საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო, თურქეთის ელჩი საქართველოში მუსტაფა თურქერ არი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე „იქნა მიწვეული“.

ყოველ შემთხვევაში, ეს არის ტერმინი, რომელსაც საგარეო უწყება იყენებს და არა „ელჩის დაბარება“, რაც არის დიპლომატიური ზომა ძირითადად განმარტების მოსათხოვნად ან მასპინძელი სახელმწიფოს პროტესტის გამოსახატად.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა“, — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე „სათანადოდ შეაფასებს“ პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას.

მანამდე თურქეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია დაიბარეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც, CNN Türk-ის ცნობით, ანკარამ ინციდენტის ყველა გარემოების სრულყოფილად გამოძიება და თურქეთის მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება მოითხოვა.

ამასთან, თურქეთის შს და საგარეო საქმეთა მინისტრები დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს თბილისში და ქართული პოლიციის მიერ „არაპროპორციული ზომის“ გამოყენების გამო უსაყვედურეს.

26 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები და პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი.

შსს-მ განაცხადა, რომ დაშავდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირი მალევე გაათავისუფლეს.

  • სულხან თამაზაშვილი ცდილობს ახსნას, რატომ დაიჭირეს მზია ამაღლობელი და რატომ გაუშვეს “ბეშიქთაშის” ქომაგები