პრორუსი ბიზნესმენი და პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი „დემარში“ გაუგებარია.
ვიდეომიმართვაში მოსკოველი ბიზნესმენი და პრორუსი აქტორი ფიფია აღნიშნავს, რომ ქართული კომპანიებისთვის მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ ზურაბაშვილი ჯერ კიდევ თბილისში გააფრთხილეს, მოგვიანებით კი იგივე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე აუხსნა.
„სიმართლე რომ გითხრათ, გაოგნებული ვარ ბატონი გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელი განცხადებით. რა საჭირო იყო ასეთი დემარში, გაუგებარია. ჯერ კიდევ თბილისში ბატონ გიორგის მოახსენეს და გააფრთხილეს მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, უთხრეს, რომ არის კიდევ ორი კომპანია, რომელიც მოხვდება შეზღუდვების ქვეშ. ეს არის „ვინივერია“ და „შატო მუხრანი“. აუხსნეს მექანიზმები, აუხსნეს პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა სანქციური რეჟიმიდან“, – აცხადებს ფიფია.
მისივე თქმით, მინსკში შეხვედრისას მიხაილ გალუზინმაც „მაქსიმალურად მეგობრულად“ განუმარტა იგივე პირობები, ხოლო მოგვიანებით რუსეთის ბაზარზე ქართული კომპანიების მაქსიმალურ წარმომადგენლობაზეც გააკეთა განცხადებები.
„აქედან გამომდინარე, რა საჭირო იყო ეს და რას ემსახურება ეს განცხადება, გაუგებარია ჩემთვის პირადად“, – დასძენს ფიფია.
როგორც მამუკა ფიფია ირწმუნება, სანქციების ქვეშ მოქცეული კომპანიები უკვე თავად თანამშრომლობენ რუსეთის ოფიციალურ უწყებებთან შეზღუდვების მოსახსნელად:
„ამიტომ ჯობია, უფრო შევარჩიოთ სიტყვები და ვითანამშრომლოთ რუსულ მხარესთან“.
გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს მინსკში მიხაილ გალუზინთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებული პოზიციებით „გაოცებული და გაოგნებული“ იყო. ზურაბიშვილის თქმით, ის ელოდა, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, თუმცა მინსკში აღმოაჩინა, რომ კრემლი კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებს.
ბაზრის ხელახალი გახსნიდან 14 წლის შემდეგ, 2026 წლის 9 ოქტომბერს, რუსეთმა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და გაზიანი სასმელების კომპანიების ნაწილზე ემბარგო დააწესა. ოფიციალურ მიზეზად ამჯერადაც სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობა დასახელდა.
აიკრძალა : „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები,“ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, და „ქართული ლუდის კომპანია“ .
მოგვიანებით ფიფიას ინფორმაციით, ასაკრძალ სიას დაემატა სამი კომპანია: GWS-Wine-Company, შატო მუხრანი და ვინივერია.
გაიგეთ მეტი
მინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელოდება
რა ელის საქართველოს ეკონომიკას თუ რუსეთი ნაწილობრივ ემბარგოს გააფართოებს
