ახალი ამბები

პომპეოს საქართველოში აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართავენ

16 ნოემბერი, 2020 • 2576
პომპეოს საქართველოში აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართავენ

საქართველოს  უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საექსპერტო საზოგადოება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართავს. ღია წერილს, რომელიც საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა, ხელს აწერენ ყოფილი დიპლომატები, მინისტრები და  უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.

წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის აშშ სასიცოცხლო მოკავშირეა. წერილის  ხელმომწერები ასევე ხაზს უსვამენ საქართველოს წვლილს ევროპასა და მსოფლიოში დასავლური ინტერესების განმტკიცებაში და აღნიშნავენ, რომ  საქართველო ქვაკუთხედია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში თავისი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, რაშიც აშშ-ის არაერთმა ადმინისტრაციამ ინვესტიციები ჩადო.

წერილის ხელმომწერების ხედვით, ევრო-ატლანტიკური სისტემა აშშ-ის ლიდერობით  ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ერთადერთი გარანტიაა.

“ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონებად იქცა. უსაფრთხოების  რისკების უმეტესობა რუსეთის ამბიციებიდან მომდინარეობს, აღადგინოს საბჭოთა პერიოდის “გავლენის სფერო”, რასაც მოსკოვი როგორც “ახლო საზღვარგარეთს” განიხილავს”, — ნათქვამია წერილში.

რუსეთისგან მომავალი რისკების ერთ-ერთ მაგალითად კი წერილის ხელმომწერებს მოჰყავთ ცოტა ხნის წინ მთიან ყარაბაღში  “რეგიონალური სამხედრო მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის” რუსული ჯარის გაგზავნა.

წერილში საუბარია, რომ დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან ქართველები ფუნქციონალური დემოკრატიის შექმნას ცდილობენ, რაშიც აშშ შეუცვლელ მოკავშირედ იქცა. წერილის ავტორების თქმით, ქართველების აშშ-თან მეგობრობა ცალმხრივი არაა და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ქართველების 90%-ზე მეტი აფასებს, რომ  აშშ-ისა და საქართველოს ჯარისკაცები ამაყად მსახურობენ ამერიკულ მისიებში ერაყსა და ავღანეთში.

წერილის ავტორები აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას აფასებენ და მიაჩნიათ, რომ  მთავარი ნაბიჯი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად  თავისუფლებისთვის ბრძოლაში, აშშ-ის რეგიონალური და გლობალური ინტერესების გათვალისწინებით, იქნება შემდეგი:

“აშშ-ის შეიარაღებული ძალების საქართველოში მუდმივი განთავსება. ამგვარი პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს მოკავშირეთა (აშშ / ევროკავშირი) ძალებს როტაციულ საფუძველზე, ასევე,  ლოჯისტიკური და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რომლებიც  სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებში უზრუნველყოფს ამერიკული და მოკავშირე ძალების ფართო და შეუფერხებელ ოპერირებას. ამავე დროს, აშშ-ის სამხედრო ყოფნა საქართველოში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, შეაკავებს მყისიერ საფრთხეებს  და დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაახლოებაში. ამ ეტაპზე  საქართველოს შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში,  მისი დემოკრატიული ინსტიტუტების  გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის.

ამ თვალსაზრისით ჩვენ მივესალმებით აშშ-ის მნიშვნელოვან  ჩართულობას საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. ჩვენ ასევე მადლიერი ვართ იმ მნიშვნელოვანი და მტკიცე ძალისხმევისთვის, რაც აშშ-მა გააკეთა წლების განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისათვის.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-საქართველოს ალიანსის განმტკიცების პროცესს, აშშ-ი ს სამხედრო ძალების ადგილზე ყოფნის ჩათვლით, საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სასარგებლოდ”, — ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ:

  • ზვიად აძინბაია
  • ეკა აკობია
  • ირაკლი ალასანია
  • ირინა არაბიძე
  • ფიქრია ასანიშვილი
  • გიორგი ასტამაძე
  • ნატო ბაჩიაშვილი
  • გიორგი ბადრიძე
  • ზურაბ ბატიაშვილი
  • ზაზა ბიბილაშვილი
  • ლევან ბოძაშვილი
  • ეთო ბუზიაშვილი
  • მიხეილ დარჩიაშვილი
  • დავით დარჩიაშვილი
  • ჯაბა დევდარიანი
  • პაატა გაფრინდაშვილი
  • კახა გოგოლაშვილი
  • გიორგი გოგუაძე
  • თორნიკე გორდაძე
  • გიორგი გვალია
  • შოთა ღვინერია
  • გია ჯაფარიძე
  • თედო ჯაფარიძე
  • ნინო კალანდაძე
  • ნოდარ ხარშილაძე
  • თინა ხიდაშელი
  • ბექა კობახიძე
  • ბათუ ქუთელია
  • ხათუნა ლაგაზიძე
  • ეკატერინე მეტრეველი
  • გრიგოლ მგალობლიშვილი
  • ხათუნა მშვიდობაძე
  • გიორგი მუჩაიძე
  • სოფო პეტრიაშვილი
  • ალექსი პეტრიაშვილი
  • თენგიხ ფხალაძე
  • მირიან ფოფხაძე
  • ირაკლი ფორჩხიძე
  • დავით რაქვიაშვილი
  • გიორგი რუხაძე
  • თორნიკე შარაშენიძე
  • ვასილ სიხარულიძე
  • თორნიკე თურმანიძე
  • გელა ვასაძე
  • თემურ იაკობაშვილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი