ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური არასამთავრობოები საქართველოს რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერენ

9 აპრილი, 2024 • 1077
სომხური არასამთავრობოები საქართველოს რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერენ

სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხარდაჭერის წერილით მიმართეს საქართველოს, ქართველ კოლეგებსა და პარტნიორებს, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ამ წერილით ჩვენ, სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ცალკეული პირები, გამოვხატავთ მტკიცე სოლიდარობას თქვენ მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გამბედაობას, დაუპირისპირდეთ საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ და მუდმივ ძალისხმევას, შეზღუდოს სამოქალაქო თავისუფლებები და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვით და ასევე, საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით.

იმ ადამიანების გონებაში, რომლებსაც ახსოვთ მე-20 საუკუნის ისტორია, უცხოური გავლენის კონცეფცია მჭიდროდ არის დაკავშირებული შეთქმულების თეორიებთან, რომლებიც გამოიყენება ადამიანის უფლებების დარღვევისა და უდანაშაულოების დევნისთვის, რის შედეგადაც, ჩვენი ერები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ ისეთ მომენტებში, როდესაც დემოკრატიას მრავალი კუთხით ესხმიან თავს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პროდემოკრატიული ძალების გაერთიანება და კედლის აგება მისი დასუსტების მცდელობების წინააღმდეგ ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს მწუხარებით, მაგრამ ასევე აღფრთოვანებული ვართ თქვენ მიერ გამოვლენილი გამძლეობით, თქვენი სულისკვეთებითა და ურყეობით. ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება ღრმად და არსებითად არის ფესვგადგმული ჩვენს საზოგადოებებში და ისტორიის ყველაზე ბნელ საათებშიც კი მისთვის ბრძოლა არასდროს ყოფილა კომპრომეტირებული.

ჩვენ ვრჩებით ერთგული იმის მიმართ, რომ გავაგრძელოთ თქვენი მხარდაჭერა სხვა ინიციატივებით, რომლებიც თქვენთვის იქნება სასარგებლო“, — ნათქვამია სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • Women Resource Center
  • The Coalition to Stop Violence against Women
  • Public Journalism Club
  • Helsinki Citizens’ Assembly Vanadzor
  • Peace Dialogue
  • Center for Community Mobilization and Support
  • For Equal Rights Educational Center
  • Article 3 Human Rights Club
  • Spitak Helsinki Group
  • Helsinki Citizens’ Assembly Armenian Committee
  • Journalists’ Club “Asparez”
  • Protection of Rights Without Borders
  • Women’s Rights House Gyumri
  • Armenian Progressive Youth
  • ‘NGO Center’ Civil Society Development NGO
  • Democracy Development Foundation
  • Disability Rights Agenda NGO
  • Transparency International Anticorruption Center
  • Media Initiatives Center
  • Direct Democracy
  • Women’s Agenda
  • Law Development and Protection Foundation
  • Helsinki Association for Human Rights
  • Pink Human Rights Defender NGO
  • PEN Armenia
  • Human Rights House Yerevan
  • Isabella Sargsyan
  • Nvard Manasyan.

რუსული კანონი ბიუროს სხდომაზე გუშინ, 8 აპრილს განიხილეს. პირველი კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება. განხილვა ორშაბათს, 15 აპრილსაა დაგეგმილი.

წელს კანონპროექტს მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს მაშინ, როცა შარშან საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა კომიტეტებმაც განიხილეს. არადა, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტში არაფერია შეცვლილი, გარდა სახელწოდებისა.

ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა, კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, განსახილველად გადაეცეს სხვა კომიტეტებსაც, ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩათვლით. უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა. სხდომის წამყვან გიორგი ვოლსკის თქმით, სხვა კომიტეტების წევრებს შეუძლიათ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დაესწრონ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი