ახალი ამბები

მოსკოვმა შეუძლებელი გახადა პროგრესი ანაკლიის პორტისთვის — ბენ ჰოჯესი

14 ივლისი, 2020 • 2362
მოსკოვმა შეუძლებელი გახადა პროგრესი ანაკლიის პორტისთვის — ბენ ჰოჯესი

გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის მთავარსარდალი 2014-17 წლებში, უკრაინულ გამოცემა „ტიჟდენთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „მოსკოვმა შეუძლებელი გახადა “ანაკლიის პორტის პროექტში პროგრესის განეხორციელება“, მისი რეალიზაციის შემთხვევაში კი, „საქართველო ევროპასა და აზიას შორის ლოჯისტიკური ჯაჭვი გახდებოდა“.

„მოსკოვმა შეუძლებელი გახადა საქართველოსთვის, ანაკლიის პორტის პროექტში პროგრესი განეხორციელებინა. მისი რეალიზება რომ მოხერხებულიყო, საქართველო გახდებოდა ლოჯისტიკური ჯაჭვი ევროპასა და აზიას შორის და ყველა ჩართული ქვეყანა დაინტერესებული იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოებით“, — დასძენს ჰოჯესი.

ამასთან ერთად, იგი საუბრობს იმის შესახებაც, რომ შავ ზღვაში არსებული ვითარების მიმართ [დასავლეთის] უყურადღებობა განპირობებულია მცირე ინვესტიციებით:

„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ იქცევს დასავლეთის ყურადღებას შავ ზღვაში არსებული ვითარება,  განპირობებულია იმით, რომ არ აქვს რუსეთის მსგავსი სტრატეგია და მცირე ინვესტიციები აქვს ჩადებული. მიუხედავად პატივისცემისა ქართველი და უკრაინელი ხალხის მიმართ, არ არის დაინტერესება. თუ საფრანგეთს, გერმანიას, აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს და სხვა ქვეყნებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადებული უკრაინაში, რუმინეთში და საქართველოში, მართალი რომ გითხრათ, უბრალოდ, არაფრისთვის ექნებათ საბრძოლი და დასაცავიც არაფერი ექნებათ“, — აღნიშნავს გენერალი.

რუსეთის აგრესიაზე საუბრისას ჰოჯესმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინა, საქართველო და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნები ფხიზლად იყვნენ:

„ძალიან მნიშვნელოვანია, ფხიზლად იყვნენ არა მარტო უკრაინა, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიც, მაგალითად- საქართველო, რუმინეთი და თურქეთი“, — მიიჩნევს იგი.


ანაკლიის პორტთან, მის სტრატეგიულ მნიშვნელობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი