ვაშინგტონს მიზნად ტერორიზმთან ბრძოლა აქვს დეკლარირებული,  ჯარი კი 2001 წელს შეიყვანა, მაშინ როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამერიკელი სამხედროები ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან არიან.

აშშ-ის სამხედრო ბაზები არა მარტო NATO-ს წევრ ქვეყნებშია. ამერიკელი სამხედროები დისლოცირებულები არიან ვაშინგტონის მოკავშირეების ტერიტორიაზეც, მაგალითად ისრაელში, ბრაზილიაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

აშშ-ის სამხედრო ბაზები მსოფლიოს მასშტაბით. წყარო: Wikipedia Commons

იქნებიან თუ არა ამერიკელი სამხედროები საქართველოში? რას უნდა ველოდოთ ამ მხრივ ჯო ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციისგან? რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას?

წერილი პომპეოს

16 ნოემბერს, ამჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ქართველმა ექსპერტებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც მას აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართეს.

წერილის ავტორების თქმით, საქართველოსთვის აშშ სასიცოცხლო მოკავშირეა და აღნიშნავენ, რომ  საქართველო ქვაკუთხედია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში თავისი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად.

მათი აზრით, ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონებად იქცა. უსაფრთხოების რისკების უმეტესობა რუსეთის ამბიციებიდან მომდინარეობს, აღადგინოს საბჭოთა პერიოდის „გავლენის სფერო“, რასაც მოსკოვი როგორც „ახლო საზღვარგარეთს“ განიხილავს.

რუსეთისგან მომავალი რისკების ერთ-ერთ მაგალითად ხელმომწერებს მოჰყავთ ცოტა ხნის წინ მთიან ყარაბაღში „რეგიონალური სამხედრო მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“ რუსული ჯარის გაგზავნა.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების საქართველოში მუდმივი განთავსება შეიძლება მოიცავდეს მოკავშირეთა [აშშ/ევროკავშირი] ძალებს როტაციულ საფუძველზე, ასევე, ლოჯისტიკური და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებში უზრუნველყოფს ამერიკული და მოკავშირე ძალების ფართო და შეუფერხებელ ოპერირებას.

ღია წერილის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ხელმძღვანელი ნოდარ ხარშილაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო-აშშ-ის დაახლოებისთვის ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯი სამხედრო კუთხით თანამშრომლობაა.

„ბოლო პერიოდში არაფერი ახალი არ განხორციელებულა ამ მიმართულებით, რაც არ არის კარგი, ამიტომ ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა და ვთხოვეთ ამერიკელებს, რომ გახსნან სამხედრო ბაზა. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის სასარგებლოა ის, რომ ამერიკისთვის გაიზრდება ჩვენი გეოპოლიტიკური ფასი. განვითარების მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა და შეიქმნება უსაფრთხოების გარანტიები. ასეთი წინადადებები ჩვენი მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა, სამწუხაროდ, დიდი ხანია ასეთი ინიციატივა ჩვენ არ გვინახავს“, — ამბობს იგი.

საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ყოფილი მოადგილე, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია იხსენებს, რომ წარსულში, კერძოდ 2011 წელს ინიციატივა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის გაჩენას ისახავდა მიზნად, ნამდვილად არსებობდა, თუმცა შემდეგ ვეღარ განვითარდა.

„ეს არ არის ახალი თემა. 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ასიგნებათა აქტში სენატმა შეიტანა დებულება, რითაც ავალებდა თავდაცვის დეპარტამენტს საქართველოს ტერიტორიაზე ლოჯისტიკური სამხედრო ბაზის განთავსებას. შესაბამისად, ამ აქტზე დაყრდნობით მომზადდა პენტაგონის საიდუმლო ანგარიშიც, თუმცა შემდეგ მოვლენები აღარ განვითარდა, რასაც ქონდა მისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები“, — იხსენებს ქუთელია.

„ადმინისტრაციები იცვლებიან, სტრატეგიული ინტერესები — არა“

ადმინისტრაცია, რომლის წევრიც პომპეოცაა, ძალაუფლების გადაცემის ფაზაში იმყოფება. ჯო ბაიდენის გამარჯვების გამო, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია — შესაბამისად მაიკ პომპეოც 20 იანვარს თანამდებობებს დატოვებენ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლება ამ იდეას მოიწონებს და გადაწყვეტს, ამერიკელი სამხედროები საქართველოში გამოაგზავნოს, დიდი ალბათობით, დარჩენილ ორ თვეში ამას უბრალოდ ვერ მოასწრებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სასამართლოებში [ჯერ-ჯერობით უშედეგოდ] ცდილობს გამარჯვების მოპოვებას.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება, როგორც მინიმუმ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს. თუმცა, როგორც „ნეტგაზეთის“ რესპონდენტი ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, 46-ე პრეზიდენტისთვის უმთავრესი შიდა — და არა საგარეო პოლიტიკა იქნება.

ნოდარ ხარშილაძე კი მიიჩნევს, რომ აშშ-ში პრეზიდენტების ცვლილების მიუხედავად, სტრატეგიული ინტერესები უცვლელია.

„მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, პომპეო წამსვლელია, ეს წერილი მიმართულია მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატებისადმი და არა კონკრეტული ადმინისტრაციისადმი. პრეზიდენტები იცვლებიან, თუმცა სტრატეგიული ინტერესები უცვლელი რჩება“, — დასძენს იგი.

„საქართველოს საშინაო დავალება“

აშშ-სთან ერთად, გადაწყვეტილების მიღება სამხედროების განთავსებაზე საქართველოს მთავრობამაც უნდა მიიღოს. ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი მოვლენების ასეთ განვითარებს იწონებს, თუმცა მმართველი გუნდი ამ საკითხზე დეტალური საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 2019 წლის შეფასებით, საქართველოში ამერიკელი სამხედროების ყოფნა „რეკომენდირებული არაა“.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს ქვეყნის სტრატეგიული როლის მნიშვნელობის ზრდისთვის:

„საქართველოს სამუშაო აქვს გასაწევი — კანონის უზენაესობისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი ინვესტიცია უსაფრთხოდაა. ახლანდელი არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საპოვნელია გამჭვირვალე და კანონიერი საშუალებები, რომლებიც პასუხს გასცემს წუხილსა და ბრალდებებს საარჩევნო პროცესებს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და არ დასუსტდეს ინსტიტუტები. ეს არის საშინაო დავალება საქართველოსთვის“.

ვოლკერის შეფასებით, „მნიშვნელოვანია, როგორ აღიქმება საინვესტიციო კლიმატი უცხოეთში. ეს საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტი მთავრობისთვის — დემონსტრირება იმის, რომ საქართველო საუკეთესო ადგილია ინვესტიციებისთვის“. ვოლკერი ამ კონტექსტში ახსენებს ანაკლიის პორტის პროექტსა და „კავკასუს ონლაინის“ საქმეს.

ლინკოლნ მითჩელი, პოლიტიკური ანალიტიკოსი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველო „უფრო მეტს უნდა ნიშნავდეს“:

„გადაწყვეტილებას [სამხედროების დისლოცირების შესახებ] აშშ იღებს, მაგრამ საქართველომ ბევრი რამ სწორად გააკეთა. აშშ-ში ხედავენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, იციან უზარმაზარი მტრული ჩრდილოური ძალის შესახებ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყველაფერი, რასაც საქართველო ნიშნავს“.

ლინკოლნ მიტჩელი © პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

სტრატეგიული როლის გაძლიერების აუცილებლობაზე „ნეტგაზეთს“ ესაუბრა აშშ-ის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი და ამასთან ერთად, ყურადღება გაამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას შიდა პოლიტიკაშიც მართებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა:

„უპირველეს ყოვლისა, საქართველომ, შეიძლება ითქვას, უნდა შესთავაზოს აშშ-ს, გაზარდოს ინფრასტრუქტურა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო როტაციული ძალებისთვის. თუმცა, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მართლა თუ სურს, დასავლეთის ნაწილი იყოს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები და დამოკიდებულება მედიისადმი თანხვედრაში იყოს ლიბერალური დემოკრატიის მოლოდინებთან. მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გააქარწყლონ ყველანაირი ეჭვი კრემლთან კავშირზე, ან, როგორც მინიმუმ, კრემლის გავლენაზე“.

ჰოჯესი — აქამდეც ცნობილი ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერით, გვეუბნება, რომ „იმედგაცრუებულია ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებითა, რაც მისთვის ეჭვებს აჩენს“ .

„ზოგი ჩვენგანი გაკვირვებულია იმით, თუ რამხელა გავლენა აქვს კრემლს ქართველ პოლიტიკოსებზე და განსაკუთრებით „ქართულ ოცნებაზე“. აბა, მაშინ რატომ არ მოიწონებდა საქართველო ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოს, გამხდარიყო პორტალი ევრაზიასა და ევროპას შორის, რაც, პოტენციურად, ყველა ქართველისთვის მოიტანდა მეტ კეთილდღეობას, ახალგაზრდებს კი მომავლის უფრო დიდ იმედს შეუქმნიდა“.

„მითი რუსეთის გაღიზინებაზე“

ერთ-ერთი ხიფათი, რომელსაც პოლიტიკური სპექტრის ნაწილი შეიძლება ხედავს ამერიკულ სამხედრო წარმომადგენლობაში, „რუსეთის გაღიზიანებაა“. გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესის შეფასებით, ვითარება საპირისპიროა:

„უნდა შევაჩეროთ კრემლის მოქმედებებზე რეაგირების პრაქტიკა და შევწყვიტოთ დარდი კრემლის პროვოცირებაზე. რეალურად, კრემლი ყველაზე მეტად ნების ნაკლებობითა და სისუსტეთია პროვოცირებული“, — ხნის იგი.

ამავეზე საუბრობს კურტ ვოლკერი. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროების დისლოცირების იდეა, როგორც მინიმუმ, განხილვას იმსახურებს, ხოლო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უჩვეულო სულაც არ არის:

„ეს თემა ადრე ტაბუდადებული იყო, რადგანაც იყო წუხილი რუსეთის გაღიზიანებაზე. მიმაჩნია, რომ ეს მითი უნდა დავანგრიოთ და ავხსნათ, რომ ნორმალურია, როცა ქვეყნები უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობენ“.

რას უნდა ველოდოთ ჯო ბაიდენისგან?

2021 წლის 20 იანვარს ჯერჯერობით მხოლოდ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოვალურ კაბინეტს დაიკავებს. როგორი იქნება მისი საგარეო პოლიტიკა და რას მოიმოქმედებს ბაიდენი საქართველოსთან მიმართებაში?

ლინკოლნ მითჩელის მოსაზრებით, ბაიდენი, ტრამპისგან განსხვავებით, გაცილებით აქტიური იქნება მსოფლიო არენაზე. როგორც მითჩელი აღნიშნავს, ბაიდენი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი „არწივი“ იყო [ინგლ. Hawk — ტერმინი აშშ-ის პოლიტიკაში, რომლითაც მოიხსენიებენ პირებს, ვინც მხარს უჭერს აშშ-ის ძლიერ საგარეოპოლიტიკურ კურსს — რედ.].

ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბაიდენს, როგორც ახალ პრეზიდენტს, შიდა პოლიტიკაზე უფრო მოუწევს კონცენტრირება, ხოლო არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამერიკელ მოქალაქეებს ნაკლებათ ენდომებათ ვაშინგტონის აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე.

თუმცა, როგორც მითჩელი გვეუბნება, ბაიდენმა, გამომდინარე თავისი შეხედულებებიდან და მისდამი ოპოზიციური — რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრების ნეოკონსერვატორული განწყობების გამო, შესაძლოა, მათთან საქართველოს საკითხში საერთო ენა გამონახოს.

კურტ ვოლკერი, თავის მხრივ, არ ელის აშშ-ის ძალების საქართველოში ყოფნას ახლო მომავალში. მითჩელის მსგავსად, იგი მიუთითებს შიდა კრიზისებზე და მათი მოგვარების მოთხოვნილებაზე.

როგორც დიპლომატი ამბობს, ძალების განთავსების იდეა აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობისგან უნდა მოდიოდეს, თუმცა საქართველოში ჯარის განთავსება ამ გეგმების სიის სათავეში არ არის.

ბენ ჰოჯესის მოსაზრებით კი, ბაიდენის ადმინისტრაცია სტრატეგიულად ფოკუსირდება შავი ზღვის რეგიონზე და შეეცდება კონკურენცია გაუწიოს მოსკოვსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ჰოჯესის მოლოდინითვე, ბაიდენი შეეცდება, დაალაგოს ბოლო დროს გაფუჭებული ურთიერთობა თურქეთთან.

მაიკ პომპეომ თბილისში საქართველოს მთავრობის მეთაურთან გამართა შეხვედრა. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს საკითხი განხილვის ერთ-ერთ საგანი. ცნობილია, რომ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას, საგარეო საქმეთა მინისტრმ ზალკალიანმა „მოამბის“ ეთერში აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი შეეხო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიო გზავნილი გააჟღერა, რომ საქართველოს სურვილია ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმოდგენა ვიხილოთ საქართველოში. ეს პირველ რიგში, გულისხმობს აშშ-ის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მართლაც უმაღლეს ნიშნულზე ავიდა ჩვენი ურთიერთობა და გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები“, — განაცხადა ზალკალიანმა.

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშივილი, რომელიც ღია წერილის ერთ-ერთი ავტორია, ფიქრობს, რომ რეგიონში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც ერთგვარად დამატებითი წინაპირობა შექმნა საქართველოში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობისთვის.

„ეს ყველაფერი უკავშირდება კავკასიაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს. დავინახეთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების შედეგად რუსეთი ძლიერდება რეგიონში. მას ახალი სამხედრო კომპონენტები უჩნდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ გაიზრდება ზეწოლა, რათა ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ რადგან NATO-ს მაპის [ორგანიზაციაში გასაწევრიანებელი სამოქმედო გეგმა] მიღება ვერ ხერხდება, შევახსენოთ თავი თავად აშშ-ს. მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამერიკის ინტერესები არ გადაიხედება. საქართველო რჩება ერთადერთ მოკავშირედ რეგიონში, ამ შემთხვევაში კი შესაძლოა, ემთხვეოდეს ჩვენი და ამერიკელების ინტერესები, რაც ჩვენს შემთხვევაში ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა, რომელიც რუსეთიდან გვემუქრება“, — მიიჩნევს ბატიაშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია არამხოლოდ ექსპერტების აქტიურობა, არამედ მთავრობისა და საზოგადოების აქტიურობაც, რათა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები შეიქმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი