რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სომხეთის გავლით სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის ამერიკულ-სომხური პროექტი „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP) მნიშვნელოვანწილად იმეორებს იმ გეგმებს, რომლებიც მანამდე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა.

ამის შესახებ ზახაროვამ 26 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი პროექტის განვითარების პროცესს აკვირდება, თუმცა ამერიკულ-სომხურ ინიციატივასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

ზახაროვამ “გაიხსენა, რომ რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფი სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით მუშაობდა”. მისი თქმით, მაშინ განხილვის საგანი მხოლოდ აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მის ექსკლავს, ნახიჩევანს შორის სომხეთის სამხრეთით ტრანზიტი არ ყოფილა.

„საუბარი იყო ასევე სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრულად განბლოკვაზე, თურქეთის, ირანისა და რუსეთის მიმართულებებით გასასვლელით“.

მისი თქმით, ერევანმა სამმხრივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა 2023 წელს გაყინა, ხოლო 2025 წელს „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი გამოჩნდა.

ზახაროვას მტკიცებით, ამ დროისთვის პროექტის მიზნობრივი მაჩვენებლები საჯაროდ ცნობილი არ არის. კერძოდ, არ არის დაკონკრეტებული მშენებლობის ტექნიკური პარამეტრები და ვადები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყენების პირობები და ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივები.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ახსენა ირანის პოზიციაც. მისი თქმით, პროექტს უკვე აკრიტიკებენ ირანელი პარტნიორები, რადგან თეირანისთვის მიუღებელია სომხეთისა და ირანის საზღვრის სიახლოვეს ამერიკული სამხედრო ძალის ან სხვა ძალოვანი კომპონენტის ფიზიკური ყოფნა.

„პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ პროექტის განხორციელებისას არ იყოს უგულებელყოფილი ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ასევე ირანის ინტერესები, რადგან თეირანი ამის შესახებ ღიად აცხადებს. პროექტმა რეგიონში ახალი გამყოფი ხაზები არ უნდა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინიციატივა უბრალოდ მარცხისთვის იქნება განწირული“ – თქვა ზახაროვამ.


სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სამმხრივი სამუშაო ჯგუფი 2021 წლის იანვარში შეიქმნა, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების საფუძველზე. ჯგუფის მიზანი რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა იყო. სამუშაო ჯგუფში სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები მონაწილეობდნენ.

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების გახსნის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში გაჩნდა „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტი, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს დააკავშირებს და უფრო ფართო რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარებას ითვალისწინებს.

2026 წლის 7 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და აშშ-მა პროექტის წინსვლის მიზნით სამმხრივი ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფები შექმნეს. მათი მუშაობის ორი ძირითადი მიმართულებაა ტრანსპორტი და ელექტროენერგიის გადაცემა.

23 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პროექტის პრაქტიკული ეტაპის დაწყება გამოაცხადა. 26 ნოემბერს კი სომხეთმა და აშშ-მა TRIPP-ის შესახებ ჩარჩო შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნეს.

დოკუმენტის თანახმად, სომხეთი ინარჩუნებს სრულ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და იურისდიქციას პროექტის ფარგლებში მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მონაკვეთზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მანამდეც აკრიტიკებდა პროექტს და აცხადებდა, რომ რეგიონში სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხზე სამმხრივი ფორმატის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები კვლავ აქტუალურია.