ახალი ამბები

როგორ აშუქებს ონლაინ მედია წინასაარჩევნო პერიოდს – კვლევა

24 სექტემბერი, 2020 • 1773
როგორ აშუქებს ონლაინ მედია წინასაარჩევნო პერიოდს – კვლევა

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წინასაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედიის კვლევის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში, სხვადასხვა გამოწვევასთან ერთად, საუბარია შერჩეული 13 ონლაინ საშუალების მიერ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების სიხშირესა და ტონზე.

კვლევა 2020 წლის 15 ივნისს დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. მის ფარგლებში დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: Ambebi.ge, Interpressnews.ge, Kvira.ge, Mpn.ge, Netgazeti.ge, News.on.ge, Primetime.ge, Publika.ge, Radiotavisupleba.ge, Reginfo.ge, Sknews.ge, Sputnik-georgia.com, Tabula.ge.

ძირითადი მიგნებები

„ონლაინ მედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. ასეთ მასალებს მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების ნაწილი საერთოდ არ ურთავს რაიმე სახის შესაბამის მითითებას. ზოგი ურთავს, მაგრამ ისე, რომ ეს მინიშნებები არ შეესაბამება სტანდარტს.

შესაბამისად, ვებგვერდების დიდი ნაწილის მკითხველს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაარჩიოს, გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია ფასიანი და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი“, – მიიჩნევენ კვლევის ავტორები.

სხვა მიგნებებს შორის, კვლევაში ნათქვამია, რომ გამოწვევად რჩება ონლაინ მედიაში სიღრმისეული და კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა, ხოლო 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში ცალსახად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა.

„გასულ წლებში განხორციელებულ მონიტორინგთან შედარებით, შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით. მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც“, – ნათქვამია კვლევაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მედიასაშუალებების კვლევისას თითქმის არ გამოვლენილა სიძულვილის ენა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად აშუქებდა ისეთ განცხადებებს, რომლებიც მსგავსი სახის შინაარს შეიცავდნენ.

ამასთანავე, იყო შემთხვევებიც, როდესაც მედიამ ფაქტები და მძიმე ბრალდებები ცალმხრივად გააშუქა.

“წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის გაშუქება აისახა იმაში, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის გაშუქებისას, ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე“,  – ნათქვამია კვლევაში.

მკვლევრები ამბობენ, რომ ანალიზისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ონლაინ მედიებში გენდერულ სტერეოტიპებზე დაკვირვებას.

კვლევაში ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპების შემცველი თუ სექსისტური განცხადებების გაშუქების სტანდარტის ხშირი უგულებელყოფა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვებგვერდების უმრავლესობა ასეთ განცხადებებს აქვეყნებს უცვლელად, შესაბამისი სარედაქციო კომენტარებისა თუ სხვა შეფასებების გარეშე, რაც ახალისებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას მედიის მხრიდან.

“მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ონლაინ მედიაში უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს სარეკლამო და სარედაქციო მასალების არასათანადო გამიჯვნა. ვებგვერდების დიდი ნაწილის მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ გაარჩიოს, რომელი სტატიები წარმოადგენს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს, ხოლო რომლები სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ პოლიტიკური პარტიების PR კამპანიას. სარეკლამო მასალების შესაბამისი მინიშნების გარეშე სისტემატური გამოქვეყნება ახალი ამბების კატეგორიაში კი ეჭვქვეშ აყენებს თავად ამ მედიასაშუალებების როლს, ვინაიდან, ხშირ შემთხვევბში, ბუნდოვანი ხდება ზღვარი ჟურნალისტიკასა და PR მომსახურებას შორის.

ონლაინ მედიაში მწვავე გამოწვევად რჩება ასევე საკითხების ზედაპირული გაშუქება. მართალია, მონიტორინგისთვის შერჩეული რამდენიმე მედიასაშუალება ცდილობდა და ახერხებდა საკითხების სიღრმისეულ და მრავალმხრივ ანალიზს, მაგრამ რეიტინგული ვებგვერდების დიდი ნაწილი მხოლოდ ზედაპირული გაშუქებით შემოიფარგლებოდა. ამ გარემოების გამო კი ხშირად გვხვდება ინფორმაციის წყაროთა გონივრული ბალანსის დაცვით გაშუქების პრობლემა. სისტემატურად გვხვდება პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა მხრიდან კონკრეტულ პირთა მიმართ კონკრეტული ბრალდებების გაჟღერება და ასეთ სტატიებში არ ჩანს ჟურნალისტთა მცდელობა, რომ მოიძიონ დამატებითი მტკიცებულებები ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ან მკითხველს გააცნონ თავად ბრალდებულ მხარეთა მოსაზრებები. შედეგად, მკითხველი ხშირ შემთხვევებში ასეთ ბრალდებებს ეცნობა ცალმხრივად და რაიმე სახის გადამოწმების გარეშე”, – აღნიშნულია კვლევაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში არ შეინიშნებოდა მწვავე პოლიტიკური პოლარიზაცია. მართალია, რამდენიმე ვებგვერდზე ცალსახად შეინიშნებოდა მმართველი გუნდის მხარდაჭერა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა, თუმცა, მეორე მხრივ, მონიტორინგისთვის შერჩეულ არცერთ ვებგვერდზე არ გამოვლენილა ცალსახად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ.

მედიასაშუალებების ინდივიდუალური ანალიზი

მონიტორინგისთვის შერჩეული ონლაინ მედიასაშუალებების კვლევაში მოყვანილ ანალიზს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

<b>interpressnews.ge</b>

კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების სარედაქციო მასალებისგან არასათანადო გამიჯვნა უმწვავესი გამოწვევაა  interpressnews.ge-ისთვის. სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკოსების საქმიანობის შესახებ მომზადებული მასალების ერთ მესამედზე მეტი გამოქვეყნებულია კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა არ არის ნათლად გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან. 

interpessnews.ge-ზე კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს უმეტეს შემთხვევებში ერთვის წრეში მოთავსებული ლათინური სიმბოლოები NS, რაც მკითხველისთვის დამაბნეველია, ვინაიდან ცხადად არ არის მითითებული, რომ მასალა დაფინანსებული და სარეკლამოა. 

ასეთი სარეკლამო მასალების უმეტესობა ეხება სახელმწიფო უწეყებების საქმიანობის გაშუქებას, რაც შესაბამისად აისახება მონიტორინგის რაოდენობრივ მონაცემებშიც: interpressnews.ge-ზე მონიტორინგის სუბიექტთა საერთო გაშუქების 70 პროცენტზე მეტი დაეთმო სახელისუფლებო გუნდის გაშუქებას. საკმაოდ მაღალია აღნიშნულ სუბიექტთა გაშუქების დადებითი ტონის მაჩვენებლები; მაგალითად, პრემიერ-მინისტრს დადებითი ტონის 52%, მთავრობას 54%, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას 64%, აჭარის მთავრობის გაშუქებას კი 50% ერგო.

ამასთან, NS ნიშნით ქვეყნდება მასალები, რომლებშიც ხდება კონკრეტული პირების ან კომპანიების დადანაშაულება ან ბრალდება და არ ხდება ბრალდებული მხარის პოზიციის წარმოჩენა. მაგალითად, გამოცემამ  NS ნიშნით გამოაქვეყნა ნიუსი, სათაურით – დავით ჭიჭინაძე – გიორგი ვაშაძე „ნაციონალებს“ ფულის სანაცვლოდ კვოტებს სთხოვდა, თუმცა მათ გონიერება ეყოთ და ამ უწესო წინადადებაზე არ დათანხმდნენ. მასალა შეიცავს ვაშაძის მიმართ ბრალდებებს, რომლებიც დაუდასტურებელია და ამასთან, არ არის წარმოდგენილი “ბრალდებული” მხარის პოზიცია, რაც ჟურნალისტურ სტანდარტებს არ შეესაბამება.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ interpessnews.ge-ის მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ ნათლად გაარჩიოს, თუ რომელი სტატიებია მომზადებული რედაქციის მიერ და რომელი ქვეყნდება რეკლამის სახით. მაგალითად, როდესაც ვებგვერდი ძირითადად, სწორედ NS აღნიშვნით აქვეყნებს ნიუსს, რომ გზის მშენებლობა მიმდინარეობს ან დასრულდა სკვერის რეაბილიტაცია, აუდიტორია ვერ იღებს ამომწურავ ინფორმაციას, თუ როგორ გამოცხადდა ტენდერი ან როგორ შეირჩა კონტრაქტორი კომპანია, იყო თუ არა რაიმე კორუფციული ნიშნები და ა.შ. მსგავსი ტიპის სარეკლამო მასალების სიმრავლე კი ბუნდოვანს ხდის საინფორმაციო სააგენტოს, როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებელი გამშუქებლის როლს.  

interpessnews.ge-ისთვის გამოწვევას წარმოადგენს, ასევე, მოვლენების სიღრმისეული და დაბალანსებული გაშუქება, ვინაიდან ძირითადად ქვეყნდება ნიუსები და ფაქტობრივად არ გვხვდება ანალიტიკური მასალები. ამასთან, ნიუსები ისეთ მოვლენებზე, რომლებიც ვითარდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ან შეიცავს ბრალდებებს, ქვეყნდება ისე, რომ არ ხდება შესაბამისი ბმულებით მათი ერთმანეთთან დაკავშირება. შესაბამისად, მკითხველი ვერ იღებს სრულყოფილ, დაბალანსებულ ინფორმაციას ამ კონკრეტულ ბრალდებაზე ან მოვლენაზე.

 pastedGraphic.png

<b>Ambebi.ge</b>

ambebi.ge ნაკლები სიხშირით აშუქებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას. მონიტორინგის სუბიექტთა გაშუქების 80 პროცენტზე მეტი სახელისუფლებო გუნდს დაეთმო. 

ambebi.ge-ზე დადებითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრს (35%), უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი „ქართულ ოცნებას“ (43%) ერგო. უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (38%) და „ევროპული საქართველოს“ (19%) გაშუქებისას. 

ambebi.ge-ის შემთხვევაში მონიტორინგის შედეგად შეგვხვდა არაერთი სტატია, რომლებშიც გამოიკვეთა ფაქტის სიზუსტისა და ბალანსის პრობლემა. მაგალითად, 15 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „აჭარის მთავრობის 31 წლის თამვჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით – რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?“ აჭარის მთავრობის მეთაურის კარიერული წინსვლა დაკავშირებული იყო მისი მამის გავლენებთან, ხოლო თავად მამის მიმართ გაჟღერებული იყო კონკრეტული ბრალდებები მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. სტატიაში არ ჩანდა მცდელობა, რომ მკითხველისთვის წარმოდგენილი ყოფილიყო თავად აჭარის მთავრობის მეთაურის ან მისი მამის განმარტებები აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ასევე, 20 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცენდენტო შემთხვევა… მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!“, სათაურში წარმოდგენილი დასკვნა, რომ სკოლის მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელობის გარეშე დარჩნენ, ეფუძნება ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებულ ცნობებს, რომლის მიხედვით, კომპანია, რომელთანაც სახელმწიფომ გააფორმა კონტრაქტი სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე, ვერ შეძლებს კონტრაქტის პირობების შესრულებას, რადგან არარეალურად დაბალი ფასი შეთავაზა და მის სტამბებს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები. ამ ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა არ ჩანს სტატიაში: ჟურნალისტი არ დაკავშირებია არც გამარჯვებულ კომპანიას, არც ხელისუფლების წარმომადგენლებს, არც კონკურენტ სტამბებს. შესაბამისად, მკითველმა ვერ მიიღო გავრცელებულ ბრალდებაზე რაიმე დადასტურებული ცნობა, ანუ ზუსტი ინფორმაცია.

ambebi.ge, ასევე, არასათანადოდ მიჯნავს სარეკლამო და სარედაქციო მასალებს. მაგალითად, 16 აგვისტოს ვებგვერდმა, როგორც სარედაქციო მასალა, ისე გამოაქვეყნა სტატია – „ლევან კობერიძე „კომუნიკაციების კანონში“ ცვლილებებით ხელისუფლებამ ლეგალური გახადა ბიზნესზე ძალადობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ტერორით და რეკეტით აკეთებდა“, რომელიც იმავე დღეს, ზუსტად იდენტური ტექსტით, ოღონდ განსხვავებული სათაურითა და სარეკლამო აღნიშვნით გამოქვეყნდა netgazeti.ge-ზე. ამასთან, კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ ზოგიერთ მასალას ambebi.ge გამოყოფს სტატიის ბოლოს R-ის მითითებით, რაც NS-ის მსგავსად, მკითხველისთვის დამაბნეველია, ვინაიდან ცხადად არ არის მითითებული, რომ მასალა დაფინანსებული და სარეკლამოა

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ambebi.ge-ის მწვავე გამოწვევას წარმოადგენს ინფორმაციის წყაროთა ბალანსის დაცვა ცალკეულ სტატიებში და გაჟღერებულ ბრალდებებზე ჟურნალისტთა მხრიდან  ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა, რაც მკითხველისთვის ზუსტი ინფორმაციის მიღების პრობლემას ქმნის.

pastedGraphic.png


<b>Kvira.ge</b>

kvira.ge ძირითადად დაკავებული იყო, ერთი მხრივ, სახელისუფლებო გუნდის დადებითად წარმოჩენის, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობით. ვებგვერდზე გვხვდებოდა ჟურნალისტური სტანდარტების უმძიმესი დარღვევის შემთხვევები, როგორებიც არის, მოვლენების ცალმხრივი გაშუქება, კონკრეტულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ბრალდებების ხშირი გაშუქება, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის უცვლელად გამოქვეყნება და ა.შ.

მმართველი გუნდის გაშუქებისას გამოვლინდა დადებითი ტონის უკიდურესად მაღალი პროცენტული ნაჩვენებლები; მაგალითად, პრემიერ მინისტრს დადებითი გაშუქების 70% ერგო, აჭარის მთავრობას 80%, ადგილობრივ თვითმმართველობებს 75%, მთავრობას 57%, „ქართულ ოცნებას“ კი 50%. მეორე მხრივ, უარყოფითი ტონის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (88%), „ევროპული საქართველოსა“ (80%) და „ლეიბორისტული პარტიის“ (76%) გაშუქებისას.

მონიტორინგის პერიოდში kvira.ge-ზე ყველა მიმდინარე საკითხი შუქდებოდა ხელისუფლების მიმართ დადებით ტონში. გამოქვეყნებული სტატიების დიდი ნაწილი სახელისუფლებო უწყებების მიერ მომზადებულ პრეს-რელიზებს წარმოადგენდა, თუმცა ვებგვერდი ასეთ სტატიებს შესაბამის მითითებას არ ურთავდა. ამასთან,  მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხებზე, რაც ხელისუფლების მისამართით კრიტიკას იწვევდა, kvira.ge მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ან მის გამამართლებელ შეფასებებს აწვდიდა აუდიტორიას.  ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო “ფრონტერასა” და მთავრობას შორის დავის გაშუქების დროს, როდესაც გამოცემა გვთავაზობდა მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლო გაშუქებას და არ წარმოუჩენია არც “ფრონტერას”, არც ოპოზიციის ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ექსპერტების შეფასებები.

სისტემატურად გვხვდებოდა საკითხების ცალმხრივი გაშუქება, მათ შორის, ხშირად, უმძიმესი ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ შუქდებოდა რაიმე სახის გადამოწმების მცდელობის გარეშე. ასეთი სტატიები კი ჩვეულებრივ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეხებოდა და მიზნად ისახავდა მათ დისკრედიტაციას (მაგალითად, სტატიებში როგორ გააკოტრათიბისი ბანკმადა მამუკა ხაზარაძემ ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძევიდეოინტერვიუმაგნატისყოფილ მფლობელთან, 10 აგვისტო, 2020; პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი: გიორგი ვაშაძის პარტია არასრულწლოვანებს არალეგალურად მუშავებს, 12 აგვისტო, 2020). kvira.ge-ზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მიმართ კონკრეტული ბრალდებები შუქდებოდა სისტემატიურად და რედაქციის მხრიდან არასოდეს ჩანდა მცდელობა, რომ გადამოწმებულიყო ამ ბრალდებათა დასაბუთება.

მონიტორინგის პერიოდში kvira.ge-ზე გვხვდებოდა სიძულვილის ენის შემცველი, უკიდურესად შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიისა და დაუსაბუთებელი მძიმე ბრალდებების უცვლელად გამოქვეყნების შემთხვევები. მაგალითად, 30 ივლისს kvira.ge-მ მისი პრესკლუბი დაუთმო ულტრამემარჯვენე პარტიის „ქართული მარშის“ ლიდერებს, რომელთა ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები უცვლელად გამოაქვეყნა ისე, რომ რედაქცია არ გამიჯვნია დისკრიმინაციის წამახალისებელ განცხადებებს.

kvira.ge-ზე გვხვდებოდა, ასევე, მანიპულაციური სათაურები. მაგალითად, სათაურით – “რამდენი კაცი გყავს მოკლული, შე ნაბ….” – ინტერნეტში გიორგი რურუას ამერიკიდან ექსტრადირების კადრები ვრცელდება  გამოცემა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ დადასტურებული ფაქტია რურუას მიერ ჩადენილი არაერთი მკვლელობა, რაც სტატიით არ დასტურდებოდა. ასევე, სათაური – „გვარამიამ დაადასტურა, რომ რურუა წინასაარჩევნოდ ქუჩას გააკონტროლებდა“ მანიპულაციურად გადმოსცემდა გვარამიას ციტატას, რომელიც არაფერს ამბობდა და მითუმეტეს არ ადასტურებდა, რომ რურუა ქუჩას “გააკონტროლებდა”.

pastedGraphic.png

<b>Mpn.ge</b>

mpn.ge-ზე ცხადად შეინიშნებოდა ერთი მხრივ უაღრესად დადებითი განწყობა სახელისუფლებო გუნდის, ხოლო, მეორე მხრივ, უკიდურესად უარყოფითი განწყობა ოპოზიციური პარტიების მიმართ. ვებგვერდზე სისტემატურად გვხვდებოდა ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევის შემთხვევები. გამოცემა არ მიჯნავს ერთმანეთისგან სარეკლამო და სარედაქციო მასალებს.

სახელისუფლებო გუნდის მიმართ უაღრესად დადებითი განწყობა ცალსახად გამოჩნდა მონიტორინგის რაოდენობრივ მონაცემებშიც; მაგალითად, პრემიერ მინისტრის გაშუქებისას დადებითი ტონის 63%, ადგილობრივი თვითმმართველობების გაშუქებისას 70%, „ქართული ოცნების“ გაშუქებისას კი 50% გამოვლინდა. მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიების გაშუქებისას ვლინდებოდა უარყოფითის ტონის უკიდურესად მაღალი მაჩვენებლები; მაგალითად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უარყოფითი ტონის 71%, „ევროპულ საქართველოს“ 65%, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 56% ერგო.

მთავრობის მიმართ მიკერძოებული გაშუქება ნათლად გამოიკვეთა 20 ივნისს გამოქვეყნებულ მასალებზე დაკვირვებითაც. mpn.ge-მ არაერთი ნიუსი მიუძღვნა გასული წლის 20 ივნისს მთავრობის მიერ აქციის დარბევის გამამართლებელი შეფასებების გაშუქებას და დღის სხვადასხვა მონაკვეთში სამჯერ გამოაქვეყნა ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ერთი და იგივე განცხადება სხვადასხვა სათაურით, რომლებშიც ყოფილი ხელისუფლება იყო დადანაშაულებული 20 ივნისს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორგანიზებაში.

mpn.ge-ზე არაერთხელ შეგვხვდა სტატიებისთვის შეუსაბამო ან მანიპულაციური სათაურების შერჩევის შემთხვევებიც; მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მიერ მომზადებულ კრიტიკული კვლევა, რომელშიც წარმოდგენილი იყო მიგნება, რომ 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს, mpn.ge-მ გამოაქვეყნა სათაურით „2020 წელს შსს-ს სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია ჰქონდა“ – IDFI-ს კვლევა“ (18 ივნისი, 2020). აღსანიშნავია, რომ ეს ფრაზა მართლაც წარმოადგენდა გამოქვეყნებული კვლევის ნაწილს, თუმცა ეს იყო ერთადერთი დადებითი შეფასება საკმაოდ მოცულობით, კრიტიკულ კვლევაში.

mpn.ge ხშირად აქვეყნებს საზოგადოებისთვის ცნობილი პირების Facebook-ის სტატუსებს, რომლებიც შეიცავს დაუდასტურებელ ბრალდებებს, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ, ასევე, შეურაცხმყოფელ, სიძულვილის ენის შემცველს ტერმინებს (მაგალითად, სტატიები: მანიაკები გაშიფვრის შიშით აწრიალდნენსააკაშვილი და მისი სექტა ცნობილ ტელეწამყვანს სწირავდა დესტაბილიზაციის მოსაწყობად!“ (17 ივნისი, 2020), ჟვანიას ბიჭს ფსიქიკა აქვს შერყეულიფულის სანაცვლოდ მამამისის უკანალი ბაირაღად აქციესმეგი გოცირიძე (3 აგვისტო, 2020), შენ დაახტი წამოწოლილ გუბაზ სანიკიძეს და დააფრინდი მეგია გოცირიძესრეზო ამაშუკელი (7 აგვისტო, 2020).

mpn.ge ხშირად მიმართავს ფოტომანიპულაციას ოპოზიციის ლიდერებთან მიმართებაში (მაგალითად, ხომ გეუბნებოდით დაცხება და ტვინში ისევ ოფლის გაჟონვა დეემართებამეთქი? – ხტუნაობდით, ტოო? – ზედელაშვილი, 24 ივნისი, 2020; გაუფრთხილდით სააკაშვილის დედის პუდელსბონდო მძინარაშვილი 4 ივნისი, 2020; შალვა ნათელაშვილს ბიძინა ივანიშვილი ერთოთახიან ბინას აჩუქებს ნახალოვკაშიმშვენივრად გრძნობს თავს .. ოპოზიციაში” 20 ივნისი, 2020; „ვაპირებთ ბრძოლას, რათა გიორგი რურუა გათავისუფლდეს“ – ელენე ხოშტარია, 30 ივლისი, 2020). მსგავსი ტიპის მასალები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დართული ფოტოები კონკრეტული სუბიექტების გაშარჟებას ემსახურება.

მონიტორინგის შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ mpn.ge-ს მიზანი არა მიმდინარე მოვლენების ობიექტური გაშუქება, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

pastedGraphic.png

<b>Netgazeti.ge</b>

netgazeti.ge გამოირჩეოდა ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვითა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიღრმისეული და მიუკერძოებელი გაშუქებით.

netgazeti.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები „ქართული ოცნებისა“ (44%) და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (38%) გაშუქებისას გამოვლინდა. დადებითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი პრემიერ-მინისტრს (28%) ერგო.

მონიტორინგის პერიოდში netgazeti.ge ხშირად სთავაზობდა მკითხველს გაშუქებული საკითხების სიღრმისეულ ანალიზს. მაგალითად, სტატიებში „რა (არ) გამოიძიეს 20 ივნისის საქმეზე“ (20 ივნისი, 2020); „სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ის პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?“ (12 ივლისი, 2020) წარმოდგენილი იყო გაშუქებული საკითხების მრავალმხრივი და სიღრმისეული ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ netgazeti.ge, სარეკლამო მასალების გამიჯვნის სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივად გასაგებად უთითებს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს. 

მონიტორინგის პერიოდში შეგვხვდა უზუსტობის ჩასწორების სტანდარტის მაღალ დონეზე დაცვის შემთხვევაც; სტატიას „დროებით გააუქმებს თუ არა Wizz Air ქუთაისში არსებულ ბაზას, ახლო მომავალში გახდება ცნობილი“ (1 ივლისი, 2020) დასასრულს ერთვის სპეციალურად გადიდებული და გამუქებული შრიფტით მინაწერი, რომ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში წარმოდგენილი იყო უზუსტობა.

წყაროების მრავალფეროვნების უზრუნველყოფის მიზნით, ნეტგაზეთი გვთავაზობს მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებებს. მაგალითად, ამომრჩევლებისთვის ტესლას ავტომობილის გათამაშებაზე “გირჩის” ინიციატივაზე ნეტგაზეთმა შემოგვთავაზა სხვადასხვა სახის შეფასებები, ასევე, ვრცელი ანალიზი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციისგან. 

მონიტორინგის ფარგლებში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც მასალა ეფუძნებოდა კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას, ან განცხადებას, რომელიც ამხელდა ან აკრიტიკებდა სხვა პირების ან ორგანიზაციების საქმიანობას და არ იყო წარმოდგენილი ე.წ. მხილებული მხარის პოზიცია (მაგალითად, “Fb-ზე „პატრიოტთა ალიანსისთვის“ მომუშავე ქსელიც შეინიშნება – ISFED”, 14 აგვისტო, 2020 წელი; მაუწყებლები “ბავშვთა კოდექსით” გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე მორატორიუმს ითხოვენ 19 აგვისტო, 2020 წელი).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ netgazeti.ge ორიენტირებულია ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვაზე და მკითხველისთვის ობიექტური და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებაზე.

pastedGraphic.png


<b>News.on.ge</b>

news.on.ge ყურადღებას უთმობდა არა მხოლოდ მმართველ და რეიტინგულ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების აქტივობებსაც. შესაბამისად, მკითხველს სთავაზობდა პლურალისტულ ინფორმაციას არჩევნებში მონაწილე პარტიების შესახებ.

ვებგვერდზე არ გამოვლენილა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დადებითი ტონის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრისა (29%) და ადგილობრივი თვითმმართველობების (38%) მიმართ გამოვლინდა. უარყოფით ტონის მაღალი მაჩვენებლები კი „ქართულ ოცნებას“ (40%), „პატრიოტთა ალიანსსა“ (45%) და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (28%) ერგო.

ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებისას news.on.ge ცდილობს, რომ მაღალ დონეზე დაიცვას ჟურნალისტური სტანდარტები. ვებგვერდზე ნაკლებად გვხვდება სიღრმისეული ან ექსკლუზიური მასალები, თუმცა თითოეულ ნიუსს ახლავს ბექგრაუნდი და სრულყოფილად აღწერს ფაქტებს.

news.on.ge-ზე ნათლად იმიჯნება სარეკლამო და სარედაქციო მასალები ერთმანეთისგან.

მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც გამოკვეთა ინფორმაციის სიზუსტისა და ბალანსის პრობლემა. 

მაგალითად, 26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში „გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ“ წარმოდგენილი იყო ენმ-დან პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის, მოსაზრება, რომ აღნიშნული თავდასხმა ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ. იმავე დღეს გამოქვეყნდა მეორე სტატია „გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“ და ამ სტატიაშიც განმეორებით წარმოდგენილი იყო რომან გოცირიძის განცხადება, რომელშიც პარლამენტის წევრი ბრალს სდებდა „ქართულ ოცნებას“. news.on.ge-ს მხრიდან არ ჩანდა არანაირი მცდელობა, რომ აღნიშნული ბრალდების სისწორე გადაემოწმებინა და კომენტარი ეთხოვა ან თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი განცხადებების ცალმხრივად გაშუქებას, რომლებიც შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებებს რომელიმე კონკრეტული პირისა და პირთა ჯგუფის მიმართ.

ასევე, მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა შემთხვევა, რომდესაც ვებგვერდმა სტატიას დაურთო ცალსახად შეუსაბამო ფოტოსურათი. 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიას „წულუკიანმა დავით ბაქრაძეს „მოლაპარაკე დათუნია“ უწორდა“ ერთვოდა მინისტრ თეა წულუკიანის შეუსაბამოდ გაცინებული ფოტო და გაუგებარია თუ რატომ შეარჩია რედაქციამ სწორედ ასეთი ფოტოსურათი მინისტრის განცხადების გაშუქებისას.

მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ news.on.ge უმეტესად ეთიკურად და დაბალანსებულად აშუქებდა ახალ ამბებს.

pastedGraphic.png

<b>Primetime.ge</b>

primetime.ge ძირითადად დაკავებული იყო, ერთი მხრივ, მმართველი გუნდის დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ, კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობით. გვხვდებოდა ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნას, ფაქტის სიზუსტეს და ბალანსის დაცვას.

primetime.ge-ზე ცალსახად შეინიშნებოდა სახელისუფლებო გუნდის მიმართ უაღრესად დადებითი განწყობა. დადებითი ტონის უკიდურესად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები გამოვლინდა აჭარის მთავრობის (74%), ადგილობრივი თვითმმართველობების (69%), პრეზიდენტის (60%), პრემიერ-მინისტრისა (52%) და მთავრობის (49%) გაშუქებისას. მეორე მხრივ, კი უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (47%), „ევროპული საქართველოსა“ (42%) და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (46%) გაშუქებისას.

primetime.ge-ზე სისტემატურად ქვეყნდებოდა ისეთი მასალები, რომლებიც არ იყო მომზადებული რედაქციის მიერ და დადებითად წარმოაჩენდა ხელისუფლების საქმიანობას, თუმცა ამის შესაბამისი მითითება სტატიებს არ ერთვოდა. მაგალითად, 20 ივნისს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სარედაქციო მასალად ნიუსი – “ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს”, რომელიც იდენტური სათაურით, ილუსტრაციითა და ტექსტით გამოაქვეყნა sknews.ge-მ, როგორც სარეკლამო მასალა. 

ზოგიერთ სარეკლამო მასალას primetime.ge ათავსებს ისე, რომ სტატიის ბოლოს მიწერილია ლათინული R, თუმცა ეს აღნიშვნა მკითხველისთვის დამაბნეველია და ნათლად არ მიჯნავს სარედაქციო მასალებისგან.

primetime.ge-ზე მწვავე პრობლემას წარმოადგენდა კონკრეტულ პირთა მიმართ მძიმე ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება. მაგალითად, სტატიებში „რა სატელეფონო ჩანაწერი გაუხსენეს ნათელაშვილს – ფულის ნაცვლად „ჰარი პოტერის“ წიგნები“ (17 ივლისი, 2020), „წინა ხელისუფლების დროს „თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო – ჩხარტიშვილი“ (16 ივლისი, 2020) წარმოდგენილი იყო მძიმე ბრალდებები ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მიმართ, თუმცა სტატიებში არ ჩანდა რედაქციის მხრიდან რაიმე სახის მცდელობა, რომ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით წარმოედგინა თავად ბრალდებულ პოლიტიკოსთა კომენტარებიც. 

ბალანსის და ფაქტის სიზუსტის პრინციპის უგულებელყოფის ნიშნები იკითხება პრაიმტაიმის კიდევ ერთ მასალაში – „რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატაში, საწოლში ჩაცხრილეს“ – დოკუმენტი სკანდალურ საქმეებზე, რომელიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს ყოფილმა შს მინისტრმა კახა თარგამაძემ მაშინდელ პროკურორს გაუგზავნა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალი, რომლებშიც ფიგურირებს ოპოზიციის წარმომადგენელი, გიორგი რურუა. ჩამონათვალშია მკვლელობის, გატაცების, ყაჩაღობის ფაქტები. მასალაში არ ჩანს ამ ფაქტის გადამოწმების მცდელობა – ჟურნალისტი არ დაკავშირებია კახა თარგამაძეს, რომელთანაც შეეძლო გადაემოწმებინა, მართლა მას ეკუთვნოდა თუ არა ანონიმური წყაროსგან მიწოდებული წერილი, არ დაკავშირებია თავად ამ ბრალდებების ადრესატს – გიორგი რურუას ადვოკატს, რომ მკითხველისთვის შეეთავაზებინა მისი პოზიცია.

ასეთი სახის დარღვევები სისტემატურად გვხვდებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გაშუქებისას.

pastedGraphic.png

<b>Publika.ge</b>

publika.ge-ზე არ გამოვლენილა დადებითი ან უარყოფით განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. publika.ge ცდილობდა მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვას.

publika.ge-ზე დადებითი ტონის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრის (45%), უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებლები კი „ქართული ოცნების“ (37%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (23%) და „პატრიოტთა ალიანსის“ (39%) გაშუქებისას გამოვლინდა.

publika.ge ნათლად მიჯნავს ერთმანეთისგან სარეკლამო და სარედაქციო მასალებს.  

publika.ge აუდიტორიას მნიშვნელოვან საკანონმდებლო საკითხებზე ან პოლიტიკურ პროცესებზე მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდის და ცდილობს არა მხოლოდ მხარეების, არამედ დარგის სპეციალისტების შეფასებებიც მიაწოდოს მკითხველს. თუმცა, ძირითადად, publika.ge-ის მკითხველი პოლიტიკურ საკითხებზე ინფორმაციას ახალი ამბების რეჟიმში იღებს და ნაკლებად აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ანალიტიკურ ან სიღრმისეულ სტატიებს.

publika.ge ყოველთვის ცდილობს ბალანსის დაცვას, თუმცა გამოვლინდა ამ კუთხით პრობლემური ცალკეული შემთხვევები, როდესაც ვებგვერდი დაპირისპირებული მხარეების მოსაზრებებს ცალ-ცალკე სტატიებით აშუქებს ისე, რომ მკითხველს, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნებულ სტატიებს გაეცნობა, არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ მოგვიანებით გამოქვეყნებულ საპირისპირო პოზიციებსაც გაეცნოს. მაგალითად, 16 ივლისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წინააღმდეგ ორი ორგანიზაციის განცხადება გამოქვეყნდა ვებგვერდზე, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი სამინისტროს პოზიცია. სამინისტროს პასუხი მოგვიანებით გამოქვეყნდა ვებგვერდზე, თუმცა მკითხველს, რომელიც პირველ ორ ნიუსს გაეცნო ან გაეცნობა publika.ge-ზე, არ აქვს შესაძლებლობა, რომ გაიგოს ბრალდებებზე სამინისტროს პოზიცია. მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრალდებების შემცველი ცალკეული ნიუსები ერთმანეთთან ისე იყოს დაკავშირებული, რომ მკითხველს სრულყოფილი ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა მიეცეს.

მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა 23 ივლისს, როდესაც გამოქვეყნდა სტატია „ბაჩალიაშვილის მამის თქმით, ცხედარი ვერ გადმოასვენეს, რადგან ექსპერტიზის ბიუროს ყინული არ აქვს“. მოგვიანებით, იმავე დღეს, გამოქვეყნდა ექსპერტიზის ბიუროს განმარტება სტატიაში „ყინულთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – ბიურო ბაჩალიაშვილის ოჯახზე“. ამ შემთხვევაშიც, საერთო ჯამში ბალანსი დაცულია, თუმცა პირველ სტატიას ტექნიკურად არ ებმის მეორე და შესაბამისად, მასში ბრალდება წარმოდგენილია ცალმხრივად და არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ აღნიშნული ბრალდების სისწორე გადაამოწმოს. 

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ publika.ge ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს ობიექტურად და ცდილობს ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვას. 

pastedGraphic.png

<b>Radiotavisupleba.ge</b>

radiotavisupleba.ge გამოირჩეოდა საკითხების კრიტიკული და სიღრმისეული გაშუქებით. სტატიებში უმეტესად დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები.

radiotavisupleba.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პლიტიკური ძალის მიმართ. დადებითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრს (20%) ერგო, უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებლები კი „ქართული ოცნების“ (31%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (21%), „პატრიოტთა ალიანსისა“ (38%) და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (25%) გაშუქებისას გამოვლინდა.

ვებგვერდი ხშირად სთავაზობდა მკითხველს საკითხების სიღრმისეულ ანალიზს. მაგალითად, 3 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში „სიღნაღელებს საბაგიროს გზის აღდგენას ტყუილად ჰპირდებოდნენ“ წარმოდგენილი იყო მმართველი პარტიის მაჟორიტარის მიერ 2016 წელს გაცემული და შეუსრულებელი დაპირება საბაგიროს გზის აღდგენის შესახებ, ასევე მისი სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე ამ საბაგიროს ისტორია და მნიშვნელობა.

ვებგვერდზე შეცდომის შესწორებს ხდება სტანდარტის შესაბამისად, მაგალითად, სამონიტორინგო პერიოდში გამოქვეყნებულ მასალას – “ავტობუსები ჭავჭავაძეზე 3 ღამის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმოძრავებენ”, თანდართული აქვს განახლება, რომელშიც ვკითხულობთ: “მასალის თავდაპირველი ვერსიაში ეწერა, რომ ავტობუსის მძღოლები ახალ სქემაზე მოძრაობაზე ივარჯიშებდნენ, რაც არასწორი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, შეიცვალა”.

radiotavisupleba.ge უმეტესად ცდილობდა ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვას, თუმცა მონიტორინგის პერიოდში გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, რომლებშიც დაცული არ იყო წყაროთა ბალანსი და შესაბამისად, მოვლენები და ბრალდებები შუქდებოდა ცალმხრივად. მაგალითად, 18 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში „სუს-ს და პროკურატურას მოუწოდებენ დაინტერესდნენ ტენდერებში ივანიშვილის ნათესავის გამარჯვებით“ წარმოდგენილი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც იკვეთებოდა შესაძლო კორუფციული სქემა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ახლო ნათესავის მონაწილეობით. სტატიაში არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, რომ წარმოედგინა თავად ბრალდებული პირის პოზიცია ამ საკითხზე. ასევე, 16 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „მარნეულის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი აქციაზე მოითხოვა“ წარმოდგენილი იყო ეპისკოპოსის ბრალდებები მარნეულის საკრებულოს თამჯდომარის მიმართ და სტატიაში არ ჩანდა მცდელობა, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო მოპასუხე მხარის კომენტარებიც. 20 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „გიორგი უშიკიშვილსა და ასპინძის ვიცე-მერს შორის კონფლიქტი ამოიწურა“ წარმოდგენილი იყო მომღერალ გიორგი უშიკიშვილის მოსაზრება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მას ხელოვნურად უქმნიდა პრობლემებს კონცერტის ჩატარებაში და სტატიაში არ ჩანდა მცდელობა, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები ამ ბრალდებასთან დაკავშირებით.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ radiotavisupleba.ge მკითხველს სთავაზობს მიმდინარე მოვლენების კრიტიკულ და სიღრმისეულ ანალიზს, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, თავს იჩენს წყაროთა ბალანსის პრობლემა.

pastedGraphic.png

<b>Reginfo.ge</b>

reginfo.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. თუმცა, ვებგვერდზე ნაკლები სიხშირით შუქდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა და გაშუქება უმეტესად სახელისუფლებო გუნდს ეხებოდა. მონიტორინგის სუბიექტთა გაშუქების საერთო მოცულობის 80 პროცენტზე მეტი სწორედ მმართველი გუნდის გაშუქებას დაეთმო.

reginfo.ge-ზე უმეტესად დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები, თუმცა მონიტორინგის პერიოდში შეგვხვდა მოვლენების ცალმხრივად გაშუქების შემთხვევები, როდესაც არ იყო დაცული ბალანსი. მაგალითად, 3 ივლისს ვებგვერდმა ვრცლად გააშუქა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის, კომპანიებთან გაფორმებული სებიუჯეტო შესყიდვების შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია კი მკითხველს მიეწოდა ცალმხრივად და არ ჩანდა რედაქციის მხრიდან რაიმე მცდელობა, რომ ამ საკითხის გაშუქებისას წარმოედგინა თავად დეპუტატის განმარტებებიც. 17 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „ეს გამაფრთხილებელი გამოსვლაა – მეუფე გიორგი მარნეულლში გამართულ აქციაზე“ არ იყო წარმოდგენილი მარნეულის მერის ან საკრებულოს წარმომადგენელთა კომენტარები, მაშინ, როდესაც სტატიაში ეპისკოპოსი მძიმე ბრალდებებს აჟღერებდა მათი მისამართით. ასევე 17 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „ნინოწმინდის საკრებულოს თამჯდომარის მოადგილის TV ტენდერებს იგებს – TI” ცალმხრივად იყო გაშუქებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბრალდებები სავარაუდო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან და არ ჩანდა რაიმე მცდელობა, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო თავად საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის პოზიციაც. 

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ reginfo.ge-ზე ნაკლები სიხშირით შუქდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა. სახელისუფლებო გუნდის კრიტიკულად გაშუქებისას კი ზოგჯერ გვხვდება მოვლენების ცალმხრივი გაშუქება.

pastedGraphic.png

<b>Sknews.ge</b>

sknews.ge განსაკუთრებით აქტიურად აშუქებდა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ცალკეულ სტატიებში მაღალ დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური სტანდარტები.

sknews.ge-ზე დადებითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრის (46%), უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებელი კი „ქართული ოცნების“ (31%) გაშუქებისას გამოვლინდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები სხვა პარტიების გაშუქებისას არ გამოვლენილა.

მონიტორინგის პერიოდში sknews.ge გამოირჩეოდა საკითხების სიღრმისეული და მრვალმხრივი გაშუქებით. სტატიებში უმეტესად კარგად იყო დაცული ინფორმაციის წყაროთა ბალანსი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს და ამ ტიპის სტატიებში წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ასევე პასუხისმგებელ პირთა პოზიციები (მაგალითად, სტატიებში ფულს ხარჯავენ, წყალი არ გვაქვს’ – აწყურში სარწყავი წყლის გამო დაპირისპირება მოხდა, 5 აგვისტო, 2020; “ახალციხის მერიის შეცდომა თუ დეპუტატის გავლენით დაკანონებული მიწა”, 11 აგვისტო, 2020).

მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმრავლესობისგან განსხვავებით, sknews.ge მაღალ დონეზე იცავდა კვლევების გაშუქების სტანდარტს. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევას ახალციხის დეპუტატების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების შესახებ sknews.ge-მ ცალკე სტატია დაუთმო თავად კვლევაში ნახსენები დეპუტატების განმარტებებს (რა პასუხი აქვთ ახალციხელ დეპუტატებს არასრულად შევსებულ დეკლარაციებზე, 24 ივლისი, 2020).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ sknews.ge სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში,უმეტესად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდი მაღალ დონეზე იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ sknews.ge ნათლად მიჯნავს ერთმანეთისგან სარეკლამო და სარედაქციო მასალებს.

pastedGraphic.png

<b>Sputnik-georgia.com</b>

მონიტორინგის პირველ პერიოდში sputnik-georgia.com ძირითადად სახელისუფლებო გუნდის დადებითი გაშუქებით იყო დაკავებული და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა სხვა პარტიების საქმიანობას. მონიტორინგის სუბიექტთა გაშუქების საერთო მოცულობის 80 პროცენტზე მეტი სწორედ მმართველი გუნდის გაშუქებას დაეთმო. ამ სუბიექტთა გაშუქებისას კი ჭარბობდა დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები; მაგალითად, პრემირ-მინისტრს დადებითი ტონის 40% ერგო, ადგილობრვი თვითმმართველობებს 58%, პრეზიდენტს 29%, მთავრობას კი 37%.

უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კი გამოვლინდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა (62%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (28%) გაშუქებისას.

sputnik-georgia.com-ზე ხშირად გვხვდებოდა სტატიები, რომლებშიც მთავრობის წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურათა განცხადებები წარმოდგენილი იყო როგორც დადასტურებული ფაქტები და არ ჩანდა ჟურნალისტთა მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და საკითხის თუნდაც ოდნავ სიღრმისეულად გაშუქების რაიმე მცდელობა (მაგალითად, სტატიებში „მეტი კრედიტი, მეტი დახმარება: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივდება“, 25 ივნისი, 2020; „მიმზიდველი პირობები: რას სთავაზობენ უცხოურ კომპანიებს საქართველოში“, 24 ივნისი, 2020; „ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე: სად და რამდენი გაიტანეს“, 3 აგვისტო, 2020).

sputnik-georgia.com პერიოდულად აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებს, რომლებიც ნაკლებად ეფუძნება ფაქტებს და უფრო მეტად ჟურნალისტების პერსონალურ შთაბეჭდილებებს გადმოსცემს. მაგალითად, არჩევნებში ოპოზიციის მიერ დაყენებული მაჟორიტარი კანდიდატების შანსებს ეხება სტატია – “არჩევნები 2020: რა ხდება ოპოზიციურ პარტიებში”, რომელშიც ჟურნალისტი “კეთილ კაცად” მოიხსენიებს “ოცნების” კანდიდატს ვანის, ხონისა და სამტრედიის ოლქში – გივი ჭიჭინაძეს; “მარადმწვანე” დეპუტატს უწოდებს ოპოზიციის კანდიდატს გიგი წერეთელს. მასალაში ჟურნალისტი გვთავაზობს საკუთარ პროგნოზებს, თუ რომელ კანდიდატს რა შანსები აქვს, თუმცა სტატიაში არ არის ახსნილი თუ რა ფაქტებს ან კვლევებს ეფუძნება ეს პროგნოზები, არ არის მოცემული უშუალოდ კანდიდატების ან პოლიტიკური პარტიების პოზიციები. შესაბამისად, გაუგებარია, რას ეფუძნება ჟურნალისტის შეფასებები, რომ ოპოზიციაში მეორე ადგილისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და რომ ამ კუთხით „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ უფრო საშიში მეტოქე ჰყავთ ირმა ინაშვილის „პატრიოტების“ სახით: “ისინი [პატრიოტები] ჩუმად არიან, ბევრს მუშაობენ, მაგრამ, „ნაციონალებისა“ რა გითხრათ და, „ლელოსა“ და ბოკერიას დაჯგუფებაზე ბევრად უკეთეს შედეგს დადებენ არჩევნებზე” – ასკვნის ჟურნალისტი.

მონიტორინგის შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ sputnik-georgia.com-ის მიზანი არა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებელი და კრიტიკული ანალიზი, არამედ სამათავრობო გუნდის მიმართ დადებითი განწყობების შექმნაა.

pastedGraphic.png


<b>Tabula.ge</b>

tabula.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით. მეორე მხრივ კი შეინიშნებოდა პარტია „ევროპული საქართველოს“ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ამ პარტიას დაეთმო ორჯერ მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად, მმართველი პარტიის გამოკლებით. რიგ შემთხვევებში შეინიშნებოდა ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მონიტორინგის პერიოდში tabula.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მისი განცხადების მიხედვით, სამი თვით გამოეთიშა სარედაქციო საქმიანობას, რათა ჩართულიყო „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პარტიის მიმართ დადებითი ტონის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები არ გამოვლენილა, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, tabula.ge-ზე „ევროპულ საქართველოს“ დაეთმო ორჯერ მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას ერთად, მმართველი პარტიის გამოკლებით.

მმართველი პარტიის გაშუქებისას ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები tabula.ge-ზე ვლინდებოდა, რიგ შემთხვევებში, „ქართული ოცნების“ წევრთა შესახებ მომზადებულ სტატიებზე შეუსაბამო ფოტოების დართვით. მაგალითად, სტატიებს „თალაკვაძე: მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება“ (18 აგვისტო, 2020), „ვოლსკი: არ მგონია, ბოკერია სახელმწიფოს, მისი ფასეულობების, მომავლის ხედვაში შემეჯიბროს“ (10 აგვისტო, 2020), „კობახიძე: ჩვენ არ დავუშვებთ ომის განახლების შესაძლებლობას, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“ (8 აგვისტო, 2020), „მდინარაძე: IRI-ს კონტრაქტორები, რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ“ (12 აგვისტო, 2020), “ივანიშვილი: ხალხმა იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა” (20 ივლისი, 2020) ერთვოდა „ქართული ოცნების“ ლიდერების, არჩილ თალაკვაძის, გიორგი ვოლსკის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და ბიძინა ივანიშვილის ისეთი რაკურსით გადაღებული ფოტოსურათები, რომლებზეც ისინი არაადეკვატურად, სასაცილოდ ან დაკნინებულად გამოიყურებიან.

pastedGraphic.png


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის 15 ივნისს და დასრულდება 2020 წლის დეკემბერში.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews. ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაკვირვება ხდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კომპონენტების გათვალისწინებით. რაოდენობრივი კვლევისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა სიხშირით შუქდება ესა თუ ის სუბიექტი შერჩეულ მედიასაშუალებაში და რა ტონით შუქდება აღნიშნული სუბიექტი. თვისებრივი დაკვირვებისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად იცავს შერჩეული მედიასაშუალება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, როგორიცაა: ფაქტის სიზუსტე, წყაროების მრავალფეროვნება, დაბალანსებული გაშუქება, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება, გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირება, რაიმე სახის მანიპულაცია და ა.შ.

სრული ანგარიში ნახეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი