ახალი ამბები

საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება არ მგონია რეკომენდირებული იყოს – ზურაბიშვილი

1 მაისი, 2019 • 5531
საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება არ მგონია რეკომენდირებული იყოს – ზურაბიშვილი

“არ მგონია, ეს რეკომენდირებული იყოს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმის კითხვას, რას ფიქრობს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე:

“ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია, შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან”- აცხადებს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აშშ, ცხადია, საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და პარტნიორობის გაღრმავებას ასე უყურებს:

“ვფიქრობ, ამას უკვე ვხედავთ შავ ზღვაში ამერიკის საზღვაო ძალების გემების რაოდენობის გაზრდით. მიმაჩნია, რომ შავი ზღვა ამერიკის სტრატეგიულ ხედვაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ შავი ზღვის აქეთა სანაპიროზე ვართ, მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ნატოს პარტნიორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ შავი ზღვა ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უფრო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გახდეს. სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად ეს ერთ-ერთი გზაა. და, რა თქმა უნდა, პირდაპირი სამხედრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან იმისთვის, რომ მეტად მოვემზადოთ თავდაცვის სფეროში. ვფიქრობ, საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს და ის აღიარებული სანდო პარტნიორია.

ვფიქრობ, უნდა გავზარდოთ სამხედრო თანამშრომლობა, რადგან ეს საკმარისი არასდროს არაა. იმის გამო, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მეტის საკეთებლად ყოველთვის მზად არიან, ვფიქრობ, ჩვენ მეტის მიღება შეგვიძლია დამატებით პირდაპირი თანამშროლმლობით და არამხოლოდ ნატოსთან. მეტად უნდა ვითანამშრომლოთ ნატოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში, ან ეს, შესაძლოა, ორმხრივი თანამშრომლობაც იყოს გამომდინარე იქიდან, თუ როგორ რთულ რეგიონში მდებარეობს საქართველო. ამ პრობლემისთვის თავის გართმევა ეროვნულ დონეზე რთული ამოცანაა. ჩვენ ბევრი ახალი ფორმის თანამშრომლობის დაწყება გვჭირდება”.

რუსეთი საქართველოს 20 პროცენეტის ოკუპაციას აგრძელებს. როგორ ხედავთ რუსეთთან ურთიერთობას? აპირებთ თუ არა რუსეთთან დიალოგს? რა პოზიცია გაქვთ რუსეთის მიმართ? – ამერიკის ხმის ჟურნალისტის, ია მეურმიშვილის ამ კითხვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასე პასუხობს:

“თეორიულად, როცა საქართველოს მსგავსი ქვეყანა აცხადებს, რომ არანაირ ძალას არ გამოიყენებს, სამხედრო ძალას არ გამოიყენებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადასაჭრელად, ცხადია, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი გრჩება და ეს დიპლომატიაა. ამ ეტაპზე სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს. ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გვაჩვენებს, რომ მზადაა, ჩვენთან ძალისმიერი მეთოდის გარდა სხვა ფორმით იურთიერთოს.

ამ ეტაპზე ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით ჩვენს პარტნიორებს, რომ ისინი იყვნენ ჩვენი ჩემპიონები და რუსეთთან ორმხრივი შეხვედრების დროს შეახსენონ, სთხოვონ, მოსთხოვონ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა. ამიტომაც ვსაუბრობ ჟენევის ფორმატზე და ამას ვაკეთებთ ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენს პარტნიორებთან.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია დღეს არ შეიცვლება, მაგრამ ერთ დღეს ამან შედეგი შეიძლება გამოიღოს. ასე რომ, ჩვენ არც რუსეთს და არც ჩვენს პარტნიორებს საშუალება არ უნდა მივცეთ, დაივიწყონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

მნიშვნელოვანი ისაა და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, გრძელდება უწყვეტი ზეწოლა, ადამიანების გატაცებები, ჰუმანიტარული ზეწოლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, ეს სიტუაცია რუსეთისთვის გამარჯვება მაინც არ არის. ეს იმიტომ, რომ საქართველო აგრძელებს ევორკავშირისა და ნატოსკენ სვლას. ვფიქრობ, რუსეთის საბოლოო მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვაზე. ამ შემთხვევაში გამარჯვება საქართველოსია და არა რუსეთის. რუსეთს არ აქვს საქართველოზე ვეტო და არც არასოდეს ექნება.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი