საზოგადოება

საქართველოში აქციების არაპროპორციულად დაშლა და სხვა პრობლემები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

23 აპრილი, 2024 • 738
საქართველოში აქციების არაპროპორციულად დაშლა და სხვა პრობლემები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2023 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ, სადაც საუბარია გასულ წელს საქართველოში ამ კუთხით არსებულ ძირითად პრობლემებზე. 

ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რუსული კანონის საწინააღდმეგო აქციებს, რომელიც მარტში იმართებოდა, ასევე განხილულია საპროტესტო აქციების არაპროპორციულად დაშლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეუსაბამოდ გამოყენების ფაქტები.

დოკუმენტი მიმოიხილავს სასამართლოში არსებულ პრობლემებს, მათ შორის, „მოსამართლეთა კლანს“, პოლიტიკურად მიკერძოებულ საქმეებს და ა.შ.

სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, დასჯა და შეუარცხყოფა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად კონსტიტუციისა და კანონის მხრიდან ამ პრაქტიკების აკრძალვისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მეთოდებს მიმართავდნენ. მაგალითად მოყვანილია 2022 წლის სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც ჩანს, რომ პროკურატურამ უარი განაცხადა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.

„ეს მიუთითებს ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულების დაფარვის მცდელობაზე“ – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 

სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის 419 ბრალდება დაფიქსირდა. აღნიშნულია, რომ დაკავებულების მტკიცებით, ძალის გამოყენება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან „განსაკუთრებით პრობლემურია ადმინისტრაციული წესით დაკავების შემთხვევაში“. 

სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამოყოფილია მიხეილ სააკაშვილის საქმეც, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, დროული და შესაბამისი მკურნალობა გაეწია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის. 

პრობლემები სასამართლოში

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა დამოუკიდებელ სასამართლოს, მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში. 

„მოსამართლეები დაუცველები იყვნენ სასამართლო ხელისუფლების შიგნიდან და გარედან პოლიტიკური ზეწოლის მიმართ იმ საქმეებზე, რომლებიც ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს ან ინდივიდებს. მსოფლიო იუსტიციის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, დაბალი იყო ნდობა იმისა, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალი იყო ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან“ ,— წერია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობდნენ შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით“.

„მათ ხაზგასმით აღნიშნეს პრობლემები, მათ შორის, მოსამართლეთა ჯგუფის გავლენა, რომელიც ძირითადად შედგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან, რომლებიც, სავარაუდოდ, ახშობდნენ სასამართლოს კრიტიკულ მოსაზრებებს და ხელს უშლიდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიან, ერთმანეთთან დაკავშირებულ მოსამართლეთა ჯგუფს „კლანი“ უწოდეს“, — წერია 2023 წლის ანგარიშში. 

ანგარიშში ნახსენებია, რომ არასამთავრობოებმა ხაზგასმით აღნიშნეს სხვა პრობლემები, როგორიცაა უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გავლენა ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმის განაწილების სისტემის მანიპულირება, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობა და ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნაში.

„ზოგიერთმა ყოფილმა და ამჟამინდელმა მოსამართლემ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი განიცდიდნენ ზეწოლას უფროსი მოსამართლეების მხრიდან, რომ განეხორციელებინათ კონკრეტული გადაწყვეტილებები კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებში“ ,— აღნიშნულია დოკუმენტში.

უკანონო თვალთვალი

ანგარიშშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი კრძალავს მსგავს ქმედებებს, იყო ინფორმაცია, რომ მთავრობამ უგულებელყო ეს აკრძალვები.

„მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება აკონტროლებდა პოლიტიკურ ოპოზიციას. სამოქალაქო საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული სათვალთვალო სისტემის, მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ნაკლებობისა და სუსტი ზედამხედველობის შესახებ“, — წერია ანგარიშში. 

გამოხატვის თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ხშირად იყენებდა არაპროპორციულ ძალას საპროტესტო აქციების დასაშლელად და ასევე, ადმინისტრაციულ კოდექსს აქციის მონაწილეთა დასაკავებლად. ამის მაგალითად მოყვანილია აქტივისტის დაკავება, რომელსაც ხელში ეკავა ბანერი, წარწერით „ირაყლი“.

გარდა ამისა, ანგარიშში შეტანილია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის, ედუარდ მარიკაშვილის დაკავების ფაქტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დაიჭირეს, რომ ხელში ცარიელი ფურცელი ეკავა.

ანგარიშში ასევე მოხვდა 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის ფაქტი, რაც გამოიწვია კონტრაქციის მონაწილეების შეჭრამ ფესტივალის ღონისძიებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი აქ მიუთითებს უფლებადამცველთა განცხადებებზე, რომელთა მიხედვით, პრაიდის დამრბევები და პოლიციელები კოორდინირებულად მოქმედებდნენ.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის უგულებელყოფასთან დაკავშირებით. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარის, შავლა პაპუაშვილის მიერ მიღებულ პრესის აკრედიტაციის რეგულაციაზე, „რომელიც ჟურნალისტებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებდა“.

ანგარიშის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში იყო ცნობები ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების, მუქარის, შევიწროების და ცილისწამების შესახებ ჟურნალისტებთან მიმართებაში, სადაც ხშირ შემთხვევაში იყო ანგარიშვალდებულების ნაკლებობა. აქვე მოყვანილი იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანის, მიშა მშვილდაძის მაგალითი, რომელსაც ქუჩაში თავს დაესხნენ.

„უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მარტის საპროტესტო აქციების დროს ათეულობით ჟურნალისტისა და ოპერატორის წინააღმდეგ პოლიციელებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მიაყანეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დანარჩენები დააკავეს, როდესაც ცდილობდნენ საპროტესტო აქციების გაშუქებას“ ,— აღნიშულია დოკუმენტში.

გადაადგილების თავისუფლება

ანგარიშში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩება, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებები რუსული ძალებით არიან მხარდაჭერილი.

ანგარიშში აღნიშნულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამხრეთ ოსეთში მოკლული თამაზ გინტურისა და ოკუპირებულ გალში აფხაზეთის დე ფაქტო პოლიციის ძალების მიერ სასტიკად ნაცემი საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას შესახებ ფაქტები.

საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დაახლოებით 290 000 იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილების) უმრავლესობას სურდა დაბრუნებულიყო სამშობლოში, მაგრამ არ გააჩნდათ უსაფრთხოების გარანტიები:

„აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, არ შეეძლოთ საქართველოს პასპორტით აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთა კონტროლირებად ტერიტორიაზე, ან უკან დასაბრუნებლად“.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ საზღვრის გადასაკვეთად სხვა დოკუმენტაცია, უნდა მიემართათ „ბინადრობის ნებართვისთვის“. ეს დოკუმენტები მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა, გადაეკვეთათ საზღვარი, თუმცა, ამავდროულად, უზღუდავდა დე ფაქტო ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობის, საკუთრების ფლობის უფლებებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი