ახალი ამბები

აქცია თბილისში პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ [ფოტო]

1 ივლისი, 2020 • 1832
აქცია თბილისში პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ [ფოტო]

თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაცაა განთავსებული, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ცვლილებები რუსეთის კონსტიტუციაში პუტინმა იანვარში დააანონსა. ცვლილებების თანახმად, პუტინის საპრეზიდენტო ვადები განულდება და ამგვარად, მას, როგორც მინიმუმ, 2036 წლამდე ექნება რუსეთის პრეზიდენტად დარჩენის საშუალება.

დეტალური ინფორმაცია პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებზე

აქციაზე საქართველოში მყოფი ან მცხოვრები რუსები იმყოფებოდნენ. დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ადგილზე ასევე მოვიდა საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი.

„ნეტგაზეთი“ აქციაზე მყოფ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა.

ამჟამად საქართველოში მცხოვრები რუსი ჟურნალისტის, ეგორ კუროპტევის თქმით, ვლადიმერ პუტინი მისთვის არის საქართველოსთან და უკრაინასთან ომის განსახიერება და ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი წინააღმდეგია, კიდევ ერთი დღით მაინც დარჩეს რუსეთის პრეზიდენტად:

„დღეს ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებების ხმის მიცემის ბოლო დღეა. ეს საშუალებას მისცემს პუტინს, ხელისუფლებაში კიდევ 16 წელი დარჩეს. ბუნებრივია, ყველა ნორმალური და ადეკვატური ადამიანი იმის წინააღმდეგია, რომ პუტინი კიდევ ერთი დღით მაინც დარჩეს ხელისუფლებაში.

პირადად ჩემთვის პუტინი არის ომების განსახიერება — ომები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომ ჩემთვის შეუძლებელია, იგი მთავრობაში კიდევ 16 წელი იყოს.

იის ნაცვლად, რომ რუსეთის ბიუჯეტი ქვეყნის განვითარებას მოახმაროს, პუტინი მას იარაღში და ომში ხარჯავს.

ჩვენთვის მიუღებელია ამ სრულიად კრიმინალური რეჟიმის არსებობის გაგრძელება.

ეგორ კუროპტევი აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნიკა ბურდული

სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ იზოლაციაშია, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იგი გახდა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის მიზეზი.

ეს ხმის მიცემა არის ცირკი, რომლითაც მას სურს აჩვენოს, თითქოს დიდი მხარდაჭერა აქვს“, — ამბობს კუროპტევი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ნიკოლაი ლევშიცის თქმით, ბევრი ადამიანი ვერ ხედავს დანაშაულებს, რომლებიც რუსეთში ხდება და იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და სხვა ქვეყნებში:

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, შენი პოზიცია გამოხატო. თუ გაქვს სათქმელი, უნდა თქვა. ეს ყოველთვის ჯობია დამალვას და ვერშემჩნევას, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი აკეთებს რუსეთში.

ვერ ხედავენ პუტინს, დანაშაულებს, რომლებიც ხდება. აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გავახსენოთ, მიმდინარეობს ძალაუფლების უზურპაცია, გრძელდება რეპრესიები.

ნიკოლაი ლევშიცი აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნიკა ბურდული

ბევრჯერ გვინახავს ბოლო წლების მოვლენები — უკრაინა, საქართველო და სირია, სადაც პუტინმა და მისმა მეგობრებმა მოაწყვეს ომები, გადატრიალებები და ა.შ. უცნობია, მომავალში რას იზამს“, — გვითხრა მან.

წარწერა პლაკატზე: შევცვალოთ ხელისუფლება და არა კონსტიტუცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ნიკა ბურდული

წარწერა პლაკატზე: ჯანდაბას პუტინისებული სამოთხე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნიკა ბურდული

წარწერა პლაკატზე: არა სამუდამო პუტინს. ფოტო: ნეტგაზეთი/ნიკა ბურდული

 

წარწერა პლაკატზე: საუკეთესო ცვლილება პუტინის გადადგომაა! ფოტო: ნეტგაზეთი/ნიკა ბურდული

წარწერა პლაკატზე: არა პუტინს = არა ომს. ფოტო: ნეტგაზეთი/ნიკა ბურდული

ამავე თემაზე

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი