ახალი ამბები

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

15 იანვარი, 2020 • 2602
მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

15 იანვარს რუსეთის უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგებოდა. მედვედევის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ვლადიმერ პუტინი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წინაშე გამოვიდა სიტყვით, სადაც ახალი, შიდაპოლიტიკური ინიციატივები წარმოადგინა.

რა ხდება?

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოებისთვის – ფედერაციის საბჭოსთვის და სახელმწიფო დუმისთვის მიმართვისას პუტინმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა თანახმადაც, შეიცვლება რუსეთის ხელისუფლების მოდელი – პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები უნდა გადაეცეს პარლამენტს და ქვეყნის მართვაში უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს „სახელმწიფო საბჭომ“.

კონკრეტულად რას გულისხმობს პუტინის ინიციატივები?

პუტინის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტისგან უნდა ერგოს ქვეყნის მთავრობის – პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წარდგენა-დამტკიცების უფლება. გარდა ამისა, თუ ორპალატიანი პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს, პრეზიდენტს არ ექნება უფლება, მათ გადაწვყეტილებას ვეტო დაადოს. თუმცა პირველი პირი კვლავ შეინარჩუნებს პრემიერის, მინისტრებისა და მათი მოადგილეების დათხოვნის უფლებას.

გარდა ამისა, პუტინმა ისაუბრა „სახელმწიფო საბჭოს“ როლის ზრდის შესახებ. ესაა სათათბირო ორგანო, რომელშიც შედიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები – პრეზიდენტი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, ფედერაციის სუბიექტების აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ფედერალურ ოლქებში პრეზიდენტის წარმომადგენლები და სახელმწიფო დუმაში ფრაქციების ხელმძღვანელები (ფედერაციის საბჭოში, პარლამენტის მეორე პალატაში, ფრაქციები წესდებით არაა დაშვებული). აგრეთვე, „სახელმწიფო საბჭოში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება შედიოდნენ თანამდებობის ყოფილი პირები ან საზოგადო მოღვაწეები.

ამ ყველაფრის გარდა, პუტინს სურს, რომ შეიცვალოს ჩანაწერი კონსტიტუციაში პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადებზე: ანუ, კონსტიტუციიდან ამოიღონ დებულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, რომ ერთმა პირმა თანამდებობა მრავალჯერ დაიკავოს, თუ ეს ორ ვადაზე მეტჯერ გადაბმულად არ იქნება.

პუტინის განცხადებით, ინიციატივებს სახალხო კენჭისყრაზე გაიტანენ და საბოლოო გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგზე დაყრდნობით იქნება მიღებული.

მოქმედი კონსტიტუციით, პუტინი პრეზიდენტი 2024 წლამდე უნდა იყოს, შემდეგ კი თანამდებობას კიდევ ერთხელ, როგორც მინიმუმ, შემდეგი პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე (2030), ან გადაყენებამდე თუ გადადგომამდე ვერ დაიკავებს.

პუტინის მსგავსი ინიციატივები ჰქონდა ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს – მან ვადაზე ადრე დატოვა პრეზიდენტის პოსტი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე გადაინაცვლა, სადაც უფლება ჰქონდა, პრეზიდენტისთვის განკარგულებებიც კი მიეცა.

რატომ გადადგა მთავრობა, რა ელის მედვედევს და ვინ იქნება ახალი პრემიერი?

დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ პუტინის მიმართვიდან მალევე განაცხადა. „ამ კონტექსტში ნათელია, რომ ჩვენ, როგორც მთავრობამ, ქვეყნის პრეზიდენტს უნდა მივცეთ საშუალება, ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღოს. მიმაჩნია, რომ ამ პირობებში მართებული იქნებოდა, კონსტიტუციის 117-ე მუხლის თანახმად მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგეს“,  – ციტირებს მედვედევს სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“.

უკვე ცნობილია, რომ პუტინმა მედვედევს ახალი თანამდებობა შესთავაზა – იგი ყოფილ პრემიერს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის (ანუ, პრეზიდენტის) მოადგილეობას სთავაზობს. ეს თანამდებობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, პუტინის განცხადებით, მას შექმნიან და საჭიროების შემთხვევაში კანონში ცვლილებებსაც შეიტანენ. აქედან გამომდინარე, მედვედევი პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება – იგი პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.

პრემიერის პოსტზე პუტინმა უკვე წარადგინა მიხეილ მიშუსტინი – ფედერალური საგადასახადო სამსახურის  ხელმძღვანელი.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი