ახალი ამბები

სააკაშვილი ჩინეთის მოქალაქეებზე ქსენოფობიურ განცხადებას ავრცელებს

30 იანვარი, 2020 • 4437
სააკაშვილი ჩინეთის მოქალაქეებზე ქსენოფობიურ განცხადებას ავრცელებს

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალ კორონავირუსზე საუბრისას ქსენოფობიური განცხადება გააკეთა — საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალოს და განაცხადა, რომ „ჩინეთის არცერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს“.

სააკაშვილმა, რომელმაც „სასიკვდილო დაავადება“ უწოდა ახალ კორონავირუსს, ფეისბუკის გამოყენებით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვრით“, სანამ, მისი სიტყვებით, არსებობს „ეპიდემიის ასეთი საფრთხე“.

სააკაშვილის მოწოდება ეხებოდა არა პირდაპირ რეისების გაუქმებას ჩინეთთან/ვუჰანთან, — რაც ვირუსის გავრცელების თავდაპირველი არეალია, — არამედ ეხებოდა ზოგადად ჩინეთის მოქალაქეებისთვის — რომლებიც, შესაძლოა, არაერთ ქვეყანაში იმყოფებოდნენ — გადაადგილების შეზღუდვას.

ამ დროისთვის საქართველოს უკვე გაუქმებული აქვს პირდაპირი რეისები ჩინეთთან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთის მიმართულებით ფრენები, სულ მცირე, ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ანუ 2020 წლის მარტამდე შეწყდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 30 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა პრესკონფერენციაზე, ჩინეთთან საზღვარი თითქმის არცერთ ქვეყანას არ ჩაუკეტავს:

„ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას ჩინეთთან საზღვარი არ ჩაუკეტავს, გარდა ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთისა — შორეულ აღმოსავლეთის მხარეს, რომელიც ჩინეთს ესაზღვრება“.

„ამჟამად მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის დახურული სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც მსჯელობენ იმის შესახებ, გამოცხადდეს თუ არა დღევანდელი სიტუაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგოამრეობად გლობალურად. ის დღეს გამოცხადებულია მხოლოდ ჩინეთში. სხდომის შედეგები, სავარაუდოდ, გვიან ღამით გვეცოდინება“, – განაცხადა გამყრელიძემ.


ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოჩენილი ახალი ვირუსის გავრცელების შემდეგ მედიაში საუბრობენ გაძლიერებულ ქსენოფობიასა და რასიზმზე აზიური წარმოშობის ადამიანების მიმართ. როგორც BBC წერს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებშიც.

როგორც გამოცემა იუწყება, ისინი საუბრობენ უარყოფით დამოკიდებულებაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სოციალურ ქსელებში, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში დაიწყეს ახალი ჰეშთეგის – JeNeSuisPasUnVirus – „მე არ ვარ ვირუსი“ — გამოყენება, რითაც ქსენოფობიურ დამოკიდებულებებს ებრძვიან.


2018 წელს მიხეილ სააკაშვილმა ბანგლადეშელი და ინდუსი ტურისტების მიმართ გამოიყენა სიტყვა „ჯღანი“, რასაც ქართულ ენაში უარყოფითი შინაარსი აქვს.

მოგვიანებით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მისი ეს ნათქვამი „ქსენოფობიური ხასიათის სიძულვილის ენად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს „ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას და, საბოლოო ჯამში, ახდენს სიძულვილის კულტივირებას“.

ნახეთ ასევე:

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი