ახალი ამბებისამართალი

რა (არ) გამოიძიეს 20 ივნისის საქმეზე

20 ივნისი, 2020 •
რა (არ) გამოიძიეს 20 ივნისის საქმეზე

20-21 ივნისის საქმე, რომლის გამოძიების ერთ-ერთ მიმართულებასაც სამართალდამცავების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხისთვის უნდა მოეფინა ნათელი, ერთი წლის თავზეც არ არის ბოლომდე მიყვანილი:

დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 8 სამოქალაქო პირს აქვს, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების ცნობით, ეს სტატუსი გაცილებით მეტს უნდა მიენიჭოს. იმის მიუხედავად, რომ აქციაზე არაერთი რეპორტიორი დაშავდა, არავინ დაუსჯიათ ჟურნალისტისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის ხელშეშლისათვის; ამის საპირწონედ, დაზარალებულად ცნობილია 68 პოლიციელი;

აღნიშნულ გარემოებებთან ერთად, 20 ივნისის შემდეგ დემონსტრანტების დაკავებების, მათი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით გასამართლების პროცესი, პოლიტიკური აქტორებისა და აქტივისტების წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების და დაკავებების პარალელურად, გამოძიების პოლიტიკურ ხასიათზე მიუთითებს და ამძაფრებს კითხვის ნიშნებს შსს-ს, პროკურატურისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით…

დაზარალებულები სტატუსის გარეშე

2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის გახსნას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რომელიც ანტიკრემლისტურ და ანტისამთავრობო რიტორიკას ატარებდა. აქცია პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევით დასრულდა, რის დროსაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა.

21 წლის წლის დავით ქურდოვანიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცველების მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაუზიანდა, თუმცა დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული.

დავით ქურდოვანიძის მონათხრობის თანახმად, მას რეზინის ტყვია წარბთან მაშინ მოხვდა, როდესაც ოპერის სიახლოვეს სხვა ადამიანის დახმარებას ცდილობდა. ტყვიის მოხვედრის შედეგად კი თვალის ზემოთ ძვალი სრულად დაემსხვრა.


როგორც ის „ნეტგაზეთს“ უამბობს, ხუთი ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მისთვის თვალის ნაწილის აღდგენა მოახერხეს, თუმცა ამ დროისთვის დაზიანებულ თვალში მხედველობის მხოლოდ 2% აქვს აღდგენილი.

მის მსგავსად, დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული 50 წლის კობა ლეთოდიანს, რომელმაც,  ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. ლეთოდიანის ამბავი კიდევ უფრო ტრაგიკულია — მას ცალ თვალში მხედველობა აფხაზეთის ომში ჰქონდა დაკარგული, 20 ივნისის შემდეგ კი, ფაქტობრივად, ვერც ერთი თვალით ვეღარ ხედავს.

როგორც მისი შვილი, ნათია ლეთოდიანი „ნეტგაზეთს“ უამბობს, კობას შარშან დაზიანებულ თვალში მხოლოდ შუქზე აქვს რეაქცია, რაც ნიშნავს, რომ მხედველობის გარკვეულწილად დაბრუნების შანსი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ექიმები დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ.

როგორც ის „ნეტგაზეთს“ ეუბნება, 20-21 ივნისის მოვლენებამდე მამამისი მუშაობდა და აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო ერთი წელია განსაკუთრებული საჭიროებების გარდა სახლს არ ტოვებს.

სტატუსი – 8 სამოქალაქო პირს და 68 პოლიციელს

20-21 ივნისის მოვლენებზე ორი პარალელური გამოძიება დაიწყო ორმა სხვადასხვა უწყებამ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების შესაძლო დანაშაულების შესწავლა დაიწყო;
  • გენერალურმა პროკურატურამ სამართალდამცავების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესწავლა დაიწყო;

გენერალური პროკურატურის წარმოებულ გამოძიებას სახალხო დამცველი ზედამხედველობდა. სწორედ სახალხო დამცველის მიერ 2020 წლის 30 მარტს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშია გამოძიების შესაფასებლად ერთ-ერთი ძირითადი წყარო.

სახალხო დამცველის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ პროკურატურის გამოძიების პროცესში დაზარალებულად ცნეს 8 სამოქალაქო პირი, ბრალდებულად კი — სამართალდამცავი სტრუქტურის სამი თანამშრომელი.  დაზარალებულად ცნობილია 68 პოლიციელი;

დაშავებულთა რაოდენობა ოფიციალური რიცხვებითაც გაცილებით მეტი იყო — როგორც „ღია საზოგადოების ფონდი“ წერს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის:

  • 187 სამოქალაქო პირი;
  • 15 ჟურნალისტი (თუმცა, არაოფიციალური ცნობებით, მათი რიცხვი 40-მდეც აღწევს);
  • პოლიციის 73 თანამშრომელი;

საინტერესოა, რომ 73 დაშავებული პოლიციელიდან 68 ცნეს დაზარალებულად, სამოქალაქო პირებიდან და ჟურნალისტებიდან, რომელთა რაოდენობაც ოფიციალურად 202 მაინც იყო, მხოლოდ 8 ცნეს დაზარალებულად.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა

არავინ დასჯილა და არავის წაყენებია ბრალი ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისათვის. არადა, ამის მაგალითებიც იყო:

ინტერგამოცემა Civil.ge-ს ფოტოგრაფს, 20 ივნისის აქციისა და დარბევის გაშუქებისას რეზინის 11 ტყვია მოხვდა ზურგში.

ფოტომ, რომელზეც გურამ მურადოვის დაზიანებებია აღბეჭდილი და რომელიც მის კოლეგას, იანა ყორბეზაშვილს ეკუთვნის, შარშან ქართული მედია და ინტერნეტსივრცე მოიარა…

გარდა იმისა, რომ არც ამ საქმეზეა ვინმე ბრალდებულად ცნობილი, არც ფოტოგრაფი გურამ მურადოვი უცვნიათ დღემდე დაზარალებულად.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანახმად, დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების რაოდენობა არა 15, არამედ 40-მდეა.

კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 18 ივნისს გამოაცხადა, რომ ისინი იცავენ 20-21 ივნისის საპროტექსტო აქციის დარბევისას დაზარალებულ ჟურნალისტებს: მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვსა და ზაზა სვანაძეს და მათი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში აქვთ შეტანილი.

3 ჟურნალისტის საქმე
ადამიანის უფლებათა ცენტრი იუწყება:

„ბესლან კმუზოვი არის Кавказский Узел-ის ჟურნალისტი საქართველოში. იგი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აშუქებდა, რა დროსაც მან მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ტყვიებისაგან,  კერძოდ მოხვდა  ექვსამდე ტყვია სხეულის სხვადასხვა ადგილას, ერთი ტყვია მოხვდა თავში, რის გამოც მიიღო თავის ღია ჭრილობა და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

მერაბ ცაავა არის  საინფორმაციო სააგენტო ,,გურია ნიუსის“  ჟურნალისტი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს. მერაბ ცაავას ჰქონდა ჟურნალისტის ამომცნობი ნიშანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, რეზინის ტყვია მოხვდა ხელში იმ დროს, როდესაც კამერა თვალებთან ჰქონდა მიტანილი და იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ცაავა საკუთარმა ხელმა დაიცვა თვალის დაზიანებისაგან.

ზაზა სვანაძე ჟურნალისტი, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტია, იგი 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამავე დროს იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და საინფორმაციო სააგენტო „ჯეო მედია ტვ“-სთვის იღებდა აქციაზე განვითარებულ მოვლენებს“.

რა (არ) გაარკვია გამოძიებამ

ერთი წლის თავზე 20 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების რეკონსტრუქცია, — სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (საია, EMC) ანგარიშებისა და მიმოხილვების გაერთიანებით, — კრავს სრულ პროცესს, სადაც, გარდა ძალის გადამეტებისა, არაერთი ხარვეზი იკვეთება.

დემონსტრაციის დაშლამდე, მაგალითად, როგორც საია აცხადებს, მათ მიერ შესწავლილი ფაქტები ადასტურებს — აქციის ღამეს შსს-მ „სათანადოდ ვერ უზრუნველყო დაძაბული ვითარების კონტროლი, დეესკალაციის მისაღწევად არ მიმართა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსს“.

შსს-ს მიერ EMC-სთვის გაზიარებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, შეკრება-მანიფესტაციის შეწყვეტის მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებებში, საერთო ჯამში, მონაწილეობა მიიღო შსს-ს 5000-მდე თანამშრომელმა.

ამავე ცნობის თანახმად, სამართალდამცავებმა, მომიტინგეთა მიმართ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გარდა, „არალეტარული ჭურვების სახით 12-კალიბრიანი და 38-მილიმეტრიანი 800-მდე რეზინის ტყვია ისროლეს“.

რეზინის ერთ-ერთი ტყვიის სახეობა, რომელიც 20 ივნისის დარბევისას მოქალაქეებს ესროლესსაიას შეფასებით, ვითარების კონტროლისა და დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ნაცვლად:

  • შსს-მ, ძირითადად, არამართლზომიერი და არაპროპორციული ძალა გამოიყენა:
  • ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ ისროლა რეზინის ტყვიები, მათ შორის, აქციის იმ მონაწილეების მიმართულებით, რომელთა მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა.
  • ასევე, რიგ შემთხვევაში სამართალდამცავებმა ტყვიები ისროლეს ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოებზე დამიზნებით“.

თუმცა რას ამბობს თვითონ გამოძიება არაპროპრორციული ძალის გამოყენებაზე? რა გამოიკვეთა გამოძიებისას და როგორ წარიმართა პროცესი?

მეთოფეებისა და მაღალჩინოსნების ნაამბობი

ამ კითხვასაც ომბუდსმენის ანგარიში სცემს პასუხს. იქ ნათქვამია, რომ საქმის მასალებში მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებითა და თანხმობით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გამოძიების ფარგლებში გამოკითხული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეები, პროკურატურაში მიცემულ ჩვენებში აცხადებენ, რომ ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე მათ ბრძანება მიიღეს, ხოლო არალეტალური ჭურვები, იგივე რეზინის ტყვიები, გამოიყენეს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანების გარეშე.

თუმცა, აქ საყურადღებოა ის, რომ ჩვენებების თანახმად, რომლებიც, სახალხო დამცველის თანახმადვე, იდენტური იყო, „არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა მათთვის არ მიუციათ ბრძანება, შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება“.

დეტალურად:

ომბუდსმენის განცხადებით, გამოკითხული პირები თავდაპირველად არ უთითებდნენ და არც გამოძიება ეკითხებოდა, კონკრეტულად რომელ საკანონმდებლო ნორმებს გულისხმობდნენ ისინი, ან იცნობდნენ თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენების პროცედურას შინაარსობრივად.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ნაწილის მეორედ გამოკითხვისას (სახალხო დამცველის წინადადების შემდეგ) კი გამოძიებას განუმარტეს, რომ მათ სპეციალური, მათ შორის, წიწაკის გაზის, ცრემლსადენი გაზისა და არალეტალური რეზინის ტყვიების საშუალებები გამოიყენეს კანონმდებლობის შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების დანაწესის შესაბამისად:

“გამოკითხული სამმართველოების უფროსების თქმით, რაციით გავრცელდა (გდდ) დეპარტამენტის უფროსის ბრძანება, მეთოფეებს აეღოთ აღჭურვილობა, მათ შორის, თოფებიც. გაზის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა დეპარტამენტის დირექტორმა, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გაცემული არ ყოფილა და თანამშრომლებმა ინდივიდუალურად გამოიყენეს სიტუაციის შესაბამისად” ,- წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

ამავე დეპარტამენტის სხვა თანამშრომლების ჩვენებების თანახმად, ისინი იდგნენ პოლიციის კორდონში და პარლამენტის შენობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იცავდნენ აგრესიული მომიტინგეების შეჭრისგან.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ისინი ჩვენებებში განმარტავდნენ, რომ ჰქონდათ ბრძანება, არ გამოეყენებინათ აქტიური სპეციალური საშუალებები მომიტინგეების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ართმევდნენ სპეციალურ აღჭურვილობას, იტაცებდნენ ცოცხალი ჯაჭვიდან და სცემდნენ.

“ისინი უთითებენ, რომ არ გამოუყენებიათ ფიზიკური ძალა აგრესიული მომიტინგეების მიმართ, არ დაუკავებიათ მომიტინგეები და მხოლოდ ფიზიკურად, მიწოლით არ აძლევდნენ პარლამენტის შენობაში შესვლის შესაძლებლობას” ,- წერია ანგარიშში.

საქმის მასალებზე დაყრდნობით, ომბუდსმენი ამბობს, რომ დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელი თანამდებობის პირებმა განმარტეს, რომ მათ პირად შემადგენლობას დავალებაზე გასვლამდე და შემდეგ ადგილზე ჩაუტარეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

ომბუდსმენის თქმით, მათი ნაწილი დეტალურად აღნიშნავს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლების და წესების შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარებას:

“რეზინის ჭურვების გამოყენებას თითქმის ყველა ხელმძღვანელი პირი ცალკე გამოყოფს. ისინი უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება იმწუთიერი საფრთხის არსებობისას ხდებოდა, კონკრეტული პოლიციელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მის მიერვე გარემოებების შეფასების საფუძველზე და აღნიშნულის უფლებამოსილებას პოლიციელს აძლევს კანონმდებლობა და ჩატარებული სწავლება.

ამასთან, პირადი შემადგენლობა მზად უნდა ყოფილიყო კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედებისთვის და „ზოგადი ნებართვა“ მიღებული ჰქონდათ, რისთვისაც გადაცემული ჰქონდათ შესაბამისი თოფები და რეზინის ვაზნები. არცერთი გამოკითხული პირი არ აღნიშნავს, რომ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია პოლიციელს ავალდებულებს, რეზინის ჭურვები ხელმძღვანელის ნებართვით გამოიყენოს” ,- ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისა და სამმართველოების განყოფილების უფროსების თქმით, გაზის გასროლაზე იყო ბრძანება, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე – არა.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მათი ჩვენებების თანახმად, “23:30 საათისთვის აგრესიული მოქალაქეების შეკავება შეუძლებელი გახდა და გაზის თოფით აღჭურვილმა მეთოფეებმა ხელმძღვანელობისგან მიიღეს გაზის ჭურვის გამოყენების მითითება”. რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ეს პირები ამბობენ, რომ აღნიშული აღჭურვილობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გამოიყენეს.

ომბუდსმენის ანგარიშიდან ასევე ვიგებთ, რომ გამოძიების ფარგლებში გამოუკითხავთ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მისი 3 მოადგილე. მათი ჩვენებების თანახმად, ისინი 20 ივნისის 22 საათიდან იმყოფებოდნენ პარლამენტის სასახლეში, არსებული ვითარების ადგილზე გაცნობისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დეტალურად:

მათი ჩვენებების თანახმადვე, პოლიცია ორი საათის განმავლობაში მხოლოდ „პასიური საშუალებებით“ იცავდა პარლამენტის შენობას და საკუთარ უსაფრთხოებას. აქტიური საშუალებების გამოყენება დაიწყო დაახლოებთ 00:00 საათისთვის. ომბუდსმენის თქმით, მინისტრი და მისი მოადგილეები უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პირების, ასევე ლევან კაკავას ჩვენებით, ღონისძიების საერთო ხელმძღვანელად განისაზღვრა კახაბერ საბანაძე, ხოლო პასუხიმგებელ პირებად – მინისტრის მოადგილეები საკურატორო სფეროების მიხევდით. ლევან კაკავას საკურატორო სფეროში შემავალი სამსახურების – დაცვის პოლიციისა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის – ღონისძიებისთვის მობილიზებული თანამშრომლები სამართავად გადაეცათ უშუალოდ ველზე მყოფ მოადგილეებს – კახაბერ საბანაძესა და ვლადიმერ ბორცვაძეს, ხოლო მან ლოჯისტიკური მიმართულება ჩაიბარა.

ერთ-ერთი მათგანის, „ლევან კაკავას ჩვენებით … როგორც მისთვის ცნობილია, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით კონკრეტული ბრძანება სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ არ გაცემულა, თუმცა სამართალდამცავებს მისი გამოყენების უფლება ჰქონდათ და მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში” ,- წერს ობუდსმენი.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკითხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორიც, რომლის ჩვენების თანახმად, 20 ივნისს პარლამენტთან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მას დაევალა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ იგი უთითებს გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალური საშუალებების, მათ შორის, გაზისა და რეზინის ჭურვების გამოყენებას. იგი უთითებს, რომ მოადგილეებს მისცა შესაბამისი დავალებები და ასევე მიუთითა დაქვემდებარებულებისთვის სათანადო ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ:

“ინსტრუქტაჟი ითვალისწინებდა, რომ თანამშრომლები მზად უნდა ყოფილიყვნენ ყველა სახის სიტუაციაში მოქმედებისთვის და სრულად ყოფილიყვნენ აღჭურვილი პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებებით. გდდ-ს დირექტორი უთითებს, რომ პარლამენტის შენობასთან პირადად მივიდა დაახლოებით 16:00 საათზე და დანაყოფების მეთაურებს ჩაუტარა თათბირი.

სპეციალური აღჭურვილობით, თოფების გარდა, ცოცხალ ჯაჭვში პოლიციელების ჩაყენების მითითება მიიღო კახაბერ საბანაძისგან. მისი ცნობით, ამ დროისთვის თოფები მანქანებში, მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მათი გამოყენება შეიძლება მოეხდინათ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში”, – ვკითხულობთ სპეციალურ ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ გდდ-ს უფროსი უთითებს, რომ რამდენჯერმე მინისტრის მოადგილეებიც გავიდნენ ველზე და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. საქმის მასალების მიხედვით, იგი უთითებს, რომ 23:30 საათზე, როცა პოლიციელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მან რაციით გადასცა ინფორმაცია მოადგილეებს და მინისტრის თანხმობით მიიღო გაზის გამოყენების ბრძანება. მან ბრძანება ჩაშალა თავის დაქვემდებარებულ მეთაურებზე და გასცა ბრძანება, მეთოფეებს აეღოთ თოფები და დაეწყოთ გაზის გასროლა:

“იგი (გდდ-ს უფროსი) უთითებს, რომ შეიტყო, რომ ზოგმა მეთოფემ საკუთარი ინიციატივით გამოიყენა რეზინის ჭურვები, მაგრამ არ ახსოვს, თუ ვისგან გაიგო ეს ინფორმაცია. უთითებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუცია. პირადად რეზინის ჭურვების გასროლას არ შესწრებია, თუმცა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მეთოფეებმა რეზინის ჭურვები ისროლეს კანონის შესაბამისად, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. იგი აცხადებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენების შესახებ მალევე აცნობა მინისტრს და მოადგილეებს, თუმცა პირადად გადასცა ეს ინფორმაცია ხელმძღვანელებს, თუ რაციით, ასევე არ ახსოვს” ,- წერია ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში.

რას ამბობს ეს ყველაფერი გამოძიებაზე?

პროკურატურამ ერთი წლის განმავლობაში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შსს-ს მხოლოდ სამი თანამშრომლის მიმართ, რომელთა საქმეებსაც დღემდე განიხილავს სასამართლო.

თუმცა ამ დრომდე მათგან მხოლოდ ერთი იმყოფება პატიმრობაში, დანარჩენი ორი კი გირაოთია გათავისუფლებული.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ 19 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ იმ ღამის მოვლენებზე შსს-ს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით ან იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება მალევე დაიწყო, „ამ დრომდე არ მომხდარა მოვლენების სისტემური ანალიზი და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა“.

„საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არ ჩაუტარებიათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც აუცილებელია 20-21 ივნისის მოვლენების სრული სურათის აღსადგენად. მათ შორის, არ არის სათანადოდ შესწავლილი რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერების საკითხი და აღნიშნულთან მიმართებით ხელმძღვანელ პირთა უმოქმედობით გამოწვეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“, – აცხადებს სულხან სალაძე.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე. 19.06.2020. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთისახალხო დამცველის დასკვნაც ასეთივე სულისკვეთებისაა: „ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ პოლიციის რიგით თანამშრომლებზე ფოკუსირდება და არ არის მიმართული პოლიციის ხელმძღვანელთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისაკენ“…

ომბუდსმენის შეფასებით, გამოძიება მნიშვნელოვანი და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აგვიანებს, ხოლო კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოირჩევა საჭირო გულისხმიერებით (განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვისას არ დაისვა კონკრეტული და დეტალური კითხვები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით).

სახელმწიფოს აქცენტი „გადატრიალებაზე“

გამოძიების მიმართ არსებული კითხვების ფონზე, სახელმწიფოს წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და რომელსაც დემონსტრანტები და პოლიტიკოსები აკისრებდნენ პასუხისმგებლობას იმ ღამით პოლიციის ქმედებებზე, აქციის დაშლას „დესტაბილიზაციის თავიდან აცილებას“ უწოდებენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 18 ივნისს, განაცხადა, რომ მისთვის მეორეხარისხოვანია, ვინ გასცა ბრძანება და ისროდა თუ არა პოლიცია დამიზნებით 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევისას.

აქცია “სირცხვილიას” მე-16 დღე. მომიტინგეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 5 ივლისი, 2019. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ჩიჩუა

„20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით… არ ისროდნენ – ეს ყველაფერი არის ჩემთვის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარია, რომ 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი გავა, ეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც შსს-მ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც უნდა გაეკთებინათ და მათ ეს გააკეთეს”, – თქვა გახარიამ.

20 ივნისის საქმეზე მეორე საგამოძიებო ორგანომ — შსს-მ — კვალიფიკაცია მალევე დაამძიმა და მას „ამბოხება“ დაამატა. როგორც უფლებადამცველები მიუთითებდნენ, ეს, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა.

როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ოპოზიციიდან მომდინარე გადატრიალების საფრთხეზე დაიწყო გამოძიება. წინა 3 საქმე თაროზე დარჩა…

[გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან: ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი]

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა „პრობლემური“ კოდექსი

ამ გამოძიებამ და შემდეგ ჩატარებულმა სასამართლოებმა დემონსტრანტებისა და პოლიტიკოსების/აქტივისტების წინააღმდეგ საპატიმრო გადაწყვეტილებები მოიტანა.

პროკურატურის გარდა, ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლო სისტემაზე, რომელთა ქმედებებშიც ისინი, როგორც საწყის, ისე შემდეგ ეტაპზე, პოლიტიზების ნიშნებს ხედავენ.

როგორც საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას იხსენებს, 20-21 ივნისის მოვლენებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა:

„შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, აქედან 121 კი დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას – ადმინისტრაციულ პატიმრობას“, – თქვა მან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 20-21 ივნისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეთა მასობრივი დაკავების პრაქტიკამ და დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში განხილვამ „კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსი მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტს წარმოადგენს, ვინაიდან სამართალდარღვევის საქმეებზე არ არის უზრუნველყოფილი მიუკერძოებელი და სამართლიანი განხილვის პროცესი“.

„სათანადო პროცედურული გარანტიების არარსებობის პირობებში ამ კოდექსის საფუძველზე საქმის წარმოება, ადმინისტრაციული წესით დაკავების მომენტიდან ბოლო ინსტანციის სასამართლოში განხილვის ჩათვლით, დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას იწვევს და არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს წარმოშობს“.

„მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს პოზიტიური ნაბიჯები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმის გასატარებლად. ამის საპირისპიროდ, საქართველო ინარჩუნებს არსებულ კანონმდებლობას, რომელიც პოლიტიკური მიზნებით მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და საპოლიციო რეჟიმის უკანონო ინსტრუმენტს წარმოადგენს“, – წერს საია.

სასამართლო

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია EMC წერს, პროკურატურისგან 27 მაისს მიღებულ ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღემდე:

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო აქციის 17 მონაწილის მიმართ;

  • ბრალდებულად ცნეს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი;
  • [ირაკლი ოქრუაშვილი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც განაცხადა, რომ შეეძლო სასამართლოთი დაემტკიცებინა, რომ „რუსთავი 2“ რეალურად მას ეკუთვნოდა და არა ქიბარ ხალვაშს, რაც არხის მფლობელობის საკითხს კვლავ სადავოს ხდიდა]
  • [ასევე, დააპატიმრეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილი, ჰუსეინ მაჩალიკაშვილი, რომლის გასამართლებასაც ბიძამისი პირად შურისძიებას და მორალური დასუსტების მცდელობასაც უკავშირებდა]
  • აქციის მონაწილეთა მიმართ, პროკურატურის თავდაპირველი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 16 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა;
  • ერთ პირს კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა;
  • მოგვიანებით 8 ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გირაოთი შეეცვალა;

ამასთან, EMC წერს, რომ „განსაკუთრებით შემაშფოთებელი“ იყო 2019 წლის 21 ივნისს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა სახით წარდგენილ აქციის მონაწილეთა მიმართ გამართული სასამართლო პროცესები.

EMC-ის შეფასებით, „სასამართლოში არ არსებობდა ათობით მიყვანილ დაკავებულთა საქმის განაწილების მოწესრიგებული სისტემა და დაკავებულებს საათობით უწევდათ მოცდა სასამართლოს დერეფნებში. გართულებული იყო დაკავებულებთან დაცვის უფლების სათანადოდ განხორციელებისთვის აუცილებელი კომუნიკაცია და დაკავებულებთან ადვოკატის კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე წუთით, პროცესის დაწყებისას ხდებოდა“.

[ამასთან, „ადმინისტრაციულად დაკავებულთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობისა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში არასაკმარისი ადგილების გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა სასამართლო პროცესამდე ყველა დაკავებულის იზოლატორში შესახლება, რის გამოც, დაკავებულთა დიდ ნაწილს, სასამართლო პროცესის გამართვამდე, ღამის საათებიდან 21 ივნისის დილამდე, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ეზოში, პოლიციის მანქანებში მოცდა უწევდა“].

როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აფასებს, 20 ივნისის მოვლენებზე დაკავებულთა საქმეების განხილვამ „კიდევ ერთხელ მძიმედ წარმოაჩინა სასამართლოში არსებული ვითარება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური პრობლემა, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით სათანადო სარგებლობას“.

კერძოდ: „სასამართლომ საქმეები უკიდურესად მცირე დროში, ობიექტური შეფასებისთვის საჭირო და აუცილებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში განიხილა. სასამართლო განხილვებს მკვეთრად გამოხატული ხელწერა ჰქონდა, რა დროსაც, ის, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით იყენებდა სახდელის ყველაზე მძიმე ფორმას – ადმინისტრაციულ პატიმრობას“.

„ამ საქმეების განხილვის პროცესში გამოვლენილმა ერთგვაროვანი ხასიათის მიდგომებმა, უკიდურესად მცირე ვადებში პირთა სამართალდარღვევების თაობაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებამ, გააჩინა მოსამართლეთა შეთანხმებულად მოქმედების განცდა, რა დროსაც მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სახელმწიფოს რეპრესიული მოქმედებების ერთ-ერთ ბერკეტად გამოიყენებოდა“, – წერს EMC.

ამავე თემაზე გირჩევთ

20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

20 ივნისი – გაკვეთილი რუსეთისთვის(აც)

მასალების გადაბეჭდვის წესი