ბელარუსის სახელმწიფო მედიის თანახმად, ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მანამდე, დამოუკიდებელი მედია იტყობინებოდა, რომ კოლესნიკოვა მინსკის ცენტრიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს. მარია კოლესკინოვა მისი თანაგუნდელის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ პროტესტში.
ბელარუსელი ოპოზიციონერის შესახებ მეორე დღეა, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება. თავდაპირველად, კოლესნიკოვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 7 სექტემბერს გავრცელდა. ადგილობრივი და საერთაშორისო მედია იტყობინებოდა, რომ უცნობმა პირებმა ბელარუსის აქციების ლიდერი მინსკის ცენტრიდან მინივენით წაიყვანეს. პოლიცია აცხადებდა, რომ დაკავებაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებდა.
უკვე დღეს, ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხი ამბობს, რომ მარია კოლესნიკოვა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე დააკავეს მაშინ, როცა ავტომობილით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. ამავე ცნობებით, კიდევ ორი ოპოზიციონერი – ანტონ როდნეკობი და ივან კრავტსოვი – რომლებიც ასევ იმყოფებოდნენ ავტომობილში, უკვე უკრაინაში იმყოფებიან.
ბელარუსის სახელმწიფო მედია ამ ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნო ბელარუსი სახელმწიფო სასაზღვრო უწყების წარმომადგენელს, ანტონ ბიჩკუსკის. თუმცა, “რადიო თავისუფლების” თანახმად, ცოტა ხნით ადრე ბიჩკუსკი ამბობდა, რომ სამმა ოპოზიციონერმა, მათ შორის, კოლესნიკოვამ, ქვეყანა დატოვეს.
კოლესნიკოვა ერთადერთია ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაწყებული მოძრაობის სამი ლიდერი ქალიდან, რომელიც ამ დრომდე რჩება ქვეყნის შიგნით. არჩევნების შემდეგ ის ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს, ბელარუსში მასშტაბური დემონსტრაციები იმართება. მოქალაქეები პროტესტს სხვადასხვა ფორმით ყოველდღიურად გამოხატავენ. ბოლო ხალხმრავალი აქცია მინსკსა და სხვა ქალაქებში 6 სექტემბერს გაიმართა.
რა ხდება ბელარუსში
9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს.
არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელორუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.
11 აგვისტოს, დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. მისმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ პირთა ზეწოლით დატოვა. ტიხანოვსკაია ლიტვიდან პერიოდულად ავრცელებს ვიდეომიმართვებს საპროტესტო მოძრაობის მხარდასაჭერად.
ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელორუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. მრავალი დემონსტრანტი შეუერთდა აქციას გასულ შაბათ-კვირასაც. მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცნენ.
17 აგვისტოს, წინა დღეს გამართული ხალხმრავალი აქციის შემდეგ, ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.
აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელორუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელორუსის შიგნით.
რუსეთის, ჩინეთისა და ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ევროკავშირი და აშშ. ისინი ასევე გმობენ პოლიციის მქედებებს დემონსტრანტების მიმართ. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის ოფიციალური პირების ნაწილს, მათ შორის, ლუკაშენკოს, სამოგზაურო შეზღუდვებს დაუწესებენ. ევროკავშირმა კი თქვა, რომ ის სანქციებს დაუწესებს იმ ოფიციალურ პირებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტებზე ძალადობაში.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.