ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რის გამო გადაკეტეს ჯავახეთში საქართველო-თურქეთის გზა

30 სექტემბერი, 2020 • 2739
რის გამო გადაკეტეს ჯავახეთში საქართველო-თურქეთის გზა

წუხელ ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილმა თურქეთის საზღვართან, სოფელ კარწახში, თურქეთ-საქართველოს ცენტრალური გზა ცოტა ხნით გადაკეტა. პროტესტის საფუძვლად აქციის მონაწილეები ადგილობრივ მედიასთან სხვადასხვა საკითხს ასახელებენ.

რა მოხდა?

როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ დაწერა, 29 სექტემბერს, დღის ბოლოს, სოფელ კარწახთან, — რომელიც თურქეთს ესაზღვრება, — ადგილობრივმა მოსახლეობამ თურქეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა.

გამოცემის ცნობით, გაკრვეული დროის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავ მანქანებს არ ატარებდნენ, რის შედეგადაც ათობით მანქანა შეფერხდა;

„სამხრეთის კარიბჭის“ თანახმად, დემონსტრანტები ამბობდნენ, რომ ასე ცდილობდნენ გაერკვიათ, „რატომ უშლიან ხელს ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომეხი ჯარისკაცებისა და დაზარალებულების დახმარებაში“.

„ფეისბუკზე წავიკითხეთ, რომ საქართველომ აზერბაიჯანს მარტივად გაუხსნა გზა, ჩვენ კი გუშინ ძლივს შევძელით სურსათის გაგზავნა. გვაინტერესებს, რატომ არ გვაძლევს საქართველო უფლებას, სომეხ სამხედროებს დავეხმაროთ“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ დემონსტრანტს.

წინა დღეს, 28 სექტემბერს, ჯავახეთში, კერძოდ კი, ნინოწმინდაში, მოსახლეობამ სხვადასხვა პროდუქტი და ნივთი შეაგროვა ყარაბაღში გასაგზავნად; იმავე საღამოს სატვირთო მანქანები დატვირთეს, თუმცა საქართველო-სომხეთის საზღვარზე რამდენიმე სატვირთო მანქანა არ გაატარეს, რასაც დემონსტრაცია მოჰყვა.

ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. საბოლოოდ, ადგილობრივი მედიების ცნობით, გაატარეს ორი სატვირთო მანქანა, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებით იყო დატვირთული, ოთხი სატვირთო კი, სადაც ბორბლები იყო მოთავსებული, არ გაატარეს და უთხრეს, რომ შესაბამისი ნებართვა აეღოთ. ამის შემდეგ, დაახლოებით ღამის 2 საათისთვის, მოსახლეობა დაიშალა და გზა გახსნილი იყო.

ნაწილის ფიქრობს, რომ „იარაღი გადააქვთ“

სომხურენოვანი „ალიქ მედია“ იუწყება, რომ მათ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა უთხრა: „თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით იგზავნება იარაღი, ამიტომ გზის ჩაკეტვა გადავწყვიტეთ“. იგივეს იუწყებოდა ახალქალაქის ტელევიზია „ატვ 12“.

საქართველო, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ცდილობს კონფლიქტში შეძლებისდაგვარად ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს. ქვეყნის ხელისუფლება მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს და სტაბილურობაზე აკეთებს აქცენტს.

„მკაფიო უარი“

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა: „საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის [არ შეესაბამება რეალობას], ჩვენ ამაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის“.

ირაკლი სესიაშვილის თანახმად, „ეს ჩვენმა მეზობლებმა იციან, ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან“.

ზაფხულში, სომხეთ-აზერბაიჯანის წინა, შედარებით მასშტაბური დაპირისპირებისას, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ბრალდებები, რომლის თანახმადაც სომხეთში საქართველოს გავლით ჩაიტანეს იარაღი, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.

„გაიხსნას საზღვარი“

„ალიქ მედია“ ასევე წერს, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თქვა: „ვითხოვთ საქართველოსგან, გაიხსნას სომხეთ-საქართველოს საზღვარი, რათა ჩვენს მოხალისეებს ჰქონდეთ საშუალება, წავიდნენ“.

28 სექტემბერს ნინოწმინდაში, მოედანზე, სადაც ძირითადად საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ცხოვრობენ, ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და იმსჯელა, თუ როგორ დახმარებოდნენ ყარაბაღსა და სომხეთს.

როგორც სომხურენოვანი გამოცემები იუწყებიან, რომლებიც ამ რეგიონს აშუქებენ, „ნორი“ და „ალიქ მედია“, მსჯელობის შედეგად ადგილობრივებმა ორი გადაწყვეტილება მიიღეს:

  • შეძლებისდაგვარად დაეხმარონ ჰუმანიტარული ტვირთით იქაურ მოსახლეობას, მოგვიანებით ორი სატვირთო ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს კიდეც;
  • შედგეს მოქალაქეთა სია, ვისაც ყარაბაღში წასვლა უნდა, რისი სურვილიც 100-მდე ადამიანმა გამოთქვა;

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ენზელ მკოიანმა [რომელიც 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს], საქართველოში მცხოვრებ სომხებს მიმართა და მოუწოდა, ნუ წავლენ ყარაბაღში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ „საქართველოს საგარეო უშიშროების საზიანოდ უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში შესვლა, აგრეთვე, ასეთი ქმედების ჩასადენად სხვისი დაყოლიება“ ისჯება 5-დან 8 წლამდე პატიმრობით.

როგორ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს,ამ მუხლში ბუნდოვანია, თუ რას გულისხმობს „საქართველოს საგარეო უშიშროების საზიანოდ“ მოქმედება და საჭიროა, კანონმა განსაზღვროს, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა ან ყველა შემთხვევაში დაისაჯოს, ან არცერთში.

თუმცა, ამავე დროს, ის ამბობს, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა, საფრთხე თავიდან ააცილოს თავის მოქალაქეებს, ამიტომაც, „თუკი საქართველო, კორონავირუსის კონტექსტიდან გამომდინარე, მკაცრად გააკონტროლებს საზღვარს, რათა მინიმუმზე დაიყვანოს ეს რისკი, ვთვლი, რომ ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გადავარჩენთ და მომავალში მადლიერები იქნებიან“.

სახელმწიფოს კორონავირუსული პანდემიის პირობებში შეზღუდვები აქვს დაწესებული საზღვარზე გადაადგილებაზე.


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გრძელდება.

გარეკანის ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

მასალების გადაბეჭდვის წესი