ახალი ამბები

მიზნობრივი სოც. დახმარებების დრო გავიდა, ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება გვჭირდება — გახარია

6 აგვისტო, 2020 •
მიზნობრივი სოც. დახმარებების დრო გავიდა, ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება გვჭირდება — გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში მიზნობრივი სოციალური დახმარებების “დრო გავიდა” და ახლა მთავრობამ ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება უნდა დაიწყოს.

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყველა 17 წლამდე მოქალაქე სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა ნოემბერ-თებერვალშიც იმოქმედებს.

“თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს. ეს არის მხოლოდ  მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარება. ერთია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სოციალური ჯგუფების მიზნობრივ დახმარებაზე, მაგალითად, ტურიზმში დასაქმებულების, გიდების და ა.შ. არა, ეს დრო გავიდა, ახლა ჩვენ გვჭირდება ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება”, — განაცხადა გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს ზამთრის განმავლობაშიც დაუფარავს.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 3-თვიანი პროგრამა მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პირველ აპრილს გამოაცხადა. გახარიას თქმით, ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება, აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამ ნოემბერ-თებერვლის პერიოდშიც გაგრძელდეს.

ასევე, 17 წლამდე ყველა საქართველოს მოქალაქე სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, საუბარია 280 ათას მოქალაქეზე. ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ამ ასაკის ბავშვები დახმარებას კორონავირუსის პერიოდში სპეციალურად შექმნილი ფონდიდან, Stopcov-დან მიიღებენ. ამ ფონდში პანდემიის საწყის ეტაპზე სხადასხვა კომპანია თანხას რიცხავდა.  Stopcov.ge -ის მონაცემებით, ამ დროისთვის ფონდში არსებული თანხა 134 მლნ ლარს აჭარბებს.

ხოლო სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს.

გარდა ამისა, 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ, სახელმწიფო 2020-21 სასწავლო წლის საფასურს აუნაზღაურებს.

გახარიას განცხადებით, საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.

მისივე ინფორმაციით, კომუნალურ დახმარებებზე დაახლობით 200 მილიონ ლარს დახარჯავს, ხოლო ბავშვების დახმარების ნაწილში — დაახლოებით  170 მილიონ ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი