ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

20 იანვარი, 2020 • 6666
რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს კი დაავადების სიმპტომებზე ამოწმებენ. რამდენად საშიშია აღნიშნული ვირუსი და არის თუ არა საქართველო მზად პოტენციური საფრთხისთვის?

“ჩვენთან შემოტანის რისკი ძალია მინიმალურია, მხოლოდ თეორიული”, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განმარტებით, ვირუსის საქართველოში ჩამოტანის რისკებს ამცირებს ის ფაქტი, რომ ჰუბეის პროვინციიდან პირადპირი ფრენები საქართველოში არ არის. თუმცა კვირაში ორჯერ სრულდება რეისები დედაქალაქ პეკინის მიმართულებით.

“ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით, რომელიც მოგვაწოდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვაქვს შიდა,  კონცეპტუალურად შეთანხმებული პრინციპები გეგმისა, რომელზედაც ვმუშაობთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის იმპორტირების არც თეორიული და არც პრაქტიკული საფრთხე არ არსებობს”, – განმარტა გამყრელიძემ.

ახალი ვირუსის შედეგად, რომელიც ფილტვების მძიმე დაავადებებს იწვევს, ჩინეთში ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი 18-19 იანვარს სამჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტელეარხის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების ძირითადი კერა ჩინეთის ქალაქი ვუჰანია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსი ქვეყნის სხვა  ქალაქებშიც გავრცელდა.

BBC-ს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, უშუალოდ ვუჰანში დაფიქსირდა 136 ახალი შემთხვევა, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში- 2, ხოლო შენჟენში- 1 შემთხვევა. საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს აღწევს, 3 ადამიანი კი გარდაცვლილია.

ჯანდაცვის წარმომადგენლების განმარტებით, ვირუსი პირველად ვუჰანში დეკემბერში დაფიქსირდა და გამოიწვია ვირუსული პნევმონია, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია ვირუსის შესახებ ბოლომდე არ არის გარკვეული. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები ამ დრომდე იკვლევენ, თუ რა გახდა ვირუსის გავრცელების ძირითადი წყარო.

რაც შეეხება ქვეყნის გარეთ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს, დღეს, 20 იანვარს სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში ვირუსის გავრცელების თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის გენეტიკური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ვირუსი თავისი შინაარსით ყველაზე ახლოს არის ვირუს SARS-თან, რომელმაც 2000 წლების დასაწყისში 774 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რა ვიცით ვირუსის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად,  2019-nCov სახელწოდების ვირუსი აქამდე არ გამოვლენილა ადამიანებში.

  • აღნიშნული ვირუსი არის კონორავირუსების ოჯახის მეშვიდე წარმომადგენელი;
    მანამდე მსოფლიოში გავრცელებული იყო მხოლოდ 6 სახეობა, რომლითაც ადამიანები ავადდებოდნენ;
  • მეცნიერების აზრით, ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო, დიდი ალბათობით, ცხოველია, თუმცა დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტებიც;
  • ინფექცია ვლინდება რესპირატორული სიმპტომების სახით, ცხლებით, ხველით, ქოშინით და სუნთქვის გაძნელებით;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის პრევენციის მიზნით უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან “დაუცველ” კონტაქტს, ხორცისა და კვერცხის მომზადებისას ყურადღება მივაქციოთ, რომ ორივე მათგანი კარგად იყოს მომზადებული და მოვერიდოთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც გაციების ან გრიპის სიმპტომები აღენიშნება.

ვინ დაინფიცირდა

ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ვუჰანში, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შაბათ-კვირას დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა, მანამდე კი ქალაქში მხოლოდ 62 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

კვირა საღამოს მონაცემებით, კი ვუჰანის საავადმყოფოებში 170 ინფიცირებული ადამიანი იყო მოთავსებული, მათ შორის 9- კრიტიკულ მდგომარეობაში.

ჩინეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ვუჰანიდან პეკინში ჩასულ ორ ადამიანს პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობენ, პნევმონია კი ახალ ვირუსთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ ვირუსზე მკურნალობს 66 წლის მამაკაცი ქალაქ შენჟენში, რომელიც ინფიცირებამდე საკუთარი ნათესავებს ქალაქ ვუჰანში სტუმრობდა.

გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების 4 შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთს გარეთ, ოთხივე მათგანს ჰქონდა შეხება ადამიანებთან ქალაქ ვუჰანიდან ან თავად ესტუმრნენ ქალაქს.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, კორეაში მყოფ 35 წლის ჩინელ ქალს აწუხებს მძიმე გაციება და რესპირატორული პრობლემები ვუჰანში მოგზაურობის შემდეგ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ამჟამად მოგზაურობისას და ვაჭრობისას აკრძალვების დაწესება არ არის რეკომენდირებული, თუმცა ორგანიზაცია აწვდის გაიდლაინებს იმ ქვეყნებს, სადაც ვირუსის გავრცელების მეტი შანსია.

სინგაპურის, ჰონგ კონგის და ტოკიოს აეროპორტებში ამოწმებენ მგზავრებს ვუჰანიდან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე გაატარა იგივე ღონისძიებები სამ მთავარ – სან ფრანცისკოს, ლოს ანჯელესის და ნიუ იორკის აეროპორტებში.

ტვიტერზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია ვუჰანის აეროპორტში, ერთ-ერთ თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ამოწმებენ მგზავრებს ახალი ვირუსის სიმპტომებზე.

რას ამბობენ ჩინეთის მაღალჩინოსნები

ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიამ, გუშინ, 19 იანავრს გამოაცხადა, რომ ვირუსი ჯერ კიდევ პრევენცირებადი და კონტროლირებადია. მათი განმარტებით, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა ვირუსის ერთი ადამიანიდან მეორეზე გავრცელების შემთხვევა.

თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ახლო კონტაქტის შედეგად დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები.

მასალების გადაბეჭდვის წესი