ახალი ამბები

გახარია: ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იმიტომ გახდა, რომ არ მინდოდა შს მინისტრი ყოფილიყო

28 მარტი, 2024 •
გახარია: ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იმიტომ გახდა, რომ არ მინდოდა შს მინისტრი ყოფილიყო

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნება“ განიხილავდა მის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას.

გიორგი გახარიას თქმით, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად იმიტომ დაინიშნა, რომ მას არ სურდა იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გამხდარიყო:

„მე არასოდეს არ ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა არა როგორც თავდაცვის მინისტრი, არამედ როგორც პარტიის [პოლიტიკური მდივანი]. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში გადმოყვანის საკითხი დადგა გუნდში, იმ არჩევანს, რა არჩევანიც არსებობდა, მე ვამჯობინე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, ვიდრე რა მინისტრობასაც მას უპირებდნენ.

იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა, ჩემი დამსახურებაც არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილში, რომ არ მინდოდა გამხდარიყო ის მინისტრი, რომელსაც უპირებდნენ — შინაგან საქმეთა მინისტრი“, — უთხრა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი