ნეტგაზეთი | 77% მომხრე – პუტინი პრეზიდენტად დარჩენას 2036 წლამდე შეძლებს 77% მომხრე – პუტინი პრეზიდენტად დარჩენას 2036 წლამდე შეძლებს – Netgazeti

77% მომხრე – პუტინი პრეზიდენტად დარჩენას 2036 წლამდე შეძლებს

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაითვალა რუსეთში პირველ ივლისს გამართული რეფერენდუმის ბიულეტენების 70%-ზე მეტი [2 ივლისი, 01:00 საათი].

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 77% მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, კიდევ უფრო იზრდება რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლება, ფაქტობრივად, უქმდება შეზღუდვები საპრეზიდენტო ვადებზე და ვლადიმერ პუტინი 2024 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მოქმედი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, კიდევ 2 ვადით (თითო ვადა 6 წელი) შეძლებს პრეზიდენტის პოსტის დაკავებას.

როგორც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მისცა მოსახლეობის თითქმის 22%-მა.

რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

საქართველოში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაცაა განთავსებული, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც გამართეს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთს 1999 წლიდან მართავს.

დეტალური ინფორმაცია პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებზე
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.