ახალი ამბები

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი უცნობმა პირებმა დააკავეს

7 სექტემბერი, 2020 •
ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი უცნობმა პირებმა დააკავეს

Reuters-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ბელარუსის აქციების ლიდერი მარია კოლესნიკოვა დააკავეს. გამოცემა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს რომ კოლესნიკოვა მინსკის ცენტრიდან მინივენით წაიყვანეს. პოლიცია აცხადებს რომ დაკავებაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ამოწმებენ.

დაკავებული კოლესნიკოვა ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრია, რომლის მიზანსაც ხელისუფლების გადაცემის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლები საბჭოს შექმნას აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ რომ საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის მიზანი ხელისუფლების მიტაცება და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებაა.

9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს.

არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელორუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ. ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი