ახალი ამბები

მზად ვარ, ეროვნული ლიდერი გავხდე – ტიხანოვსკაიას ახალი მიმართა

17 აგვისტო, 2020 • 1226
მზად ვარ, ეროვნული ლიდერი გავხდე – ტიხანოვსკაიას ახალი მიმართა

სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ბელარუსის არჩევნებში ლუკაშენკოს კონკურენტი იყო, ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი.

აღნიშნულ ვიდეომიმართვას ტიხანოვსკაია მინსკში მიმდინარე მოვლენების შეფასებით იწყებს.  ის ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები. ტიხანოვსკაია ამბობს: „როდესაც ჩვენ ვასაფლავებთ ჩვენს გმირებს, მე თქვენთან ერთად ვტირი“, შემდეგ კი ამატებს, რომ სამომავლოდ, დაღუპული გმირების სახელები უნდა დაერქვას ქუჩებს.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, სვეტლანა ტიხანოვსკაია დასძენს, რომ  პოლიტიკოსობა მას არ უნდოდა, თუმცა უსამართლობასთან ბრძოლის წინა ხაზზე მოხვდა.

„თქვენ მე ხმა მომეცით, მე ამას ძალიან ვაფასებ და ზუსტად ვიცი, რატომაც გააკეთეთ ეს. ჩვენ ყველას გვინდა ეს დაუსრულებელი წრე გავარღვიოთ, რომელშიც 26 წლის წინ მოვხვდით.

მე მზად ვარ, საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ეროვნული ლიდერი გავხდე, რათა ქვეყანა დაწყნარდეს, ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნეს, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და უმოკლეს ვადაში შევიმუშაოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის. რეალური, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება უპირობოდ ცნობს“, – ამბობს ტიხანოვსკაია.

ამავე ვიდეოში ტეხანოვსკაია მიმართავს ბელარუსის სამართალდამცავ ორგანოებს და ამბობს, რომ თუ ისინი აღარ შეასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს, ხალხი მათ აპატიებს.

„ჩვენ ბელარუსი ერი ვართ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთმანეთზე ვიძალადოთ“, – ამატებს ტიხანოვსკაია.


პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.

ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია, მართავს.

პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი

მასალების გადაბეჭდვის წესი