ახალი ამბები

ცესკოს შენობასთან პროტესტი მთელი ღამე გაგრძელდა [ვიდეო]

1 ნოემბერი, 2020 • 956
ცესკოს შენობასთან პროტესტი მთელი ღამე გაგრძელდა [ვიდეო]

ცესკოსთან დილის 7.00 საათამდე გაგრძელდა ხმაური  – შეკრებილი იყვნენ აქტივისტები და  ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარი შედეგის მონაცემებს აპროტესტებენ. 

ცესკოსთან ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც შუაღამისას, დაახლოებით 03.30 საათზე საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგი გამართა და არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება დაიწყო. 

ჟვანია აცხადებდა წინასწარ შედეგებს 1085 საარჩევნო უბნის მონაცემებზე დაყრდნობით და როდესაც ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის შედეგი – 23.61% დაასახელა, ბრიფინგი შეაწყვეტინეს. ენმ-ის წარმომადგენელმა ცესკოში მას საუბრის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. ის აცხადებდა, რომ ეს მონაცემი “ოცნების” ოფისში დაიწერა. 

ამის შემდეგ ცესკოს შენობასთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები მივიდნენ. ისინი ცესკოს შენობაში არ შეუშვეს და პროტესტი მიმდებარედ, პოლიციის კორდონის წინ გაგრძელდა. ცოტა ხანში “ენმ-ძალა ერთობაშიას” ლიდერებმა პირველ ნოემბერს, 16.00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსეს და მხარდამჭერებს მისვლისკენ მოუწოდეს. 

ენმი-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. მისი თქმით, “არცერთ ოქმზე პრაქტიკულად ბალანსი არ ჯდება”. 

გამთენიისას, 06.00 საათზე, ცესკოსთან “მთავარი არხის” დირექტორი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ცესკოს შენობაში სურდა შესვლა, როგორც აკრედიტირებულ ჟურნალისტს. 15 წუთის შემდეგ ის შეუშვეს შენობაში, ცოტა ხანში შევიდნენ სხვა ჟურნალისტებიც, მათ შორის “ნეტგაზეთის”, რომელსაც მანამდე ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.  თუმცა ცესკოს თავმჯდომარეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ცესკოს წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე ენმ-ის ლიდერმა სალომე სამადაშვილმა  განაცხადა, რომ პარლამენტის წინ მოედანი “ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს, როგორც 20 ივნისის შემდეგ”.  მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ტელეკომპონია “მთავარი არხის” დირექტორის მოწოდება ოპოზიციის ლიდერებისადმი ხმების დაცვაზე. 

ამის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდა, თუმცა ოპოზიციის განცხადებამდე ნათელი არ იყო, რას გულისხმობდა მობილიზაციაში. 


31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი ამ დრომდე [07.25 ] დაწერილი არ არის.  ცესკოს ვებ გვერდის თანახმად, 07.27 საათისთვის დათვლილია უბნების 52.59%.

მასალების გადაბეჭდვის წესი