ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო პროტესტის მესამე ღამემაც პოლიციასთან დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა. სპეცრაზმი დემონსტრანტებს კვლავ დაუპირისპირდა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით. აქციების შესაჩერებლად პოლიციას განსაკუთრებული ზომები აქვს მიღებული.
მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებების შესახებ იტყობინებიან როგორც მინსკში, ისე ბრესტსა და სხვა რამდენიმე ქალაქში. “რადიო თავისუფლების” ბელარუსის ბიუროს თანახმად, აკავებენ ხალხს ქუჩებში, ასევე, ავტომანქანების მძღოლებს, და ზღუდავენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას. გასული დღეების მსგავსად, პოლიცია ახლაც ცდილობს, აღკვეთოს შეკრებები ადმინისტრაციულ შენობებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.
პროტესტის მესამე დღეს დემონსტრანტებმა ტაქტიკა შეცვალეს. ბელარუსში მოქმედი ონლაინ მედიაპლატფორმის, Nexta-ს ტელეგრამის გვერდზე გაჩნდა მოწოდება, აქტივისტები მცირე ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და მთელ ქალაქში გაშლილიყვნენ.
“იმოქმედეთ, როგორც წყალმა” – მითითებულია მოწოდებაში. მსგავს ტაქტიკას იყენებდნენ ჰონგ კონგში მიმდინარე აქციებისას, სხარტი მოქმედების მიზნით.
France Press-ის რეპორტიორების განცხადებით, პოლიცია თავს ესხმოდა ფოტოგრაფებს, რომელთაც კამერებს ართმევენ, უზიანებდნენ და უშლიდნენ გადაღებულ მასალას.
მინსკის ცენტრში მცხოვრებმა მოქალაქემ “ევრონიუსს” უთხრა, რომ გასული ორი დღისგან განსხვავებით, აღარ გაუგია აფეთქებების ხმა. მისი თქმით, სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებმა ქალაქის პერიფერიებში გადაინაცვლეს.
მას შემდეგ, რაც სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ლუკაშენკოს მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, ქვეყანა დატოვა, არაერთმა აქტივისტმა მედიას უთხრა, რომ გაჩერებას მაინც არ აპირებენ.
“თქვენ შეგიძლიათ, გააჩუმოთ ტიხანოვსკაია, მაგრამ ვერ დააშინებთ და გააჩუმებთ მთელ ერს. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს და არ ვაღიარებთ პრეზიდენტად ლუკაშენკოს”, – უთხრა 24 წლის დემონსტრანტმა პრესას.
პროტესტის დაწყების შემდეგ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, ათასობით ადამიანია დაპატიმრებული, ასობით – დაშავებული, ერთ კი – გარდაცვლილი. დემონსტრანტის დაღუპვის ადგილას, პუშკინის მეტროსადგურთან, მოქალაქეები ყვავილებს ტოვებენ.
წინა დღეების მსგავსად, ბელარუსში კვლავ ფიქსირდება ინტერნეტთან წვდომის შეფერხება.
ტიხანოვსკაიას მიმართვა და სავარაუდო ზეწოლა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 10% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე კი 80%-ით მოქმედი პრეზიდენტი გავიდა. ტიხანოვსკაიამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.
11 აგვისტოს, დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. მისმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ პირთა ზეწოლით დატოვა, მისი შტაბის უფროსის, მარია მოროზის გათავისუფლების სანაცვლოდ. მოროზი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს.
ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვებიდან მალევე, გავრცელდა მისი მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო ბელარუსის დატოვება და იცის, რომ ამის გამო არაერთი “დაგმობს” ან “შეიძულებს”. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავისი შვილების გამო მიიღო.
მოგვიანებით პროსახელიწუფლებო გვერდმა გაავრცელა ტიხანოვსკაიას კიდევ ერთი მიმართვა, რომელშიც მხარდამჭერებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ბელარუსელებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს.
მისი თანაგუნდელების თქმით, ვიდეო არის ზეწოლის შედეგი: 10 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ რამდენიმე საათი გაატარა ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც, მისი კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, უკანონოდ იყო დაკავებული. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ვიდეოს ფონის მიხედვით გაავრცელა ცნობა, რომ მიმართვა სწორედ კომისიის ოფისშია ჩაწერილი.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია მართავს.
საერთაშორისო გამოხმაურება
ლუკაშენკოს უკვე მიულოცეს გამარჯვება ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის ლიდერებმა. ევროკავშირის ქვეყნებს ჯერჯერობით არ მიულოცავთ ლუკაშენკოსათვის.
BBC-ის თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგები და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინების და ძალადობრივი დარბევის ადგილი ევროკავშირში არ არის“.
BBC-ის ცნობითვე, გერმანიის მთავრობა „ძლიერ ეჭვებს“ გამოთქვამს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო პოლონეთი ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევას ითხოვს კრიზისის განსახილველად.
რაც შეეხება აშშ-ს: ვაშინგტონში ამბობენ, რომ “ღრმად შეშფოთებულნი არიან” არჩევნებით და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებენ, “პატივი სცეს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას”.