28 ნოემბერს, ნიუ-იორკის ბრაიტონ ბიჩზე, უბანში, რომელსაც თავისი ენით, კულტურითა და საბჭოთა წარსულის ჯერ კიდევ შემორჩენილი ატმოსფეროთი ხშირად „დაკონსერვებულ საბჭოთა კავშირს“ უწოდებენ, ქართველების ანტიპუტინისტური აქცია გაიმართა.

ქარსა და მკვეთრ სუსხში შეკრებილ ადამიანებს ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებდათ — სოლიდარობა საქართველოსა და იმ ძალების მიმართ, რომლებიც რუსეთის გავლენისა და ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ იბრძვიან.

თარიღს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა: 28 ნოემბერს საქართველოში საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან ორი წელი შესრულდა. იმ დღეს, როდესაც თბილისში კვლავ მასშტაბური დემონსტრაცია იმართებოდა, ბრაიტონ ბიჩზე შეკრებილმა ადამიანებმა ოკეანის გაღმიდან თანამემამულეების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

აქციის ორგანიზატორმა ნათია ბასიაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე — კორუფციაზე, შობადობის შემცირებასა და ემიგრაციის მზარდ ტალღაზე, რომელიც ქვეყანას მოსახლეობისგან ცლის.

მისი შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება მოულოდნელი არ ყოფილა: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანი არასოდეს ყოფილა საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების ისტორიული პროცესის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროპული განვითარების გზის გაგრძელება.

აქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე აზერბაიჯანელი აქტივისტი ბახტიარ აბასოვი იყო. 2026 წლის თებერვალში ვაშინგტონში ალიევის დაცვის წარმომადგენლების მხრიდან მის და სხვა მოპროტესტეების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, როგორც თავად აღნიშნა, აშშ-ის დედაქალაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, მედიურიც.
აბასოვმა აფგან სადიგოვის საქმეზეც ისაუბრა და პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დააკისრა. აფგან სადიგოვამდე კი იყო აფგან მუხთარლის გატაცების გახმაურებული საქმეც.

მისი გამოსვლა საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკური რეალობების გადაკვეთას ეხებოდა — ორ ქვეყანას, სადაც ხელისუფლების კრიტიკა და პოლიტიკური წინააღმდეგობა სულ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვს. განსაკუთრებით ემოციური იყო მისი საუბარი საქართველოზე. აბასოვმა აღნიშნა, რომ დიდი სიხარულით ადევნებდა თვალს 28 ნოემბერს თბილისში მიმდინარე აქციას, რომ საქართველოს მოვლენებს იმედით უყურებს. მისი აზრით, თუ ქართველი ხალხი ავტოკრატიის დამარცხებას შეძლებს, ეს აზერბაიჯანის საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება. საქართველოს წარმატება შეიძლება იქცეს იმედის წყაროდ მათთვისაც, ვინც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლებისთვის იბრძვის. მან თანამებრძოლების სახელით ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინის გავლენისა და ავტოკრატიული რეპრესიების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას.