ახალი ამბები

Tesla Y არჩევნებზე მისვლის სანაცვლოდ — კანონდარღვევა თუ აქტივობის წახალისება?

13 ივლისი, 2020 • 1773
Tesla Y არჩევნებზე მისვლის სანაცვლოდ — კანონდარღვევა თუ აქტივობის წახალისება?

2020 წლის 13 ივლისს პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ თავისი ახალი ინიციატივა დააანონსა — არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს, გარკვეული პირობების შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილი Tesla მოიგონ.

რას გულისხმობს „გირჩის“ ინიციატივა და როგორ აპირებს პარტია ავტომობილის ყიდვას

„გირჩის“ თანახმად, გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თუმცა ამისთვის რამდენიმე პირობის შესრულებაა საჭირო, მათ შორის, პარტიის საიტზე დარეგისიტრირება და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან ფოტოს გადაღება იმის დასტურად, რომ არჩევნებზე იყო მისული.

თავიანთი ინიციატივის მიზნად პარტიაში ასახელებენ არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზაციას:

„გულწრფელად გვჯერა, რომ ეს არჩევნები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. არის მეორე ვადა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის, არის არჩევნები, რომლებიც ტარდება ახალი სისტემით და გვინდა, რომ არჩევნების შედეგად მომავალ პარლამენტში იყოს მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები მაქსიმალურად ზუსტად წარმოდგენილი. ამის წახალისებას ემსახურება ეს გათამაშება“, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

ჯაფარიძემ „ნეტგაზეთთან“ საპრიზო ავტომობილის მოდელიც დაასახელა — მისი თქმით, სავარაუდოდ, პარტია ყველაზე ახალ Tesla-ს შეიძენს, ანუ, მოდელ Y-ს, რომლის ფასიც აშშ-ის ბაზრისთვის, კომპლექტაციიდან გამოდინარე, 43 690-დან 53 690 აშშ დოლარამდე მერყეობს (133 909-164 559 ლარი).

რაც შეეხება იმას, თუ რა სახსრებით იყიდის „გირჩი“ მანქანას, პარტიაში ამბობენ, რომ ამისთვის საბიუჯეტო დაფინანსებას გამოიყენებენ.

„გირჩი არ აპირებს, რომ გადასახადების გადამხდელებისგან ფული აიღოს. ბევრი ვიფიქრეთ, რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ ის გამოვიყენოთ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ Tesla-ს, რომელსაც გავათამაშებთ. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „გირჩი“, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, მით მეტი Tesla-ები გათამაშდება“, — დასძენს ჯაფარიძე და აღნიშნა, რომ პარტია ამ დაფინანსების წინააღმდეგია, მის გაუქმებას ითხოვს და გამოყენებას არ აპირებს.

არის თუ არა „გირჩის“ ინიციატივა მოსყიდვა — ISFED-ის შეფასება

„[გირჩის] ინიციატივა ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ სავარაუდოდ, შეიძლება შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ პირდაპირ იმაზე არ არის მითითებული, რომ კონკრეტულად „გირჩს“ მისცენ ამომრჩევლებმა ხმა, მაგრამ შეიძლება ამომრჩევლებს გაუჩნდეთ განცდა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ „გირჩი“ საჩუქარს გადასცემს, ავალდებულებს, ასე ვთქვათ, დაუჭირონ არჩევნებში მხარი.

ამასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ ამომრჩევლისთვის საჩუქრების გადაცემა ან ფინანსური დაინტერესების შეთავაზება. გამონაკლისია, რომ შეიძლება ეს იყოს თვის განმავლობაში მაქსიმუმ 5000 ლარის ფარგლებში, თუმცა, რასაც „გირჩს“ აქვს დაანონსებული, გაცილებით მეტია“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

ნიჟარაძე აგრეთვე მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ასპექტის გარდა, გირჩის ინიციატივა პოლიტიკურადაც „ცუდი პრაქტიკაა“:

„სამართლებრივ ჩარჩოს მიღმაც რომ განვიხილოთ, ძალიან ცუდი პრაქტიკაა, როდესაც ამომრჩევლებს ასეთ მოტივაციას აძლევს პოლიტიკური პარტია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ რაღაც საჩუქრების, ფინანსური ინტერესის სანაცვლოდ. ეს უნდა წარმოადგენდეს ნებაყოფლობით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შედეგად შესრულებულ აქტს“, — გვითხრა მან.

ცესკოში ამბობენ, რომ როგორც ასეთი, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის დადგენა მათ კომპეტენციას სცდება, ხოლო ასეთი შეფასების გაკეთება მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ შეიძლება:

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ცესკო არ არის ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის დამდგენი ინსტიტუცია, ეს სცდება ჩვენს კომპეტენციას.

ამასთან ერთად, მოსყიდვის კატეგორიით შეიძლება შეფასდეს ქმედება მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის [არჩევნების დანიშვნის შესახებ] გამოცემის შემდეგ. ნებისმიერი ქმედებისა და ფაქტის კანონთან შესაბამისობა შეიძლება მხოლოდ მაშინ იყოს დადგენილი, როდესაც ქმედება განხორციელდება. აღნიშნული ქმედება ჯერჯერობით არ არის განხორციელებული“, — უთხრეს „ნეტგაზეთს“ ცესკოში.

იგივე გვითხრა ელენე ნიჟარაძემაც, თუმცა აღნიშნა, რომ დაინტერესებულ უწყებას, სურვილის შემთხვევაში, მოკვლევის დაწყება შეუძლია:

„ცესკოს უფლებამოსილება ვრცელდება მას შემდეგ, რაც დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, ეხება მხოლოდ ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ჯერჯერობით არ დაწყებულა.

თუმცა, მაგალითად, ნორმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში და სსკ-ში განუსაზღრელი ვადით მოქმედებს და შეზღუდული არაა საარჩევნო კამპანიით. რა თქმა უნდა, [შესაბამის უწყებას], სურვილის შემთხვევაში, უკვე შეუძლია, შეისწავლოს ფაქტი და შემდეგ უკვე შეფასებაზეა დამოკიდებული“, — დასძენს იგი.

რას პასუხობენ „გირჩში“?

„გირჩში“, თავის მხრივ, არ ფიქრობენ, რომ მათი ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება შეფასდეს.

„რა არის არგუმენტი, უბრალოდ, არ მესმის. მოსყიდვა ნიშნავს, რომ ადამიანს ხმის სანაცვლოდ აძლევ მატერიალური ღირებულების მქონე რაღაცას. ჩვენი ინიციატივა არ გულისხმობს, რომ ხმის სანაცვლოდ ვინმეს რამეს ვაძლევთ“, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

„ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არის ის, რომ ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და მათ შორის საჯაროდ, მკვეთრად და გასაგებად განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. რანაირად შეიძლება ეს მოსყიდვა იყოს?“, — დასძენს იგი.

„ასე მილიონ რამეზე შეიძლება თქვა, რომ ირიბად შეიძლება რაღაც სტიმულები გააჩინოს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რას ემსახურება ეს ინიციატივა. რა მოტივები შეიძლება გააღვიძოს ადამიანებში, ეგ არ ვიცი, მაგრამ რასაც ვუყურებ ახლა, ძალიან ბევრი პარტიის მხარდამჭერები არიან დაინტერესებულები“, — აღნიშნავს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი