ახალი ამბები

„არა რუსულ კანონს!” – ქუთაისში სამოქალაქო სექტორის და მედიის აქცია გაიმართა

12 აპრილი, 2024 • 593
„არა რუსულ კანონს!” – ქუთაისში სამოქალაქო სექტორის და მედიის აქცია გაიმართა

„არა რუსულ კანონს”, – ამ დევიზით ქუთაისში სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ქვეყანაში მესამე სექტორისა და კრიტიკული მედიის დიდი ნაწილი აღარ იარსებებს.

„რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რაც შეეხება იმ მოტივს, თითქოსდა გამჭვირვალობის და სამართლიანობის მოტივით არის ნაკარნახევი ამ კანონის მიღების აუცილებლობა, დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოზე დავრწმუნდით და ვნახეთ, როგორ სადამსჯელოდ მიესაჯა უსამართლოდ 9 წლით პატიმრობა, რომ ახალგაზრდებმა კარგად დაინახონ და გააცნობიერონ, რა ელოდებათ მათ, თუ ისინი თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის გამოვლენ საპროტესტოდ“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ია იაშვილი.


მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი