ნეტგაზეთი | რა მოხდა ნინოწმინდაში, სომხეთ-საქართველოს საზღვართან რა მოხდა ნინოწმინდაში, სომხეთ-საქართველოს საზღვართან – Netgazeti
RU | GE  

რა მოხდა ნინოწმინდაში, სომხეთ-საქართველოს საზღვართან

ნინოწმინდაში, საქართველო-სომხეთის საზღვართან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი და ითხოვდნენ, ქართველ მესაზღვრეებს სომხეთში თავიანთი შეგროვებული ნივთებით დატვირთული სატვირთო მანქანები გაეტარებინათ.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, მოქალაქეებს სომხეთის ტერიტორიაზე ნინოწმინდასა და ახალქალაქში შეგროვებული ნივთების გადატანა სურდათ, თუმცა არ ატარებდნენ.

ფოტო: Jnews.ge

როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მათ უთხრა, რომ შეაგროვეს „საბურავები, მედიკამენტები, ბოსტნეული, ყველაზე საჭირო ნივთები“ და ამ ნივთების სომხეთში ჩატანა სურდათ [საიდანაც მათ, სავარაუდოდ, ყარაბაღში წაიღებდნენ].

ამავე გამოცემის ინფორმაციით, აქციის პარალელურად, რაც სატვირთოების შეფერხებას მოჰყვა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

საზღვარზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა Jnews-მა, სომხურენოვანმა გამოცემამ. მათი ცნობით, მოსახლეობა დიდი რაოდენობით იყო გამოსული.

Пограничная полиция Грузии остановила фуры с гуманитарной помощью, которые направлялись в Армению

Posted by JNEWS.ge – Информационный центр Джавахети on ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2020

მოგვიანებით კიდევ ერთმა ადგილობრივმა, ქართულ-სომხურენოვანმა გამოცემა „ალიქ მედიამ“ დაწერა, რომ საბოლოოდ მესაზღვრეებმა ნინოწმინდა-ბავრას გამშვები პუნქტზე ორი სატვირთო მანქანა გაატარეს, რომლებიც საკვები და სამედიცინო პროდუქტებით იყო დატვირთული.

ამავე გამოცემის თანახმად, 4 სატვირთოს საზღვრის კვეთის საშუალება არ მისცეს, თუმცა საბაჟოზე განუცხადეს, რომ ნებართვას 2 დღეში მიიღებენ. Jnews.ge-ც წერს, რომ პროდუქტებით დატვირთული 2 სატვირთო გაატარეს, თუმცა „ბორბლებით დატვირთული სატვირთოების გატარებაზე ნებართვის მისაღებად შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ეს საკითხი მათი კომპეტენცია არ არის. „ნეტგაზეთი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად და დასაზუსტებლად დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს (საბაჟოს), სადაც 00:20 საათისთვის გვითხრეს, რომ ამჟამად საბაჟოზე არანაირი ტვირთი არ არის შეფერხებული. „ნეტგაზეთი“ ელოდება დამატებით ინფორმაციას უწყებისგან.

„ალიქ მედიას“ ცნობითვე, დღეს ნინოწმინდაში ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლებოდა დახმარებოდნენ დე ფაქტო ყარაბაღს, რის შედეგადაც ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა მათ მიერ მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო.


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი. გარდაცვლილი არიან მშვიდობიანი მოქლააქეებიც. მხარეები სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია 27 სექტემბერს გამოცხადდა. საომარი მდგომარეობაა გამოცხადებულია აზერბაიჯანშიც.

გარეკანის ფოტო: JNews

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი