ახალი ამბები

რუსეთის დუმაში საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვის გაუქმებაზე მსჯელობენ

10 მარტი, 2020 • 1551
რუსეთის დუმაში საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვის გაუქმებაზე მსჯელობენ

რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტობის ვადებზე არსებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტობა მიყოლებით ორ ვადაზე მეტით არ შეიძლება, შესაძლოა, გაუქმდეს. ამ ინიციატივით დუმის დეპუტატები გამოვიდნენ, თუმცა პუტინმა განაცხადა, რომ ეს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა, მაგრამ ისიც ახსენა, რომ წარმოედგინა ამ სცენარის განვითარება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მას შეამოწმებდა, ხალხი კი მხარს დაუჭერდა.

ამგვარად, თუ ეს ინიციატივა დამტკიცდება, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, პრეზიდენტად კენჭი 2024 წელსაც იყაროს და საბოლოო ჯამში, თანამდებობაზე, მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შეუზღუდავი ვადით დარჩეს.

რუსული სახელმწიფო მედიის, „ТАСС-ის“ ცნობით, 10 მარტს, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, დუმის დეპუტატი და ყოფილი კოსმონავტი – ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა ინიციატივით, რომ შეზღუდვა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტობა მიყოლებით ორ ვადაზე მეტით არ შეიძლება, გაუქმდეს.

„რია ნოვოსტი“ წერს, რომ სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე და ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი პარტიის, „ედინაია რასიას“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, სერგეი ნევეროვმა განაცხადა, რომ ფრაქცია ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, რაც საშუალებას იძლევა, წინადადება სხვა პარტიების მხარდაჭერის გარეშე იყოს მიღებული.

როგორც „დოჟდი“ იუწყება, დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოშინმა შესვენება გამოაცხადა, რათა სიტუაცია ფრაქციების ხელმძღვანელებთან და პუტინთან განეხილათ.

პუტინი მალევე სახელმწიფო დუმაში მივიდა და სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა მომავალში „ასეთი პერსონიფიცირებული“ არ იქნებოდა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვის გაუქმებას, პუტინმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად, შეზღუდვა გაეუქმებინათ, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი სცენარის სისრულეში მოყვანა შესაძლებელი მიაჩნია, თუ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ხალხი ამ ზომას მხარს დაუჭერს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მას კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევს.

მან დაამატა, რომ აუცილებლად მიაჩნია, ეს ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოში შესამოწმებლად გაიგზავნოს.

აქამდე, პუტინის ვადების განულების წინადადებით მისი ყოფილი დახმარე, ვლადისლავ სურკოვი გამოვიდა, რომელმაც კრემლი ცოტა ხნის წინ დატოვა.

რუსეთში მიმდინარე პროცესებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი