ნეტგაზეთი | „სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის? „სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის? – Netgazeti

„სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?

„ეს არის სიგნალი საქართველოსთვის“ — ასე აფასებს აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ უოკერი „ნეტგაზეთთან“ საუბარში კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს აშშ-ს დახმარება შესაძლოა 15%-ით შეუმცირდეს. რას ნიშნავს კანონპროექტში დათქმა საქართველოსთვის და რა უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის ხელისუფლებამ?


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა 9 ივლისს მიიღო „2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონი“. მართალია, კომიტეტმა კანონს მხარი დაუჭირა, მაგრამ ოფიციალურად ის ჯერჯერობით დამტკიცებული არაა — იგი უნდა მიიღოს ჯერ წარმომადგენელთა პალატის სრულმა შემადგენლობამ, შემდეგ სენატმა, ბოლოს კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

რა წერია კანონპროექტში საქართველოზე?

კანონპროექტი (Bill) საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ ასიგნაციების კომიტეტმა 1 ივლისს გამოაქვეყნა. მაშინდელი ვერსიის თანახმად [მოგვიანებით, საბოლოო მიღებამდე, კომიტეტმა მასში მცირე ცვლილებები შეიტანა], აშშ 2021 წელს საქართველოს დახმარების სახით 132 მილიონ 025 000 აშშ დოლარს გამოუყოფს, თუმცა ამ თანხის 15%, ანუ 19 803 750 მილიონი აშშ დოლარი, საქართველომ შესაძლოა ვერ მიიღოს, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონგრესს არ შეატყობინებს, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეული მიმართულებებით საჭირო ნაბიჯები გადადგა.

საქართველო დაკარგავს დახმარების ნაწილს თუ:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და არ შეატყობინებს კონგრესს, რომ:

  • საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

მოგვიანებით, 7 ივლისს, კომიტეტმა ასევე გამოაქვეყნა განმარტებითი ბარათი, სადაც ზემოთხსენებული ნაბიჯების გარდა კიდევ ერთი იყო დამატებული:

  • თუ საქართველოს მთავრობა შეზღუდავს მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაში ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას;

კანონპროექტთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ 8 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის კომუნიკაციების დირექტორს ესაუბრა. მაშინ მან განაცხადა, რომ „კანონპროექტი არაა თავდასხმა საქართველოზე“, ხოლო წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის მიერ მის განხილვას კომიტეტი შემდეგ თვეში [ანუ, აგვისტოში] ელის:

„ეს პროცესის დასაწყისია და, როგორც მოსალოდნელია, შემდეგ თვეში მას წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა განიხილავს. ამის შემდეგ იქნება მოლაპარაკებები სენატთან [აშშ-ის კონგრესის მეორე პალატა — რედ.]. ნათელი რომ იყოს, ეს კანონპროექტი არ არის თავდასხმა საქართველოზე — უფრო მეტად, მეგობარი გამოხატავს შეხსენებას, რომ საჭიროა ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისად კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად“, — გვიპასუხეს კომიტეტში.

საბოლოო ჯამში, უკვე 9 ივლისს, კომიტეტმა რამდენიმე ცვლილებით პროექტი დაამტკიცა. ცვლილებები არ შეხებია ჩანაწერს საქართველოს შესახებ.

კანონში შესული ცვლილებები — დააჭირეთ სანახავად

კომიტეტის პრეს-რელიზის თანახმად, კანონში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

  1. წარმომადგენელი ლოუი — ტექნიკური და არასაკამათო ცვლილებები კანონპროექტსა და განმარტებით ბარათში. მიღებულია ზეპირი ხმისმიცემით.
  2. წარმომადგენელი როჯერსი წარმომადგენელ გრეინგერის მხარდაჭერით — საერთაშორისო საბაზისო განათლებისთვის ფედერალურ დაფინანსებას შეეცვალოს სახელი და დაერქვას „ნიტა ლოუის საბაზისო განათლების ფონდი“. მიღებულია ზეპირი ხმისმიცემით.
  3. წარმომადგენელი ლოუი — ცვლილება ეხება სახელმწიფო მდივნის შესაძლებელობას, შეუჩეროს დახმარება დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორს და ნათელს ხდის, რომ არანაკლებ 225 მილიონი აშშ დოლარის დახმარება უნდა იყოს გამოყოფილი პალესტინელი ხალხის განვითარებისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მიღებულია ზეპირი ხმისმიცემით.
  4. წარმომადგენელი ქელარი — ცვლილება გამოუყოფს დამატებით 250 000 აშშ დოლარს საერთაშორისო სასაზღვრო და წყლის კომისიას [International Boundary and Water Commission (IBWC)]. მიღებულია ზეპირი ხმისმიცემით.

„ის, რაც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს“ — რას შეიძლება ნიშნავდეს პროექტი საქართველოსთვის

NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კურტ უოკერის შეფასებით, მომხდარი საქართველომ უნდა გაითვალისწინოს:

„რაღაცნაირად, ეს არის სიგნალი საქართველოსთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პალატის თუ სენატის წევრების უმრავლესობა ამას ეთანხმებიან, მაგრამ ფაქტი, რომ ვინმე ამ საკითხებს წინა პლანზე წევს, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს“, — განაცხადა მან „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობის დაწყებისას ჯერ კიდევ არ იყო მიღებული 8 მარტის შეთანხება, ხოლო დათქმა  დათქმა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული:

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ  წარმომადგენელთა პალატაში ამ კანონპროექტზე მუშაობა იქამდე დაიწყო, ვიდრე საქართველო მიიღებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელმაც უზრუნველყო პროპორციული წარმომადგენლობის ზრდას პარლამენტში. 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების დახმარებით შედგა, არ იყო შესრულებული  და იყო განცდა, რომ უნდა არსებობდეს ამ ცვლილებების მიღების მნიშვნელობისთვის ხაზგასმა. შემდეგ, ცვლილებები მიიღეს და ვფიქრობ, რომ წუხილი ქართულ დემოკრატიაზე აშშ-ში შემცირდა.

ასევე, არის ამერიკული კომპანია, რომელიც მიიჩნევს, რომ არასწორად მოეპყრნენ საქართველოში. ეს დიდი ისტორიაა, ორი მხარე აქვს ამ ისტორიას  და რადგანაც ეს ამერიკული კომპანიაა, მათ აქვთ შესაძლებლობა, მოუწოდონ კონგრესმენებს იყვნენ მათი წარმომადგენლები“, — გვითხრა უოკერმა.

კურტ უოკერი. ფოტო: EPA

ამასთან ერთად, უოკერმა აცხადებს, რომ დებულება საქართველოზე „არაა სანქციები“:

„ეს არაა სანქციები.  სანქციები იქნებოდა ქართული კომპანიების დაჯარიმება ვაჭრობაში, ან სხვა ტიპის ნეგატიური ნაბიჯები. ეს არის შეთავაზება, შემცირდეს აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის. დახმარება იქნება, კითხვა ისაა, რამდენი. მინდა ნათელი გავხადო, რომ საქართველოს აკვირდებიან და არსებობდა წუხილი 8 მარტის შეთანხმების არასაკმარის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით რაღაც დროის განმავლობაში.  ვფიქრობ ეს აისახა კონგრესის წევრების პოზიციაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ პერიოდს უკვე გავცდით“, — მიიჩნევს ყოფილი ელჩი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს პალატის მიერ პროექტის დამტკიცება საქართველოს რეპუტაციისთვის, უოკერმა ასე გვიპასუხა:

„ორი რამაა, რაც საქართველოს აღქმაზე ახდენს გავლენას. ერთ-ერთი ისაა, თუ იქნება განცდა, რომ დემოკრატიული და სასამართლო ინსტიტუტები არასამართლიანად მოქმედებენ და  მათი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია და არა დემოკრატიული ინსტიტუტის დამოუკიდებელი მუშაობა. ეს იწვევს შეშფოთებას“.

ის ასევე დასძენს:

„მეორე ფაქტორია საქართველოს აღქმა უცხოელი ინვესტორებისთვის. ვახსენე „ფრონტერას“ შემთხვევა, მაგრამ აქ დიდი ისტორიაა და უფრო მეტია, ვიდრე უცხოელი ინვესტორი. მაგრამ თუ შეხედავთ სხვა რაღაცებს, მაგალითად გუშინდელ მოვლენებს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ეხება იმას, შეასრულებს თუ არა მთავრობა უფრო დიდ როლს ტელეკომუნიკაციებში, ეს არის ის, რაც შეაწუხებს ინვესტორებს და რაც უბიძგებს დასავლურ მთავრობებს მოქმედებისკენ“.

კომიტეტმა კანონი მიიღო — რა ხდება შემდეგ?

მართალია, კომიტეტმა უკვე დაამტკიცა კანონი, მაგრამ ის ძალაში არ შესულა და ოფიციალურ მიღებამდე ჯერ კიდევ გზა აქვს გასავლელი. როგორც აშშ-ის კონგრესის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, კანონმდებლობა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში შემდეგი გზით მიიღება:

თავდაპირველად, წარმომადგენელი [იგივე კონგრესმენი] წარადგენს კანონპროექტს, რომელსაც შემდეგ გადასცემენ შესაბამის კომიტეტს შესასწავლად. თუ კომიტეტი კანონპროექტს დაამტკიცებს, იგი ხვდება განრიგში და მას უკვე განიხილავს წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრი. თუ მთლიანი პალატა მას მარტივი უმრავლესობით (218 ხმა 435-დან) მიიღებს, პროექტი გადაეცემა აშშ-ის სენატს.

ამის შემდეგ პროექტი უნდა განიხილონ სენატის შესაბამის კომიტეტში, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც მას ასევე განიხილავს სენატის სრული შემადგენლობა — მისაღებად საჭიროა 51 ხმა (თუმცა, ხმების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში საქმეში ჩარევის უფლება აქვს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ამავდროულად სენატის პრეზიდენტია).

თუკი პროექტს სენატიც აუნთებს მწვანე შუქს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სენატისა და პალატის მიერ მიღებულ კანონებს შორის განსხვავებებზე იმუშავებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგაც, კანონპროექტი კიდევ ერთხელ გადაეცემა პალატისა და სენატის სრულ შემადგენლობას, ხოლო თუ ისინი მას მიიღებენ, პროექტი გადაეცემა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს 10 დღე მის ხელმოსაწერად ან ვეტოს უფლების გამოსაყენებლად.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, კონგრესს მისი დაძლევა შეუძლია — ამისთვის საჭიროა ხმების 2/3, ანუ 67 ხმა სენატში და 290 წარმომადგენელთა პალატაში.

ვინ (არ) დაუჭირა მხარი კანონპროექტს და როგორია მისი შანსები

წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტში უმრავლესობა დემოკრატიული პარტიის წევრებს აქვთ, ხოლო რესპუბლიკელები უმცირესობაში არიან. ასეთივე სიტუაცია პალატის სხვა კომიტეტებში, გამომდინარე იქიდან, რომ პალატაში ამჟამად დემოკრატიული პარტიაა უმრავლესობაში. კომიტეტის თავმჯდომარე ნიტა ლოუიც დემოკრატია.

როგორც „ნეტგაზეთს“ კომიტეტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, კანონპროექტს მხარი ყველა დემოკრატმა დაუჭირა, ყველა რესპუბლიკელი კი მისი წინააღმდეგი იყო.

კომიტეტის წევრები და მათი პოზიცია — დააჭირეთ სანახავად

განმარტება: ფრჩილებში ჩასმული ასო „დ“ და „რ“ ასახავს პარტიულ კუთვნილებას: 

  • „დ“ = დემოკრატიული პარტია
  • „რ“ = რესპუბლიკური პარტია

პოზიციის გამოსახატად გამოყენებულია „დიახ“ და „არა“:

  • „დიახ“ = მხარი დაუჭირა
  • „არა“ = არ დაუჭირა მხარი
  1. მერსი კაპტური (დ) — დიახ
  2. პიტერ ვიჩლოსკი (დ) — დიახ
  3. ხოსე სერანო (დ) — დიახ
  4. როზა დელაურო (დ) — დიახ
  5. დეივიდ პრაისი (დ) — დიახ
  6. ლუსილ როიბალ-ალარდი (დ) — დიახ
  7. სენფორდ ბიშოპი (დ) — დიახ
  8. ბარბარა ლი (დ) — დიახ
  9. ბეტი მაკკოლუმი (დ) — დიახ
  10. ტიმ რაიანი (დ) — დიახ
  11. დათჩ რაპერსბერგერი (დ) — დიახ
  12. დები ვასერმან-შულცი (დ) — დიახ
  13. ჰენრი ქელარი (დ) — დიახ
  14. შელი პინგრი (დ) — დიახ
  15. მაიკ კუიგლი (დ) — დიახ
  16. დერეკ კილმერი (დ) — დიახ
  17. მეტ კერტრაიტი (დ) — დიახ
  18. გრეის მენგი (დ) — დიახ
  19. მარკ პოქანი (დ) — დიახ
  20. კატერინ კლარკი (დ) — დიახ
  21. პიტ აგილარი (დ) — დიახ
  22. ლოის ფრანკელი (დ) — დიახ
  23. ჩერი ბასტოსი (დ) — დიახ
  24. ბონი უოტსონ კოულმანი (დ) — დიახ
  25. ბრენა ლოურენსი (დ) — დიახ
  26. ნორმა ტორესი (დ) — დიახ
  27. ჩარლი კრისტი (დ) — დიახ
  28. ენ კირკპატრიკი (დ) — დიახ
  29. ედ ქეისი (დ) — დიახ
  30. ქეი გრეინგერი (რ), თავმჯდომარის მოადგილე — არა
  31. ჰაროლდ როჯერსი (რ) — არა
  32. რობერტ ადერჰოლტი (რ) — არა
  33. მაიკლ სიმპსონი (რ) — არა
  34. ჯონ კარტერი (რ) — არა
  35. კენ კალვერტი (რ) — არა
  36. ტომ კოული (რ) — არა
  37. მარიო დიას-ბალარტი (რ) — არა
  38. ტომ გრეივსი (რ) — არა
  39. სტივ უომაკი (რ) — არა
  40. ჯეფ ფორტენბერი (რ) — არა
  41. ჩარლეს „ჩაკ“ ფლეიშმანი (რ) — არა
  42. ჯეიმი ჰერერა ბეტლერი (რ) — არა
  43. დეივიდ ჯოისი (რ) — არა
  44. ენდი ჰარისი (რ) — არა
  45. მართა რობი (რ) — არა
  46. მარკ ამოდეი (რ) — არა
  47. კრის სტიუარტი (რ) — არა
  48. სტივენ პალაზო (რ) — არა
  49. დენ ნიუჰაუზი (რ) — არა
  50. ჯონ მულენაარი (რ) — არა
  51. ჯონ რატერფორდი (რ) — არა
  52. უილ ჰარდი (რ) — არა

კურტ უოკერის შეფასებით, მცირეა იმის ალბათობა, რომ კანონპროექტში, რომელიც საბოლოო ჯამში პრეზიდენტს გადაეცემა, დარჩება დებულება საქართველოზე:

„რაც შეეხება იმის შანსებს, იქნება თუ არა ჩანაწერი საქართველოზე პროექტში, რომელიც უკვე პრეზიდენტთან მივა, ვფიქრობ, ისინი ძალიან პატარაა. ეს იმიტომ, რომ ზოგადად არსებობს დიდი მხარდაჭერა საქართველოსი და სურვილი, მან მიიღოს აშშ-ის დახმარება სრულად“, — ამბობს იგი „ნეტგაზეთთან“.

ასიგნაციების კომიტეტის ორი რესპუბლიკელი წევრი — უილ ჰარდი და ჩაკ ფლეიშმანი საქართველოს საკითხებზე აქამდეც მუშაობდნენ. ისინი  იმ კონგრესმენს შორის არიან, რომლებიც საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას — კანონპროექტ „2019 წლის საქართველოს სამართლიანი ბიზნესის სანქციების აქტს“ უჭერენ მხარს.

თუმცა, ზემოთხსენებულ კანონპროექტს მათ მხარი არ დაუჭირეს.

ჩაკ ფლეიშმანი (მარცხნივ) და უილ ჰარდი.

მათი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ კონგრესმენები სწორად არ მიიჩნევენ კანონპროექტის სხვა დებულებებს, კერძოდ კი ისეთებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მათი თანაპარტიელის — პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით [ფლეიშმანმა, ჰარდის მსგავსად, არ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტს, თუმცა ჰარდი ტრამპს რიგ საკითხებში ზოგჯერ აკრიტიკებს].

კანონპროექტი უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და მათთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების 20%-ით შემცირების თაობაზე, ხოლო მისი მიღების შემდეგ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში კომიტეტის თავმჯდომარე ნიტა ლოუი აცხადებს:

„2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნაციების კანონი უარყოფს პრეზიდენტის „მარტო აკეთე“ მიდგომას საგარეო პოლიტიკისადმი და გამოხატავს კომიტეტის შეშფოთებას დროულ ვალდებულებთან და გონიერ ხარჯებთან დაკავშირებით. იგი დიდ განსხვავებას ქმნის მოკლევადიან დიპლომატიურ და პოლიტიკურ ინიციატივებსა და გრძელვადიან ინვესტიციების, რომელთა შემთხვევაშიც მოულოდნელმა მოვლენებმა არ უნდა გამოიწვიონ დახმარებისთვის პირობების დაწესება შორის“.

იმის შესახებ, რომ საქართველოს გარდა პროექტში აშშ-ის შიდა პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი დებულებებია გაწერილი, კურტ უოკერიც საუბრობს:

„კანონს, როგორც ასეთი, აქვს ის, რაც მნიშვნელოვანია ტრამპის ადმინისტრაციისთვის და კონგრესისთვის და არის პოლიტიკურად მგრძნობიარე აშშ-ში. ყველაზე მგრძნობიარე, ალბათ, არის დებულება, რომელიც მოითხოვს პრეზიდენტისგან, მწვანე შუქი აუნთოს სამხედრო ბაზებისთვის სახელის გადარქმევას, რომლებიც კონფედერატი [ერთ-ერთი მხარე აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. კონფედერაცია, შემდგარი სამხრეთის შტატებისგან, მონობის შენარჩუნების მომხრე იყო — რედ.] გენერლების სახელებს ატარებენ. ეს ახლა ჩვენი შიდა პოლიტიკის ნაწილია. და თუ ეს დებულება იქნება პროექტში, პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, თუმცა ამას საქართველოსთან არაფერი ექნება საერთო“, — გვიხსნის იგი.

რას ფიქრობენ საქართველოში მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

კანონპროექტის მიღების შემდეგ, შეფასებები გააკეთეს როგორც „ქართულ ოცნებაში“, ასევე ოპოზიციაში.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას აზრით, კომიტეტის გადაწყვეტილებაში „არაფერი სასიამოვნო არ არის“ და ეს საკითხი „ყურადსაღებია“.

ის ასევე ამბობს, რომ „შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გარეთაც გადის“, „ასეთი ბევრი შემთხვევა იყო“ და ეს არის „წინასაარჩევნო პერიოდში შიდაპოლიტიკურ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის მცდელობა“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას თქმით, „ფაქტი, რომ ასეთი ჩანაწერის გაჩენა სურს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც თავიანთი ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, რომ ასე მოხდეს, არის საზიანო ქვეყნისთვის.

„ეტაპობრივად მივყვებით ზუსტად იმას, რასაც ვამბობდით და ვამბობთ კიდეც — დაახლოებით, ნოემბერში, ცოტა ადრე ან ცოტა გვიან, შეიძლება, იანვარ-თებერვალში, გადაიწიოს ამ კანონის საბოლოოდ კენჭისყრამ და დამტკიცებამ, ამიტომ, დრო ძალიან დიდია და სპეკულაცია, რომ დღეს რამე სანქცია დაუწესდა და უკვე გადაწყვეტილება არის მიღებული, არათუ არასწორია, არამედ არის მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობა და სიცრუე. დღეს კიდევ გვესმის, რომ სანქციები დაგვიწესდა – სანქციები არ დაწესებულა“, — განაცხადა კუჭავამ.

იქამდე, მისი თანაგუნდელი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობდა, რომ [კანონპროექტი] „ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც, პრაქტიკულად, არ არსებობს“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, „ოცნებამ“ განგაშის ზარები უნდა შემოკრას:

„ქართულ ოცნებაში“ განგაშის ზარები უნდა შემოკრან. ეს უკვე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარი ამ რამდენიმე პუნქტში არის მე-5 პუნქტი, რაც ეხება ოლიგარქიულ მმართველობას. ის აზრი, რაც აქამდეც იყო ჩამოყალიბებული და ძალიან გავრცელებული ვაშინგტონში, რომ ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა, ანუ როცა რეალური ძალაუფლება არის პირის ხელში, რომელიც არ იკავებს არც ერთ ფორმალურ თანამდებობას, არის ცუდი, უკვე არამხოლოდ გავრცელებული აზრია, არამედ არის საკანონდებლო დონეზე, ქაღალდზე ჩამოყალიბებული“, — ამბობს კანდელაკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ „ივანიშვილის რეჟიმი მმართველობის უკანასკნელ თვეებში აშშ-თან ურთიერთობას გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს“:

„ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმი ამ უკანასკნელ თვეებშიც კი, რაც დარჩა მათი მმართველობის ჩვენს სახელმწიფოში, ახერხებს იმას, რომ გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან და საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვესმოდა ურცხვი ტყუილები, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან და უმრავლესობის წარმომადგენლებისგან იმის თაობაზე, რომ რეალურად ბუნებაშიც არ არსებობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციას ჩვენი ქვეყნისთვის, გუშინ კონგრესის ყველაზე გავლენიანმა კომიტეტმა, საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციას“, — მიიჩნევს სამადაშვილი.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი და ოპოზიციის საერთო კანდიდატი ისნის ოლქში, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „საქართველოს უზომოდ ძვირი უჯდება ოლიგარქულ-კლანური მმართველობა „ქართული ოცნების“ სახით“:

„სამწუხაროდ გუშინ, ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა სანქციები საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს უზომოდ ძვირი უჯდება ოლიგარქულ-კლანური მმართველობა „ქართული ოცნების“ სახით. ეს სანქციები პრობლემას უქმნის არა პირადად ივანიშვილს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. დიახ, ეს სანქციებია და ივანიშვილის მავნებლური რეჟიმიდან გამომდინარე, ჩვენ მივედით იმ ზღვარამდე, რომ რუსეთთან ერთად ჩვენს რეგიონში ერთადერთი გამონაკლისია საქართველო, რომლის მიმართაც სანციების გამოყენება უწევს აშშ-ს“, — აცხადებს ვაშაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com