„ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, — ეწერა ბანერს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილი ფოტოები იყო გადახაზული.

ბანერები 28 ნოემბრის აქციაზე „ფედერალისტებმა“ მიიტანეს, რასაც ადგილზევე მოჰყვა დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, შემდეგ კი ოპოზიციურ ჯგუფებს შორის გარჩევები სოციალურ ქსელებში გაგრძელდა.

„აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს. და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. ესაა ჩვენი გზავნილი. საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას. ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით“, — დაწერა სოციალურ ქსელში „ფდერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომხდარი გამიზნულ პროვოკაციად შეაფასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ალიანსში შემავალი პარტიებისგან პასუხი მოითხოვა.

„ეს მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება. თუ ასეა, მაშინ უნდა განაცხადონ ღიად, რომ ეს იყო კონკრეტული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის ქმედება და პოლიტიკური ალიანსის სხვა წევრები ემიჯნებიან. მათ უნდა თქვან ხაზგასმით — ემიჯნებიან თუ არა ასეთ პროვოკაციას, როდესაც საქართველოში ევროპული ინტეგრაციის სიმბოლოდ ქცეული ადამიანი, ივანიშვილთან თითქოსდა ერთ სიბრტყეზე მოათავსონ ბანერის მეშვეობით“, — განაცხადა ენმ-ის წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა 29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბანერის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათი თქმით, აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცათ. ანა წითლიძის თქმით, გამომსვლელთა სიას ოპოზიციური ალიანსი ადგენდა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა.

„ეს მარშიც და აქციაც დააორგანიზა ალიანსმა. ვინც მოვიდა ჩვენთან სალაპარაკოდ, მათ შორის „ჯერ საქართველო“ და სხვებიც, გამოვიდნენ სიტყვით, ყველამ ვილაპარაკეთ და შევთანხმდით რაღაც წესებზე. „ნაციონალური მოძრაობა“, ჯერ ერთი, საერთოდ არ მოგვკარებია და, მეორეც, რა სცენის გაყოფაზე უნდა ვისაუბროთ ადამიანებთან, რომლებიც წლებია ბიძინა ივანიშვილის მოსყიდულებად გვასაღებენ? თუ ქვეყნის მტერთან ვარ შეკრული, მათივე ლოგიკით, ჩემთან ერთად სცენაზე რას უნდა დაჰპირდეს იქ მოსულ ადამიანს?“ — განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ალიანში შემავალი „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ თუკი წინასწარ ეცოდინებოდათ, რომ ენმ-ს ან ნებისმიერ სხვა პარტიას, იმის მიუხედავად, მონაწილეობს თუ არა საერთო საკოორდინაციო ფორმატში, აქციაზე გამოსვლის სურვილი ჰქონდა, ამ საკითხს აუცილებლად განიხილავდნენ.

„უკვე დაგეგმილი და მიმდინარე აქციის დროს, სიტყვის მოთხოვნა ჩემთვის არაა მუშაობის მისაღები ფორმა და უსამართლო იქნებოდა სხვა მსურველების მიმართ. მეორე მხრივ, მე არ ვეთანხმები იმ პლაკატის შინაარს, რომელიც აქციაზე იყო წარმოდგენილი“, — დაწერა ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში.

ანი წითლიძის თქმით, სცენაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ კომუნიკაცია „ახლების“ წარმომადგენლებთან და გიგი წერეთელთან ჯერ კიდევ ორი დღით ადრე ჰქონდათ, თუმცა უარი მიიღეს და როგორც გაირკვა, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „თავისუფლების მოედანს“ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალიანსის სახელით „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტყვით გამოსვლაზე უარი ეთქვა.

„ძალიან მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის. მე არ ვიცი, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს. გაოგნებული დავრჩი, როცა გამომსვლელებში ვერ დავინახე სხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, ვისი მომზადებულიც არ უნდა ყოფილიყო, ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი. გარდა ამისა, არ მესმის ოლიგარქისა და ოპოზიციის ლიდერის ერთ სიბრტყეზე დაყენება, თუმცა ეს თავად გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამაზე“, — ნათქვამია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ მომხდარს პარტია „ახალიც“ გამოეხმაურება: „ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს; ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება; ის, რომ ამას არ დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს“, — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

„გუშინ ყველა, მარშის მონაწილე თუ მანქანაში მჯდომი, იყო ბედნიერი, გაოცებული, აღფრთოვანებული, დაიმედებული. ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია და ის შეიძლება, არც ისე შორს იყოს. სანამ გარეთ ვარ, მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული“, — განაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციური ალიანსის წევრების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, „ფედერალისტებმა“ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ გზავნილის დემონსტრირებას, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს სააკაშვილის საქართველოს.

საქართველოს დედაქალაქში უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორი წლისთავზე, პროტესტის 730-ე დღეს, 28 ნოემბერს, მასშტაბური მსვლელობები და შეკრება გაიმართა, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქცია, რომელიც ლოზუნგებით: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ და „საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ – ჩატარდა, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების მეორე წლისთავს ეძღვნებოდა.

19:00 საათზე მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები დედაქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) I კორპუსიდან ცენტრალური მსვლელობა „ოპოზიციის ალიანსის“ ორგანიზებით დაიწყო და მათივე ორგანიზებული იყო სცენა თავისუფლების მოედანზე. მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ სტარტი აიღო რიგით 50-ე „შაბათის მარშმა“ — „საქართველო ევროპაა“, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ორბელიანის მოედნიდან საერთო შეკრებას მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრებისა და მხარდამჭერების მსვლელობა შეუერთდა.

თსუ-დან და ავლაბრიდან დაძრული კოლონები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გაერთიანდნენ და ორბელიანის მოედნიდან წამოსულ მონაწილეებთან ერთად თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს. მოედანზე დამონტაჟებული იყო სცენა, გაიშალა საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები და შესრულდა ორივე ჰიმნი.

უწყვეტი პროტესტის ორი წელი – თბილისში სამი მარში თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა