ახალი ამბები

აშშ-მა დაადასტურა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები ფარულად მიაწოდა

25 აპრილი, 2024 • 1217
აშშ-მა დაადასტურა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები ფარულად მიაწოდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თებერვალში მიაწოდა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები — ATACMS. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია დაუდასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა.

„შემიძლია დავადასტურო, რომ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მისცა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები, ATACMS. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აშშ-მა უკრაინელთა თხოვნით არ გაასაჯაროვა, რათა დაეცვა ოპერაციის უსაფრთხოება“ ,— თქვა პატელმა.

ATACMS-ის მოქმედების არეალი 300 კილომეტრია და ამ რაკეტების გამოყენებით უკრაინას რუსეთის სიღრმეშიც კი შეუძლია იერიშის მიტანა. უცნობია, რამდენი რაკეტა გადასცეს უკრაინას, თუმცა ეს იყო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი $300-მილიონიანი დახმარების ფარგლებში გაცემული იარაღი.

დამატებით $61 მილიარდის ოდენობის დახმარების პაკეტს პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი გუშინ, 24 აპრილს მოაწერა მას შემდეგ, რაც რამდენიმეთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ ჯერ წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი, შემდეგ კი -სენატმა.

სხვადასხვა მედიის ცნობით, ATACMS-ები უკრაინელებმა არაერთხელ გამოიყენეს, მათ შორის, ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პოზიციების დასაბომბად, ასევე, ბერდიანსკის მიმართულებით.

უკრაინა ბოლო თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ საბრძოლო შეიარაღების დეფიციტი ჰქონდა და დახმარების არმიღების შემთხვევაში ფრონტის ხაზზე გაუჭირდებოდა რუსეთის არმიასთან გამკლავება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი