ახალი ამბები

გახარიას პარტიამ „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილებები მოამზადა

8 აპრილი, 2024 • 639
გახარიას პარტიამ „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილებები მოამზადა

დღეს, 8 აპრილს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის ბიუროზე წარადგენს „რუსული კანონის“ კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპოექტს — „ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში.“

პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს. აღნიშნულ კანონს ემატება შემდეგი:

  • ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები, ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში;
  • წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის, გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობის და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში;
  • ანგარიშგებების წარდგენისა და ადმინისტრირების ცვლილებებით განსაზღვრულ ორგანოს წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური, რომელიც დღეის მდგომარეობით ისედაც იღებს არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსურ ანგარიშგებებს.
  • წარდგენილი ანგარიშგებები გამოქვეყნდება საჯაროდ.

პარტიის თანახმად, ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში, მით უმეტეს, რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას.

„მიდგომა არის საერთო, ყველა გრანტის მიმღები იურიდიული პირისთვის. შეიძლება გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვა პირები მთავრობის დადგენილებით“ ,— აცხადებენ პარტიაში.

გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ მოამზადეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს განაცხადა მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი „რუსული კანონის“ ხელახლა შემობრუნების შესახებ.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები. ასევე, დასავლელმა პარტნიორებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლის მიხედვითაც, კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეს შეუქმნის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი