ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველომ სომხეთისთვის იარაღი არ გამოატარებინა – ალიევი

21 სექტემბერი, 2020 • 1633
საქართველომ სომხეთისთვის იარაღი არ გამოატარებინა – ალიევი

“საქართველო მოიქცა, როგორც საიმედო პარტნიორი. მინდა, საქართველოს მთავრობის მიმართ პატივისცემა გამოვხატო”, –  განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რუსეთიდან და სერბეთიდან სომხეთში იარაღის მიწოდების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ სომხეთის მიმართულებით იარაღი არ გამოატარებინა.

“ძალიან ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ამ მოვლენების დროს. როგორც იცით, საქართველომ საკუთარი ტერიტორიის გავლით, სომხეთში იარაღის გადაზიდვის უფლება არ მისცა. სწორედ ამიტომ, სატრანსპორტო თვითმფრინავების მეშვეობით ხდება მათი მიწოდება. საქართველო მოიქცა, როგორც საიმედო პარტნიორი.

საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ საიმედო პარტნიორს და მეგობარს ვხედავთ. სახელმწიფოთაშორისო კავშირები ყოველდღიურად მყარდება. ბევრ ერთობლივ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. უახლოეს პერიოდში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავა”.


აზერბაიჯანული Haqqin დაახლოები, სამი თვის წინ [2020 წლის ივლისში] წერდა, რომ სერბეთმა და რუსეთმა სომხეთს იარაღი საქართველოს გავლით მიაწოდეს, რაც საქართველოში კატეგორიულად უარყვეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ კომენტარში მას „დეზინფორმაცია“ უწოდა, რომელიც „მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“.

აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ოფიციალურად არ მოუთხოვია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ „საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი